საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგება. მოსწავლეები სკოლას დაუბრუნდებიან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, სადაც შეზღუდვა დღემდე მოქმედებს.
დაჩქარდა სხვა შეზღუდვების მოხსნაც.
8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები - როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და რუსთავში.
8 თებერვლიდან ამოქმედდება ბაზრობებიც.
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნებიც ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.
ამ ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. როგორც პრემიერი განმარტავს, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უნდა გამკაცრდეს რეგულაციების დაცვაც.
“შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შემდგომი შეზღუდვების შემსუბუქება იქნება 15 თებერვლის შემდგომ. ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება 1 კვირის თავზე. შემდგომ მთავრობის სხდომაზე შევძლებთ ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას, არამხოლოდ თითოეული მოქალაქის, ბიზნესის, კონკრეტული მოქალაქეების, ყველა სახის ორგანიზაციის.
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვის გამკაცრებაზე უნდა ვიზრუნოთ",-აცხადებს გახარია.