მზრუნველობა შვილების მიმართ ბუნებრივი და ყოვლად აუცილებელი ქმედებაა მშობლების მხრიდან, თუმცა რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გადამეტებულმა მზრუნველობამ, როდესაც საქმე ზრდასრულ ადამიანს ეხება - ამ თემაზე ერთ-ერთი მკითხველის წერილს გიზიარებთ:
"8 წელია მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე ერთმანეთს ვიცნობთ, უკვე 5 თვეა, რაც ოჯახი შევქმენით.
მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ერთად ვგეგმავდით, სამსახური, ახალი ბინა.
ჩემი მეგობრების გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, კარგად ვიცნობდი ჩემი ქმრის მშობლებს მაინც, რა თქმა უნდა, ცალკე მერჩივნა ცხოვრება.
ერთიანად შევაგროვეთ თანხა მე და ჩემმა მეუღლემ და ვიყიდეთ ბინა.
შეყვარეულობის პერიოდში ჩემი სადედამთილო თვითონ იჩენდა ინიციატივას, მიგზავნიდა საჩუქრებს, მეპატიჟებოდა თავისთან, რაც ძალიან მსიამოვნებდა და მიხაროდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით ნამდვილად გამიმართლა და ვერასოდეს წარმოვიდგენდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი უთანხმოების მიზეზი მომავალში, მით უფრო მაშინ, როცა ცალ-ცალკე ვაპირებდით ცხოვრებას.
ქორწილები, ცერემონიები ისედაც არ მიყვარს და ამიტომ ვიწრო წრეში ჩაიარა ჩვენმა შეუღლების დღის აღნიშვნამ, თაფლობის თვეში წასვლაც სამომავლოდ გადავდეთ და დაიწყო ჩვენი თანაცხოვრების დღეებიც.
პირველი 2 კვირა მხოლოდ ზარებით შემოიფარგლებოდა ჩემი დედამთილი, "აბა ისევ გძინავთ?" "რას აკეთებთ"? "რა ჭამეთ?" "რა დალიეთ ?"... ცოტა არ იყოს უკვე მაღიზიანებდა. საღამოს ტელეფონის ხმას ვთიშავდი და ვიძინებდით.
ცოტახანი გასტანა ჩემმა დედამთილის მოთმინებამ და ზარებიდან ახლა ყოველდღიურ სტუმრობაზე გადავიდა, საუზმით ხელში.
უმადურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემს ადგილას მერწმუნეთ ყველა ქალისთვის გააღიზინებელია, როდესაც შენი 35 წლის ქმრისთვის დედას მოაქვს კარაქიანი პურები და ცხელი ჩაი.
ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელია. ეს რას ნიშნავს, რომ მე თვითონ არ შემიძლია ჩემს ქმარს საუზმე მოვუმზადო?! მართლა არ მესმის, რა საჭიროა შვილზე ასეთი გადამეტებული მზრუნველობა, კნუტია თუ კაცი?!
ჩემს მეუღლეს რომ შევჩივლე მიპასუხა, ყველაფერს გაზვიადებულად ნუ უყურებ. მოსწონს ჩვენზე რომ ზრუნავს და ნუ შეუშლი ხელსო.
არადა რომ დასხდებიან და დილით ჩაის რიტუალი აქვთ, ისე მეშლება ნერვები, ვცდილობ თავი შევიკავო, მაგრამ სახეზე ყველაფერი მაწერია. ვდგები და სხვა ოთახში გავდივარ.
ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი "ნაქები" დედამთილი ბინაში
ჩამისახლდა.
თავს სრულიად ზედმეტად და უსარგებლოდ ვგრძნობ.
რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი იყო ჩემთან და შემომჩივლა, ჩემი ქმარი რეგიონში მიდის რამდენიმე დღე და სახლში მარტო დარჩენის შიში მაქვსო, ამას მოჰკრა ყური და ეს დღეებია შემომიჩნდა დედიკო ხომ არ დარჩები მარისთან, მეცოდება, გოგიტას დარდი არ გქონდეს, მე აქ ვიქნებიო.
ზოგჯერ მგონია, რომ თავის შვილზე ეჭვიანობს , ალბათ ფიქრობს რომ "კუთვნილება" გამოვგლიჯე ხელიდან, ჩემში მეტოქეს ხედავს ამას ვგრძნობ.
ბავშვის გაჩენას არ ვჩქარობთ, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ასეთი ფსიქიკით და ნერვებით მგონი საერთოდ გადავიფიქრო შვილის ყოლა. ბავშვის დაბადების შემდეგ უკანასკნელი იმედის ნაპერწკალიც ჩამიქრება ალბათ, რომ ოდესმე დაგვანებებს თავს და მარტო დაგვტოვებს.
ჩემი ქმარი ვერც კი ხვდება, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ურთიერთობას ამ ყოფამ. მშვენივრად იფერებს დედის ჰიპერმზრუნველობას. ერთია, რომ საძინებელში არ გვივარდება ჯერჯეობით, თუმცა ჩემს ქმარს არც ამაზე ექნება რეაქცია, დარწმუნებული ვარ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემს ნერვებს ცდის, სადამდე მეყოფა ზრდილობა და მოთმინება, ამოწმებს.
სხვა ალბათ ჩემს ადგილას სკანდალს და სცენებს გამართავდა, თუმცა მე არ აღმოვჩნდი საკმარისად ძლიერი როგორც ჩანს."
ელენე, 31 წლის