ფონიჭალაში 11 წლის გოგოსა და სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭის "ნიშნობა" გაიმართა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
"მიმდინარე წლის 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, 11 წლის არასრულწლოვანი გოგონას შესაძლო ნიშნობის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გუნელ მოვლუდმა გაავრცელა. როგორც ის წერს, ფოტოზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების, აზერბაიჯანული ეროვნების 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა". ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია "ხელის თხოვნისთვის" დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები.
"ეს არანაირი ტრადიცია არ არის. ადრეული ქორწინება აზერბაიჯანშიც დანაშაულია, ისევე, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს, საქართველოში შესაბამისი ინსტანციები გააკონტროლებენ ამ და სხვა მსგავს საქმეებს", - წერს აქტივისტი.
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა ამ ნიშნობასთან დაკავშირებით.
"11 წლისაა, მაგრამ როგორ უხარია. რატომ უხარიათ გათხოვება 13-14-15 წლის გოგონებს?
მათ ჰგონიათ, რომ ეს კარგი რამეა. ფიქრობენ, რომ ყველა დაქორწინებულის ცხოვრება შედგება ასეთი ზეიმისგან, წვეულებისგან, მუსიკისგან. თვალს რომ გაახელენ, იქედან ისმენენ, რომ ყველაზე დიდი წარმატება ქორწინებაა, დიდ ბედნიერებად მიაჩნიათ. შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად უყიდეს ახალ ტანსაცმელი. შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად მისი მშობლები ტკბილი ენით ელაპარაკებიან. შესაძლოა, პირველად ცხოვრებაში, გათენების შემდეგ მიწასთან და პირუტყვთან არ უნდა ჰქონდეს საქმე.
მას ჰგონია, რომ სულ ყურადღების ცენტრში იქნება, ძვირფასია, მოუვლიან.
არ იცის, რომ ემუქრება გაუპატიურება, მძიმე შრომა, ნაადრევი მშობიარობა, ათასგვარი დაავადება, რომელმაც შეიძლება შეიწიროს, არ იცის, რა ტვირთი ელოდება, ამიტომ ბედნიერია ამის გამო" - წერს გუნელ მოვლუდი.