პაატა ჭონიაშვილს, იგივე პატრიკს ძალიან ბევრი ადამიანი "მასტერშეფიდან" იცნობს. ხალხს თავი მხიარული გამონათქვამებითა და ორიგინალური ვიზუალით დაამახსოვრა. თუმცა, ცოტა ხნის წინ სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინდა. საკუთარ დიაგნოზსა და ახლანდელ მდგომარეობაზე გადაცემაში "სიკეთე მარტივია" საუბრობს:
- ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, არავის წარმოედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა, მე ცუდად ვყოფილიყავი. არ მიყვარს საკუთარი პრობლემებისა და განცდების სხვებზე გადატანა. ჩემი აზრით, ადამიანები იმიტომ ვურთიერთობთ, რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ და გავამხიარულოთ. ფვიქრობ, ესაა ჩემი მისია მეგობრებთან, ნაცნობებთან და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემს დიაგნოზს. ძალიან შემთხვევით მოხდა. გავიღვიძე და ბალიში სულ წითელი დამხვდა. ეს იყო ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ. ტკივილი არ მქონია, ერთადერთი დილით რომ ვიღვიძებდი, ყურიდან მქონდა ხოლმე გამონადენი. 2-3 კვირა არავისთან მითქვამს. მეგონა, რომ თავისით გაქრებოდა. 2-3 კვირის შემდეგ როცა მივხვდი, რომ ყურში სმენა აღარ მქონდა, ცოტა შემეშინდა. სმენა ნაწილ-ნაწილ გამიქრა. დედაჩემს ვუთხარი. ზედაპირული კვლევა ჩავიტარე და თურმე ანთება იყო და შიგნით არაფერი გამოჩნდა. გამომიწერეს ანტიბიოტიკები, რომ ეს ანთება ჩამქრალიყო და შიგნით ენახათ, რა ხდებოდა. ვერც ერთმა ექიმმა ვერ გაიგო და შოთა ჯაფარიძესთან წავედით. როცა ნახა, მითხრა, რომ ეს იყო სიმსივნე და ოპერაცია ძალიან სწრაფად უნდა გაკეთებულიყო. ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მე არ მომვკვდარიყავი და არა იმისთვის, რომ სმენა აღმდგენოდა. პრობლემა იყო ის, რომ ექიმები არ იყვნენ, ვინც ამ ოპერაციას გააკეთებდა. როგორც ვიცი, ეს დაავადება მილიონში ერთ ადამიანს ემართება და საქართველოში მე მგონი არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა. 15 მაისს უნდა გამეკეთებინა, ერთ-ერთ კლინიკაში. დღემდე მახსოვს დედაჩემისა და მამიდაჩემის სახეები, კედელს რომ მიეყუდნენ. როცა უკვე მანქანაში ჩავსხედით და სახლში წამოვედით, რაღაცებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ბოლოჯერ ვხედავდი. ეს არავისთვის მითქვამს და არც არავისთან მომიყოლია. დედაჩემი ძალიან განიცდიდა. ამ დროს რთულია შეიკავო ემოცია, მით უმეტეს, როცა საქმე შვილს ეხება. ვიცოდით, რომ სიმსივნური წანაზარდი იყო და ისიც არ ვიცოდით, რა იყო. ახლა ვიცით, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წანაზარდი და 80% შანსი არსებობს, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ გაიზრდება. თუ გაიზრდება, ისევ უნდა გავიკეთო ოპერაცია. ახლა საბედნიეროდ, ყურში იმპლანტის ჩაყენება მოხერხდა".