განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 15 თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს. თუმცა, ამავდროულად მშობლებს აქვთ არჩევანის უფლება, დატოვონო შვილები დისტანციურ სწავლებაზე თუ თვლიან, რომ ამ ეტაპზე ბავშვის სკოლაში გაშვება საფრთხის მომტანია. ჩვენ რამდენიმე ცნობილ დედას ვკითხეთ, აპირებენ თუ არა შვილის სკოლაში გაშვებას.
გვანცა დარასელია:
- კი, ვაპირებ გავუშვა სკოლაში. წინა ლოქდაუნის შემდეგ, 2-3 კვირა რომ გაიხსნა სკოლები, მაშინაც დამყავდა და ახლაც ვიმედოვნებ, რომ რეგულაციები და უსაფრთხოების წესები იქნება დაცული.
- ერეკლე კერძო სკოლაში დადის, თუ საჯაროში?
- კერძო სკოლაში. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ კლასში სულ 6 ბავშვია, ამიტომ დისტანციის დაცვა და ზოგადი რეგულაციების გათვალისწინება უადვილდებათ. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ უცხო ენის გაკვეთილზე აღარ ხდება კლასების შერევა. ზოგადად, კლასი იყოფოდა ამ გაკვეთილზე და შესაბამისი ცოდნის პარალელურ კლასელებს უერთდებოდნენ, ეს წესი გაუქმდა, ყველა რჩება თავის კლასში. ისეთი აქტივობები, რომელიც ითვალისწინებდა საზიარო ნივთების მოხმარებას, ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგალითად, ჭადრაკის წრე დაიხურა. მასწავლებლებიც და მშობლებიც ვცდილობთ, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური მოხმარების საგნები, მაგალითად, მარკერი, დაფასთან გასვლისას, თავისი მარკერით რომ ისარგებლოს. როცა კარგი ამინდია, 1-2 გაკვეთილს გარეთ უტარებენ, ჩვენს სკოლას დიდი ტერიტორია აქვს და შესაბამისად იმის საშუალება არის, რომ გადაანაწილონ მოსწავლეები სხვადასხვა სივრცეში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. სასადილოშიც დაცულია წესები, სხვადასხვა დროს ჩაჰყავთ მოსწავლეები.
- სკოლის ტრანსპორტით სარგებლობთ?
- არა ჩვენ დაგვყავს, ვინაიდან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ.
- ონლაინსწავლებას როგორ შეაფასებ, რამდენად მოერგო ერკელე ამ მეთოდს?
- ზოგადად, ნორმალურად შევაფასებდი ამ პროცესს. ეს იმდენად ახალი მეთოდია განათლების სისტემისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, რომ ამის გათვალისწინებით ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრს მუშაობენ მასწავლებლები, იმისთვის რომ გაკვეთილზე ბავშვებმა არ დაკარგონ მოტივაცია, შეუძლებელია, ეს არ დავუფასო. ზოგადად თუ განვიხილავთ ამ პროცესს, მოსწავლის მოტივაცია დისტანციური სწავლის რეჟიმში მაინც არ არის მაღალი და ამასთან, ძალიან გაგვეზარდა ეკრანთან გატარებული დრო.
თამუნა მუსერიძე:
- არ ვიცი, ვერ გადავწყვიტე, გავუშვებ თუ არა, ალბათ არა. ვერ წარმომიდგენია, ბავშვი 4 საათი პირბადით როგორ უნდა იყოს. კი გახსნეს სკოლები, მაგრამ ისეთი რეგულაციები მოიგონეს, რა აზრი აქვს ასეთ გახსნას, ვერ ვიგებ.
- პირბადით ძალიან რთულია 4 საათის განმავლობაში ყოფნა, მაგრამ პირბადე ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო და აუცილებელია...
- მესმის ყველაფერი, მაგრამ ბავშვები ძალიან ცოდოები არიან, მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაძლონ. თან ცოტა გაუგებარია ბავშვების ასე დაყოფა, რომ მეხუთე კლასიდან სავალდებულოა პირბადის ტარება და დაბალი კლასებისთვის არა, მეხუთე კლასამდე ბავშვებს არ ხვდებათ კორონა, თუ რა ხდება? ამიხსნის ვინმე, რატომ უნდა ეკეთოს მეექვსე კლასის მოსწავლეს პირბადე და მეოთხე კლასისას - არა?
- ბავშვი საჯარო სკოლაში დადის, ხომ? გაქვს ინფორმაცია, რა ზომები მიიღო კონკრეტულად თქვენმა სკოლამ მოსწავლეების უსაფრთხოებისათვის?
- კი, გადავიყვანე საჯაროში. ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში, რადგან აღარ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, არიან დემოტივირებულები, ინერტულები. სიმართლე გითხრა, გარდა პირბადისა, რა წესები უნდა დაიცვან ბავშვებმა, კარგად ვერ გავიგე. ზოგი წერს, რომ დასვენებებზე ბავშვები ვერ გამოვლენ დერეფანში და იქნებიან კლასში. გაურკვევლობაში ვარ, ბავშვი 4 საათით იყოს პირბადით და კლასიდან არ გავიდეს, ხომ გადადგა ჭკუიდან?! რა აზრი აქვს ასე სწავლის დაწყებას?! ამიტომ ვფიქრობ არ გავუშვებ.
მანიკა ასათიანი:
- კი, ვაპირებ, რადგან ჩვენს სკოლაში წესებს ზედმიწევნით კარგად იცავენ. ოქტომბერში რომ გაიხსნა სკოლები რამდენიმე კვირით, მაშინაც დადიოდა გიო. ყველაფერი კონტროლდებოდა, რეკომენდაციები სრულდებოდა და ამის გათვალისწინებით ახლაც ვფიქრობ, უნდა წავიდეს სკოლაში. ძალიან სჭირდებათ ბავშვებს ცოცხალი ურთიერთობები. თან, მე გადატანილი მაქვს კოვიდი, ვიცი რაც არის, საკუთარ თავზე გამოვცადე.
- გიო კერძო სკოლაში დადის?
- კი, კერძო სკოლაში დადის. ჩვენ სკოლის ტრანსპორტსაც ვიყენებთ, ამ მხრივაც მშვიდად ვარ, ტრანსპორტში ბავშვები პირბადით იქნებიან, სკოლის ტერიტორიაზე კი არ მოუწევს პირბადის ტარება, რადგან გავრცელებული რეკომენდაციით პირბადის ტარება სავალდებულოა მეხუთე და ზედა კლასების ბავშვებისათვის.
- რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, რამდენად კმაყოფილი ხარ ამ მეთოდით და ბავშვი როგორ შეეგუა?
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ონლაინის გამო ჩემმა შვილმა რამე ვერ ისწავლა და ამ მხრივ ჩამორჩენა აქვს. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს პროცესი პროდუქტიული და შედეგიანი ყოფილიყო, ჩამორჩენა კი არა, პროგრამას უსწრებენ კიდეც. გაკვეთილზე დასწრებაც არ წარმოადგენდა პრობლემას გიოსთვის, მეცადინეობითაც კარგად მეცადინეობს და წიგნებსაც კითხულობს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ონლაინსწავლებამ უკან დახია რამეში. მაგრამ, სწავლის გარდა ამ ასაკის ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, მეგობრებთან შეხვედრა. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი მაინც სხვაა, თუნდაც ემოციურ დონეზე. ამიტომაც ვუშვებ სკოლაში, რომ უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და უნდა ჰქონდეს ცოცხალი ურთიერთობები, რაც ასე აკლიათ ბავშვებს.
ციცი ომანიძე