როგორც დასავლური პრესა იუწყება, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 14 წლის ქალიშვილმა შაილომ თავისი ყველა პროფილიდან სოციალურ ქსელში წაშალა მამის გვარი და მხოლოდ დედის გვარი დაიტოვა.
როგორც ამბობენ, მისი საქციელი ძლიერი დარტყმა იყო პიტისთვის, რადგან შაილოსთან მას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მოზარდს ანჯელინა ჯოლი "დაეხმარა" - წყვილის განქორწინების პროცესი ჯერაც გრძელდება, ამჟამად ბავშვებზე მეურვეობის საკითხები წყდება და ენჯი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო პროცესი მოიგოს.
არადა, ბრედ პიტის თქმით, ის სწორედ თავისი შვილებისთვის ცხოვრობს და ისინი არიან მთავარი მის ცხოვრებაში. თუმცა უფროს ვაჟთანაც კონფლიქტი აქვს. მედოქსს პიტი 2016 წელს წაეჩხუბა, როცა ბავშვმა დედის მხარე დაიჭირა მშობლების დავისას. პიტი რამდენჯერმე ეცადა კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა მედოქსი მასთან აღარ ურთიერთობს.
პიტს სურს, ბავშვებზე მეურვეობის უფლება მასაც ჰქონდეს, თუმცა ეს ენჯის არ უნდა - მას სრული კონტროლი სურს შვილებზე. ბრედი ახლა ბავშვებს მხოლოდ უქმეებზე ხედავს.
შეგახსენებთ, თანაცხოვრების პერიოდში წყვილმა სამი ბავშვი იშვილა და სამიც თავად ეყოლათ.