ახალგაზრდა დედამ კესო ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" ჯგუფ "სასოწარკვეთილ მომხმარებლებში" ძიძებთან დაკავშირებით პოსტი დაწერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი წერდა, რომ ძიძების სააგენტომ შვილის მომვლელად გაუგზავნა ქალი, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ბურჭულაძის პოსტზე უამრავმა მშობელმა დაწერა თავისი უარყოფითი გამოცდილების შესახებ:
"ერთ-ერთი ჩემი ძიძა გავუშვი, ვერ უვლიდა ბავშვს და დიდი ბოდიშებით ვუშვებდი თან არ ეწყინოსთქო. რაც ეგ ავიყვანე, იმდენად უარყოფითი რაღაცეები გამოაჩინა, ფინანსურად დავზარალდი გაცდენების გამო და ფსიქოლოგიურადაც და მაინც ზრდილობიანად ვუშვებდი. მოსვლის დღიდანვე შევატყვე რაღაც და ვერ ვანდე ბავშვი, მეც სახლში ვიჯექი. გამლანძღა, გამთათხა, თავის შვილს დამალაპარაკა, რომელიც მირჩევდა საქმეს. გავუყარე ნივთები ლიფტთან, ისე გამომიყვანა წყობიდან და ლიფტიდან უცებ სახლში შევარდა, ჩაის ამოჩემებული ჭიქიდან სვამდა, გამოიტანა და ჩაიგდო ჩანთაში, მრჩებოდაო"
"სააგენტომ 45 წლის ქალი გამომიგზავნა, მუსიკის მასწავლებელი, ბაღში ნამუშევარი. სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა, გავიხარე - ღიღინ-ღიღინში იქნება ბავშვებთან-თქო. ერთხელ მთხოვა, ჩანთა მომაწოდეო და კინაღამ ხელი მოვიტეხე, ისეთი მძიმე იყო. გავვოცდი: რა დაგაქვს ასეთი მძიმე, როგორ დადიხართქო. წატრაბახება მოუნდა და ამომილაგა: დუბინკა, კასტეტი... მეტი აღარ მახსოვს, ისე ცუდად გავხდი. ვაიმე ვისთან ვტოვებდი შვილებს? ხომ არაფერი დაუშავა? როგორ გავუშვა, რომ არ ვაწყენინო და რამე არ დაგვიშავოსთქო? მეორე დღეს თვითნ გამომიცხადა, თურქეთში მივდივარო და აღარ მოსულა."
ერთ-ერთმა მშობელმა სათვალთვალო კამერის დაყენების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ძიძა ბავშვს საჭმელზე უარის გამო სცემდა
ახალგაზრდა დედას კესო ბურჭულაძეს, რომელმაც საკუთარ პოსტში ძიძების და არაკეთილსინდისიერი სააგენტოების პრობლემებზე ისაუბრა, AMBEBI.GE სასაუბროდ დაუკავშირდა:
- ჩემი 8 წლის შვილისთვის სააგენტომ გამომიგზავნა ქალბატონი, რომელიც როგორც თავად მითხრეს, ჩემს მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა. თავიდან მართლაც მოვიხიბლე მისით - შესანიშნავი გარეგნობის და მანერების ქალბატონი იყო, ძალიან კარგი მეტყველება ჰქონდა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი შეგვინიშნავს. მეც სახლში ვიყავი და მუდამ თვალ-ყურს ვადევნებდი.
ერთი კვირის შემდეგ, უცნაური ქცევები დაიწყო. ამბობდა, რომ კარადაში იყო წითელი ყუთი, სადაც პეპლები იყვნენ გამომწყვდეული, მათ ფრთებზე იესოს წერილი ეწერათ და მისი წაკითხვა უნდოდა
თავიდან ხუმრობად აღვიქვით, მაგრამ სულ უფრო რთულდებოდა სიტუაცია... მუდმივად წერდა წერილებს, შემდეგ აბაზანაში წვავდა მათ და ფერფლს ინახავდა. მოკლედ, ქალს აშკარად ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რაც საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდა. ვთხოვდით, წასულიყო ჩვენი სახლიდან, მაგრამ არ მიდიოდა. ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა გავუშვით, მაგრამ ახლა მთელი ოჯახი სტრესში ვართ...
დავუკავშირდი სააგენტოს და პასუხი მოვთხოვე. ბოდიშები მიხადეს, მაგრამ თანხა უკან არ დაუბრუნებიათ. მითხრეს, რადგან სასწრაფოდ გჭირდებოდათ, ბევრი დრო არ გვქონდა და ახალი კადრი გამოგიგზავნეთო. არადა, თურმე ასე ასაქმებდნენ ამ ქალს 4 წლის განმავლობაში! ერთი თვე აჩერებდა ოჯახი, მერე უშვებდა და სააგენტო თანხის 50%-ს იღებდა! მაინტერესებს, რომ ასაქმებენ ადამიანს და ხელფასის 50% მიაქვთ, რაში იღებენ ამ თანხას? რატომ არ არიან ვალდებულები გაადამზადონ კადრები, ან გასაუბრებაზე იჯდეს ფსიქოლოგი, რომელიც გაესაუბრება და შემდეგ გადაწვეტს გაუშვას თუ არა ბავშვთან სამუშაოდ? ჩვენი შვილების ხარჯზე ბიზნესი აქვთ აწყობილი" - ამბობს კესო ბურჭულაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ნეიროფსიქოლოგის რჩევა მშობლებს
ზოგადად, რამდენად სასურველია მომვლელის ჩართვა ბავშვის აღზრდის პროცესში და საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა შევარჩიოთ ძიძა - ამ საკითხებზე AMBEBI.GE-სთან ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს.
სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება კატეგორიულად დაუშვებელია.
"პატარა ბავშვი გარემოსთან დედის საშუალებით ურთიერთობს და ის მიჯაჭვული უნდა იყოს დედასთან, ვისთანაც იქნება ბავშვი, მასთან ექნება მიჯაჭვულობა. თუ ჩვენ ბავშვს ჩავაბარებთ ძიძას, ან ბებიას, მასზე იქნება მიჯაჭვულობა და ჩვენ მერე არ უნდა დაგვწყდეს გული, რომ ბავშვს დედასთან კი არ აქვს ეს ძლიერი კავშირი, არამედ იმასთან, ვინც მასთან დიდ დროს ატარებს. ბავშვს სჭირდება ერთი პერსონა, ვისაც ის მიეჯაჭვება. რატომ? ის ასწავლის მას, როგორ გამოხატოს ემოცია, როგორ გაიგოს სხვისი ემოცია, უსაფრთხოდ იყოს და ენდობოდეს მას. შემდეგ ასეთ ბავშვს რომ დატოვებ სხვასთან რამდენიმე საათით, არ ექნება შფოთვა, არ ექნება გაღიზიანება.
ზოგადად, ბავშვისთვის როდესაც მშობელი ხელმისაწვდომი არ არის, ეს მას დიდ დარტყმას აყენებს. აუცილებელია ბავშთან იურთიერთოს მშობელმა, რადგან ეს დიდ როლს თამაშობს ბავშვის ემოციური რეგულირების ჩამოყალიბებაში, რაც არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმთავრესი.
რაც შეეხება ძიძის შერჩევის რეკომენდაციებს, პირველი, რასაც მშობელი კითხულობს არის ის, როგორ ზრუნავს ეს ძიძა ბავშვზე, იცის თუ არა მისი მოვლა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია კიდევ ერთი საკითხი - როგორ იცის ძიძამ განვითარების სტიმულირება. ამას სამწუხაროდ, ყურადღებას არ აქცევენ.
ძიძის შერჩევისას ყველაზე მთავარია რეკომენდაციები. მშობელმა მინიმუმ ორი რეკომედაცია უნდა მოსთხოვოს ძიძას იმ ოჯახებიდან, სადაც მას უმუშავია და თან ესაუბროს ამ ოჯახებს. ასევე, უნდა დავაკვირდეთ, როგორ საუბრობს ადამიანი, რა ღირებულებები აქვს, როგორ აცვია, როგორი გამომეტყველება აქვს. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. აქაც შეიძლება შეცდე. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში უფრო სანდო მაინც, რეალური რეკომენდაციებია" - ეუბნება ambebi.ge -ს მანანა გაგოშიძე.
იმის ამოცნობა, რომ ბავშვი ძიძასთან ცუდად გრძნობს თავს, რამდენიმე მეთოდით შეიძლება:
ბავშვი საუბარში აუცილებლად იტყვის, რომ ძიძასთან სახლში მარტო დარჩენა არ სურს ბავშვის ქცევა განსხვავებული ხდება - ერღვევა ძილი, ღამით კოშმარები აღვიძებს, ან ჩვეულებრივ დამოუკიდებელი ბავშვი, მშობელს ეჯაჭვება, აქაც შეიძლება ეჭვი შეიტანოთ ძიძს ქცევაში აქტიური ბავშვებისთვის მცირე კოპები და პატარა ნაკაწრები ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა თუ ინციდენტები ყოველდღიურად ხდება, ე.ი ძიძა ბავშვის მიმართ უყურადღებოა, ან უარესი - ფიზიკურად ეხება მოზარდს წაიკითხეთ სრულად