ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედის თქმით, მან შვილზე ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა.
ქალი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.
"ტვ 25"-თან საუბარში მეზობლებმაც ისაუბრეს, რომ ბავშვზე ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახში გაიგეს, რომ გოგონა გაუპატიურებული იყო, ბავშვს სახლში სცემდნენ.
"ბაბუას არასოდეს გაულახია, მაგრამ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში რომ მოხვდა (გულისხმობს გაუპატიურებას), სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა, სულ წიხლქვეშ აგორეს - რატომ გააკეთე ასეთი რამე, რატომ გაგვაპაზორეო. ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან და მერე წაიყვანეს პოლიციაში. მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი არ თქვა ჩვენზე, მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ" - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.