როგორც ცნობილია, ყველასთვის საყვარელ და ბევრისთვის ბავშვობის მოგონებების ტკბილ ნაწილად ქცეულ "ბასტი ბუბუს" 2020 წელს საფრთხე შეექმნა - შენობის გარეშე დარჩა. რამდენიმე თვის წინ პეტიციაც კი შეადგინეს სტუდიისთვის ფართის გადასაცემად, რომელსაც 10 ათსზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. რა ხდება დღეს და რა მომავალი აქვს მრავალი თაობის ბავშვების საყვარლ სტუდიას, გვიამბობს "ბასტი ბუბუს" პროდიუსერი თამარ სხვიტარიძე.
ჩვენ არ მოგვეწონა სოციალიზმი და დავანგრიეთ ის.
ჩვენ დავიბრუნეთ ღმერთის რწმენა.
ჩვენ შევცვალეთ სახელმწიფო წყობა.
და აი, 1990 წელს, ისეთ ტელევიზიაში, სადაც მანანა დეიდა, ფისო და ყურშა უყვებოდნენ ზღაპრებს საღამოობით ბავშვებს, პირველი არხის "ძილისპირულის" რედაქციაში მივედი რედაქტორად. ჩემი შვილი ნინცა მაშინ 5 წლის იყო და სწორედ მისთვის მინდოდა რაღაც ახალი, საინტერესო. ამონაშვილების ოჯახში ხშირად ჩამოდიოდნენ ნოვატორი პედაგოგები და ფსიქოლოგები. როცა მათ ვუსმენდი, ვხვდებოდი, რამდენი რამ აკლდა ჩემს შვილს. თუმცა ისიც ნათელი იყო, რომ მარტო ჩემს შვილს ვერ მოვუწყობდი კომფორტულ სამყაროს. მას სჭირდებოდა მეგობრები, სკოლა, სტუდია და ამიტომ გადავწყვიტე, ეს ყველაფერი მე თვითონ გამეკეთებინა.
რა თქმა უნდა, უტოპიური აზრი იყო, მაგრამ თურმე ასეა, თუ დაიჯერებ შენს ოცნებას, ის რეალობად გექცევა.
ნელ-ნელა ჩემს გარშემო შემოვიკრიბე თანამოაზრეები და გაჩნდა გადაცემა "ბასტი ბუბუ". 28 წელია "ბასტი ბუბუ" ულამაზეს ბავშვობის წლებს ჩუქნის საქართველოს ბავშვებს.
"ბასტი ბუბუ" ყველანაირი ბავშვისთვის შეიქმნა. ჩვენ აღმოვაჩინეთ სიმღერისა და ცეკვის უნიკალური განმავითარებელი თვისება და შევქმენით ასაკობრივი პროგრამა, რომელიც ერგება ყველანაირ ბავშვს და ავითარებს მას. საოცარი ის არის, რომ მეცნიერულადაც დადასტურდა ამ პროგრამის ეფექტურობა (თეა გოგოტიშვილის სადისერტაციო თემა ჰიპერაქტიულ ბავშვებზე) და ფაქტია, რომ დღემდე "ბასტი ბუბუს" გადაცემები, საკონცერტო პროგრამები, თუ კლიპები მოთხოვნადია.
"ბასტი ბუბუ" შემოქმედებითი ჯგუფი არ ჩერდება. ყველა ჩვენგანი სახლებიდან ვაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს ონლაინ გაკვეთილები, მე უფრო მეტი დრო გამომიჩნდა მშობლებთან სამუშაოდ. საქართველოს მთავრობა კი, გაისტუმრებს ამ პანდემიას და მერე ყველაფერს მოაგვარებს ისე, როგორც საქართველოს ბავშვებისთვის იქნება სასარგებლო. ბოლო-ბოლო, ყველას შვილები ჰყავს.