რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა
რა უნდა გაითვალისწინოთ და როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ნათესავი საკვერცხის სიმსივნით დაავადდა
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეები არის მეორე ადგილზე - 8.8 მილიონით ანუ 22% (Global Health Observatory, 2015). ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილიანობის 97% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით და ტრავმით. ამასთან, საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ონკოლოგიურ დაავადებებზე. გინეკოლოგიურ სიმსივნეებს შორის სიკვდილიანობის კუთხით პირველ ადგილზე საკვერცხის სიმსივნეა. ონკოლოგები მთელს მსოფლიოში, საკვერცხის სიმსივნეს აფასებენ, როგორც ყველაზე ვერაგ დაავადებას, რომლის სიმპტომებიც გვიან სტადიაში ჩნდება. ამავდროულად, მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელიც. პრევენციის ერთადერთი გზა სკრინინგია.
საკვერცხის კიბოს მკურნალობა
მულტიდისციპლინარული მოდელით მიმდინარეობს, სადაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ: ონკო-ქირურგები, კლინიკური ონკოლოგები, სხივური თერაპევტები და რადიოლოგები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსი“ ახორციელებს ECHO Project რომელიც ტარდება (IGCS Gynecologic Cancer Society-ის და MD Anderson Cancer Center-ის ეგიდით), რომლის საშუალებითაც სრულიად უსასყიდლოდ, ადგილობრივ ექიმებთან ერთად, ონკოგინეკოლოგიური მიმართულების წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებიდან, განიხილავენ პაციენტებს, რთულ შემთხვევებს და მათთან შეთანხმებით გეგმავენ მკურნალობის შემდგომ გეგმას.
უფრო დეტალურად კი, თუ რა დაავადებაა საკვერცხის კიბო, რატომაა ის განსაკუთრებით საშიში და როგორ ხდება საქართველოში მისი მკურნალობა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არჩილ შარაშენიძე პასუხობს.

- რა დაავადებაა საკვერცხის სიმსივნე? რა ტიპის სიმსივნეები არსებობს?

- საკვერცხის კიბოს პათოფიზიოლოგიის თეორიების უმეტესობა
მოიცავდა კონცეფციას, უჯრედების არაპროგნოზირებადი გამრავლების შესახებ. ამასთანავე, ახალი მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ ამ სიმსივნეების უმეტესობა წარმოშობილია საშვილოსნოს მილის ნაწილში, რომელსაც ფიმბრია ჰქვია. სხვა ორგანოების სიმსივნეების მსგავსად, არსებობს საკვერცხის კეთილთვისებიანი, მოსაზღვრე და ავთვისებიანი კიბო. მორფოლოგიური დიფერენცირებით განირჩევა ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ორი ტიპი: ეპითელიალური და არა-ეპითელიალური. ეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება: სეროზული, მუცინოზური, საკუთრივ ენდომეტრიოიდული და ნათელუჯრედოვანი სიმსივნე. არა-ეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება: სტრომალური სიმსივნეები.
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევათა 70% ეპითელიალური ჯგუფის სიმსივნეებია. გარდა ამისა, ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს პირველადი და მეტასტაზური. პირველადია სიმსივნე, როდესაც წარმოშობის ადგილი საკვერცხეა, ხოლო მეტასტაზურია სიმსივნე, როდესაც პროცესი გავრცელებულია სხვა ორგანოდან, მაგალითად, კუჭიდან, ძუძუდან, აპენდიქსიდან და ა.შ. აღნიშნულის განსაზღვრა აუცილებელია, რომ სწორად განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა.

- როგორია საკვერცხის კიბოს სტადიები?

- კიბოს სტადია დაავადების გავრცელების ხარისხს განსაზღვრავს. მსოფლიოში შემუშავებული სისტემა 4 სტადიას მოიცავს: პირველ სტადიაში სიმსივნე მხოლოდ საკვერცხეშია განვითარებული. მეორე სტადიაში სიმსივნე სცდება ერთ რომელიმე საკვერცხეს და ვრცელდება საპირისპირო მხარეს (ბილატერალურია). მესამე სტადიისას სიმსივნური ქსოვილი გავრცელებულია მუცლის ღრუშიც. მეოთხე სტადიაზე კი სიმსივნე ვრცელდება მუცლის ღრუს ორგანოებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს. მესამე სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა უკვე საკმაოდ დაბალია და ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელი ხდება ექიმებისთვის.

- რამდენად დიდი როლი აქვს გენეტიკურ ფაქტორებს საკვერცხის კიბოს წარმოქმნაში?

- გენეტიკა საკვერცხის კიბოს წარმოქმნის ერთ-ერთი უმთავრესი რისკ-ფაქტორია. ქალები, რომელთა პირველი ან მეორე რიგის ნათესავებს (დედას, დას, მამიდაშვილ/დეიდაშვილ/ბიძაშვილებს) ჰქონდათ საკვერცხის სიმსივნე, უნდა შემოწმდნენ BRCA გენის მუტაციაზე. BRCA გენის მუტაციის დადასტურების შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ გარკვეულ ასაკში მათაც აღმოაჩნდებათ საკვერცხის სიმსივნე 96%–ია. ანალოგიური ვითარებაა ძუძუს კიბოს შემთხვევაშიც და სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ანჯელინა ჯოლის ცნობილი გადაწყვეტილება ძუძუს მოკვეთის შესახებ. მსახიობის დედას (პირველი რიგის ნათესავი) ჰქონდა ძუძუს სიმსივნე და თავად მსახიობს აღნიშნული გენის მუტაცია დაუდასტურდა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, იტალიაში მიღებული სამედიცინო სტაჟირების ფარგლებში, მრავალ ანალოგიურ ფაქტთან მქონია შეხება. ასეთ პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებდით, რომ მათ აქვთ დრო მოიფიქრონ, სურვილის შემთხვევაში გააჩინონ შვილები და შემდეგ იფიქრონ ოპერაციული ჩარევის დაგეგმვაზე. პაციენტებს ვისაც დადასტურებული აქვთ BRCA გენის მუტაცია, დიდი ალბათობით 60-65 წლის ასაკში განუვითარდებათ საკვერცხის კიბო. სწორედ ამიტომ, პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, 40-45 წლის ასაკში ჩატარდეს დანამატების (საკვერცხეების და ფალოპის მილის ამოკვეთა). დავაზუსტებ, რომ აუცილებელია საშვილოსნოს მილის მოკვეთაც, რადგან როგორც აღვნიშნეთ, საკვერცხის კიბოს წარმოქმნა რიგ შემთხვევაში სწორედ მილიდან იწყება.

- საქართველოში ანალოგიური პრაქტიკა თუ არსებობს?

- საქართველოში მსგავსი პრაქტიკა ჯერ სრულყოფილად დანერგილი არ არის, თუმცა ვფიქრობ აუცილებლად უნდა დაინერგოს. საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია პოპულაციის შესწავლა. მეზობელ ქვეყნებში მსგავსი პროექტი უკვე დაწყებულია.

- რა სიმპტომები ახასიათებს საკვერცხის კიბოს?

- სამწუხაროდ, საკვერცხის სიმსივნის სიმპტომები გვიან, უმეტესად, მესამე სტადიაზე იჩენს თავს. ჩვენთან მოდიან პაციენტები ჩივილებით: მოკლე პერიოდში მუცლის ზომაში ზრდა ან წონაში სწრაფი კლება. ასეთ შემთხვევებში, უნდა გამოირიცხოს საკვერცხის სიმსივნე, ასევე ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია გაუვალობა. ამ დროს ალბათობა იმისა, რომ პაციენტის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება შევძლოთ უკვე ძალიან დაბალია. მანამდე კი დაავადება არის უსიმპტომო და სწორედ ამიტომ აქვს უდიდეს მნიშვნელობა სკრინინგს.

- რას გულისხმობს საკვერცხის კიბოს პრევენციული სკრინინგი?

- პრევენციული სკრინინგი გულისხმობს, ექვს თვეში ერთხელ მცირე მენჯისა და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, უნდა მოხდეს ონკომარკერების კონტროლი, როგორიცაა CA 125 და სხვა. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს დამატებითი კვლევებიც. ამ ყველაფერს რეგულარული სახე უნდა ჰქონდეს.
ზოგადად, საკვერცხის კიბო უმეტესად 45 წელს ზემოთ ქალებში გვხვდება და შესაბამისად, აუცილებელია, რომ კონტროლი უფრო ადრეულ ასაკში დაიწყოს.

- როგორია საკვერცხის კიბოს მკურნალობა? ყოველთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა?

- მკურნალობა ინდივიდუალურია და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სპეციალისტი არ იღებს. „ნიუ ჰოსპიტალსში“, ისევე როგორც ნებისმიერ წამყვან კლინიკაში მსოფლიო მასშტაბით, მოქმედებს „ონკოლოგიური ბორდი”, რომლის წევრებიც არიან მკურნალი ექიმი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ქირურგი და მორფოლოგი. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად ხდება. სპეციალისტები შეკრებისას განიხილავენ პაციენტთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს და შემდეგ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი მიდგომა იქნება პაციენტის ჯანმრთელობისთვის და პროგნოზისთვის ოპტიმალური: ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა თუ ორივე ერთად. შესაძლებელია, რომ საწყის ეტაპზე ოპერაცია გაკეთდეს და მკურნალობა ქიმიოთერაპიით გაგრძელდეს.
სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ტენდენციაა, რომ ხშირად ონკოპაციენტები სხვა ქვეყნებში მკურნალობას ამჯობინებენ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ქიმიოთერაპია და ქირურგიული ჩარევა სწორედ ისეთ დონეზე ხდება, როგორც ეს ევროპის წამყვან ქვეყნებშია.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ 24 თებერვალი საკვერცხის კიბოს ცნობადობის ამაღლების დღეა. ამასთან დაკავშირებით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ საკვერცხის კიბოსთან ბრძოლის კვირეულს აცხადებს და 2021 წლის 8 მარტამდე უფასო კონსულტაციას სთავაზობს პაციენტებს.

- ვის შეუძლია ისარგებლოს ონკო-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით?

- ყველა პაციენტს, რომელსაც ეჭვი აქვს საკვერცხის ონკოლოგიურ დაავადებაზე ან დადგენილი აქვს იგი, ან სჭირდება ონკო-გინეკოლოგის კონსულტაცია, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ონკო-გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით. ამისათვის საჭიროა პაციენტი დაუკავშირდეს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცეტრს ნომერზე 032 2 190 190 და ჩაეწეროს კონსულტაციაზე.

არჩილ შარაშენიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

269
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები