გაიცანით 17 წლის წარმატებული ქართველი ბითბოქსერი - "არაერთხელ ვასახელე საქართველო და მომავალშიც ასე ვაპირებ..."
ეს 17 წლის გუგა ცინდელიანია, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს და სკოლის მოსწავლეა. მიუხედავად პატარა ასაკისა, მოასწრო, რომ გამხდარიყო ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული და პერსპექტიული ბითბოქსერი და მის რამდენიმე ვიდეოს იუთუბზე ასი ათასობით ნახვაც აქვს. ისიც საინტერესოა, რომ ბითბოქსამდე გრძელი გზა გაიარა მუსიკალურ სამყაროში, რაც მისი შესრულების მანერას და ხარისხსაც უდაოდ ეტყობა. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ონლაინ ბითბოქს ტურნირში ჩაერთო წარმატებით და ამ ყველაფერზე გუგა თავად გვიამბობს.

- 2016 წელს დავინტერესდი ბითბოქსით, როდესაც ერთ-ერთ პოპულარულ ვიდეოს წავაწყდი ინტერნეტში. მანამდე საკმაოდ დიდი მუსიკალური გზა გავიარე. 6 წლიდან დავიწყე სალამურზე დაკვრა და
ანსამბლ "მძლევარში" სიმღერა. მოგვიანებით შევედი მე-4 მუსიკალურ სკოლაში და ვსწავლობდი ფლეიტაზე დაკვრასა და სოლფეჯიოს. ასევე ვუკრავ ფანდურზე და ჰარმონიკაზე.

- იმ გზამ, რაც მანამდე იყო, რამდენად შეგიწყო ხელი, რომ ბით-ბოქსში მიგეღწია წარმატებებისთვის?

- ჩემი მუსიკალური განათლება და გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ჩემს ბითბოქსერად ჩამოყალიბებაში და წარმატების მიღწევაში.

- იქნებ აუხსნა მათ, ვინც არ იცის ჯერ კიდევ - რა არის ეს, რამდენად რთულია, რა ითვლება მაღალ კლასად, რის მიხედვით ფასდებიან კარგი ბით-ბოქსერები? იქნებ დაგვისახელო ყველაზე კარგი ბით-ბოქსერები მსოფლიოში.

- ბითბოქსი არის მუსიკა, რომელსაც ადამიანი ქმნის მისი პირის აპარატის საშუალებით. არსებობს ამოუწურავი რაოდენობის ხმა და უამრავი გზა ამ ხმების წარმოსაქმნელად. ყველა ადამიანის ხმები უნიკალური და განსხვავებულია. რთულია აითვისო ხმები და შემდეგ
შექმნა ამით მუსიკა, მაგრამ შესწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, რაც ანეიტრალებს მის სირთულეს. მაღალ კლასად ითვლებიან ორიგინალური ბითბოქსერები, ვისაც უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული ხმები და კარგად გადმოსცემენ მუსიკას. ბითბოქსერები ფასდებიან მათი ტექნიკური და მუსიკალური შესაძლებლობებით, სცენაზე შესრულებით, ორიგინალურობით. მსოფლიოში საუკეთესო ბითბოქსერები არიან Alexinho, D-low, Codfish, Reeps One, Skiller და სხვები.

- რამდენად არის საჭირო ბით-ბოქსერისთვის კარგი სმენა და ხმა? ზოგი ფიქრობს, რომ ამას მუსიკასთან არ აქვს კავშირი და მხოლოდ პირის აპარატის შესაძლებლობებზეა დამოკოდებული...

- განვითარებული ხმების გარდა კარგი მუსიკალური სმენა გაძლევს საშუალებას, უკეთესად აღიქვა და გადმოსცე მუსიკა შენი ბითბოქსით. დახვეწილი ვოკალი კი გაძლევს დამატებით შესაძლებლობას მელოდიის შესაქმნელად.

- ამ კონკრეტულ კონკურსზე იქნებ გვიამბო და ერთგვარ ორთაბრძოლაზე, რომელშიც გაიმარჯვე და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა... რა ტიპის შეჯიბრება იყო, რამდენად ხშირად ტარდება და რამდენად ხშირად მონაწილეობ ხოლმე?

- ეს იყო საერთაშორისო ონლაინ ბითბოქს ტურნირი, ვიცე მსოფლიო ჩემპიონების - Mad Twinz-ის ორგანიზებით. ონლაინ ტურნირები ხშირად ტარდება, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის ტურნირი იყო, სადაც ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ტურნირებზე გამოსვლა 2020 წლის ზაფხულში დავიწყე და მას შემდეგ ხშირად ვიღებ მონაწილეობას.

- თუ აპირებ, რომ მომავალშიც გააგრძელო ეს საქმიანობა და რა გეგმები გაქვს?

- ბითბოქსი ჩემი ნაწილია და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ. უკვე არაერთხელ ვასახელე საქართველო ონლაინ ტურნირებში და მინდა ლაივ ტურნირებშიც მივიღო მონაწილეობა.

- კიდევ რა გატაცებები გაქვს?

- ასევე მიყვარს ჭადრაკის თამაში და ასტრონომია.

- ბოლო პერიოდია საქართველოში არ ცხოვრობ, რამდენად გაგიადვილდა უცხო ქვეყანასთან შეგუება, რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და სამომავლოდ შენს თავს უცხოეთში ხედავ თუ საქართველოში აპირებ საქმიანობას?

- უცხო ქვეყანასთან შეგუება საკმაოდ რთულია ენის ბარიერის გამო, თუმცა ენის შესწავლაში დიდი წინსვლა მაქვს და იმედს არ ვკარგავ. სამომავლოდ უცხოეთში საქმიანობაზე ვფიქრობ, მაგრამ საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები.


1822
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
BEATX
0
გუგა ყველაზე კაი ბითბოქსერია საქართველოში და მომავალში მსოფლიოშიც იქნება კარგი ბითბოქსერი და სულ მასე დარჩება. წარმატებები GTS
10:35 / 24-02-2021
გიორგი-ს
0
ალბათ 20-იც არ გვყვავს მთელ ქვეყანაში, მართალია უნდა დავაფასოთ
23:08 / 23-02-2021
მსგავსი სიახლეები