არც ისე დიდი ხნის წინ, მამა პეტრე კვარაცხელიამ (კოლხმა) რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და და თბილისიდან კასპში, ერთაწმინდაში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ ეს არის მისი ფერიცვალების და თავიდან დაბადების ადგილი. რა შეიცვალა სასულიერო პირის ცხოვრებაში, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორ ცხოვრობს დღეს და როგორ შექმნა მყუდრო, ფერადი გარემო, ამის შესახებ მამა პეტრე თავად მოგვიყვება.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირას აქ არიან, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურად და დაძაბულად. ოჯახს თავისი პრეტენზიები ჰქონდა და ლეგიტიმურიც იყო ეს პრეტენზიები, მაგრამ ამ ეტაპზე მე ეს მჭირდებოდა. მინდა, რომ ჩემს შვილებს გამოვადგე და ფეხზე მყარად ვიდგე. ამ სიმტკიცისთვის კი განმარტოება მჭირდებოდა. ამასთან, ვფიქრობ, რომ ჩემი აქ დამკვიდრებით ბევრი ადამიანი დამშვიდდება და დაწყნარდება, პირველ რიგში კი მე, რადგან ეს არის ჩემი ფერისცვალების ადგილი. ბუნებით ძალიან მარტოსული ვარ, ამიტომ იმდენად მომენატრა მარტოობა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კითხვა, წერა, ლოცვა - ეს არის ის ძირითადი საქმე, რასაც აქ ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე შვილებს ყურადღებას არ ვაქცევ. პირიქით, უფრო მეტად მოტივირებული და უფრო მეტად ენერგიული ვარ. ანდრიას და სოფიას ძალიან უყვართ აქაურობა, ძალიან კარგად გრძნობენ აქ თავს. ერთხელ სოფიამ პროტესტი გამოთქვა, არ უნდოდა თილისში წასვლა და საწოლის ქვეშ დაიმალა. იმდენად კარგი გარემოა აქ, რომ ადამიანს ხასიათი და შეხედულებებიც კი ეცვლება სამყაროზე. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანი იგრძნობს ამას. მინდა, რომ სამომავლოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს ამ სახლში.
- დიდი ხანი ფიქრობდით, რომ აქ გადმოსულიყავით საცხოვრებლად?
- ამდენი ადამიანის შექება ან ლანძღვა ცხადია მოქმედებს შენზე და როცა აცნობიერებ ამას, რაღაცები გბეზრდება. გინდა სადმე განმარტოვდე, თავი შეაფარო. დიდხანს ვფიქრობდი, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. თუმცა ვფიქრობდი - სად?
ამ დროს, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად ღმერთი ადამიანებს გიგზავნის. ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაშიც. ერთხელ მრევლთან ერთად ვიყავი მოლოცვაზე რკონის ხეობაში. როდესაც ვბრუნდებოდით მოლოცვიდან, ჩემმა სულიერმა შვილმა დავითმა, რომელიც წარმოშობით ერთაწმინდიდანაა, მითხრა, რომ დაგვეთვალიერებინა მისი მიწის ნაკვეთი. მომიყვანა აქ. როცა ეს ადგილი დავინახე, ენერგეტიკულად ვიგრძენი, რომ მე ჩემი დაბადების ადგილას ვიდექი. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მაგრამ მსგავსი რამე არსად მიგრძნია. დავითმა დამითმო ეს მიწის ნაკვეთი და მართლაც, როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა, „ამ პაწაწინა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი“.
- მრავალფეროვანი დეკორაციებით არის სახლი დატვირთული. თვლით, რომ დეკორაცია განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სახლს?
- დიახ, ძალიან ბევრი დეკორაცია მაქვს ინტერიერში და შესაძლოა ეს ზოგს ღლიდეს. მისაღები ოთახის კედელს ამშვენებს ამერიკიდან ჩამოტანილი რკინის საათი, რომელზეც დრო გავაჩერე, რადგან ბედნიერ ადამიანებს დრო არ სჭირდებათ. გარდა ამისა, მაქვს ძალიან ძვირფასი, უძველესი, მე-19 საუკუნის მაგიდა, რომელიც ჩემმა მეგობარმა ნანა გაგუამ მაჩუქა. აქ ნახავთ მე-17-მე-18 საუკუნის ნივთებს, სურებს, ჩაიდანს, მცირე ზომის საყვავილე ლარნაკებს, რომელიც ჰგავს დერვიშ მოცეკვავეებს. აღმოსავლეთში დერვიშები არიან სასულიერო პირები, რომლებიც ღმერთთან კავშირს ამყარებენ ცეკვის მეშვეობით. საძინელებშიც მაქვს ნახატი დერვიშის გამოსახულებით, რომელიც ასევე ჩემმა მეგობარმა, უნიჭიერესმა ონისე ჩიკვაიძემ შეასრულა ჩემი ინტერპრეტაციით.
ბუხარი, რომელიც ძალიან ამშვენებს ინტერიერს, გაკეთებულია ფიქალის ქვისგან. ეს ქვა ჩემმა მეგობარმა გელა არაბულმა ჩამოიტანა თავისი სახლიდან, ჯუთადან. გიორგი გიგაურმა მოაპირკეთა ბუხარი, სადაც ჩემი ლექსია ამოტვიფრული. ბუხარი გაფორმებულია მთის ბროლით და ამეთვისტოთი, რომელიც ასევე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს. ეს ქვები ძალიან კარგ და დადებით აურას ასხივებს სახლში.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ სახლის ფოტოსესია