მარიამ რუაძე 1973 წლის 15 ივლისს გურჯაანის სამშობიაროში დაიბადა. მესამე დღეს მისი ბიოლოგიური დედა სამშობიაროდან გაიპარა - პირველად სწორედ მაშინ ჰკრა ხელი ღვიძლ შვილს... დღეს ის გერებზე ზრუნავს, სხვა შვილი აღარც ეყოლა... საოცარი ის არის, რომ მზრუნველ დედინაცვალს ღვიძლი ქალიშვილის მიღების სურვილი არ აქვს, უფრო მეტიც, წვალებით ნაპოვნმა
დედამ შვილს არაერთგზის მიაყენა ტკივილი...
მარიამ რუაძე:
- დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ, ძალიან მაგარ ოჯახში გამაშვილეს. მშობლების მიმართ დიდი სიყვარული მქონდა და ასეა დღემდე. ამ ადამიანებმა მომცეს გვარი, არაფერს მაკლებდნენ. სამწუხაროდ, მამა 80 წლისა გარდაიცვალა, დედა - 2 წლის წინ დაიღუპა, 84 წლის იყო, სამჯერ ინსულტი ჰქონდა გადატანილი. ბოლოს ლოგინად ჩავარდა და ისე ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს. ნეტავ, ეცოცხლა და არ დავიღლებოდი მისი პატრონობით. დედის გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული, როცა მეუღლეც გარდამეცვალა... 9 წელი ვიცხოვრე ჩემს მეორე მეუღლესთან ერთად და მისი გარდაცვალებით დიდი სტრესი მივიღე, მაგრამ ფეხზე წამოდგომა მაინც შევძელი - ძლიერი ვყოფილვარ.
მახსოვს, ერთხელ ოჯახში მოვიდა წერილი, რომელსაც ზევიდან ეწერა გვარი ჯანიაშვილი და დედა მაშინაც ცუდად გახდა. წერილი რომ გახსნა, ამოისუნთქა, თურმე შეშლიათ და მეზობელთან მისატანი ბარათი ჩვენთან გამოუგზავნიათ. მოკლედ, ყველაფერ საეჭვოს ყურადღებას ვაქცევდი... წარმოიდგინეთ, მართლაც ჯანიაშვილი ყოფილა ჩემი გამჩენი და ეგონა, ვიღაცამ გამოუგზავნა ანონიმური წერილი.
ახალგათხოვილმა რატომღაც ქმარს ვუთხარი, - მე რომ უშვილო ვიყო და დედას დავემსგავსო, რა უნდა ვქნათ-მეთქი? შენ რა იციო? - მკითხა. მისი ეს სიტყვები "დავიჭირე" და - კი, ვიცი-მეთქი, - ვუთხარი... წლებია, გაშორებული ვარ და დღემდე არ იცის, რომ მან პირველმა დაადასტურა ჩემი ეჭვი... ამის მერე უკვე მშობლებთან გახსნილად დავიწყე ლაპარაკი. დედამ მიამბო, რაც იცოდა. ისიც მითხრა, როცა სამშობიაროში მარინა დაგარქვი, ექთანს ისეთი რეაქცია ჰქონდა, აშკარად, შენს დედასაც მარინა ჰქვიაო.
დედ-მამა სიმართლეს არ მიმხელდა, რადგან ჩემი დაკარგვის ეშინოდათ, მაგრამ მერე, როცა ოჯახში უსიამოვნება მქონდა, გაუჩნდათ სურვილი, მეპოვა ჩემი ბიოლოგიური მშობლები. თვითონ უკვე ასაკოვანები იყვნენ და ეგებ, დამცველი გამოგიჩნდეს, რომ მარტო არ იყო, ჩვენ თუ რამე დაგვემართებაო.
თავიდან მამას არ ვუნდოდი. უთქვამს, მირჩევნია ახლობელი გავზარდოო. დედამ საავადმყოფოდან რომ წამომიყვანა, ცოტა ხანს, თურმე, მეზობელთან მმალავდა. იმ პერიოდში გურჯაანში მამასთვის ნაცნობებს ყური აუწევიათ, გილოცავთ შვილის აყვანასო. მამამ არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და... ბოლოს და ბოლოს, დედაც როდემდე დამალავდა სიმართლეს, თან ცუდად გავმხდარვარ და უთქვამს ქმრისთვის - მე არ მინდა, ბიცოლა ვიყო, დედობა მსურსო! მამას უპასუხნია, რაც გინდა, ის ჰქენიო და დედამაც სახლში გადმომიყვანა...
ერთ დღეს კრუნჩხვებში ჩავვარდნილვარ. დედას უთქვამს ქმრისთვის, ბავშვი საავადმყოფოში წამაყვანინეო და რადგან მამამ უარი უთხრა, დედამ იეშმაკა: კარგი, მაშინ ტაქსის მოვიყვან და თუ არ შეგრცხვება შენი საქციელის, ვნახავო. გამოსულა მამა ეზოში და მანქანაში ჩამჯდარა. საავადმყოფოში, თურმე, გაუჭირდათ ჩემთვის ნემსის გაკეთება და მამა იძულებული გახდა, ჩემი ფეხები დაეჭირა. დედა მიყვებოდა, - ის იყო და ის, მას მერე მამაშენი გვერდიდან არ მოგშორებია. როგორც ზღაპრებში ხდება, ისე მოხდა, გული უცებ აევსო სიყვარულითო. ეს კაცი მართლა მამის ეტალონი იყო. ძალიან გამიმართლა, რომ მიშვილეს. გამიმართლა შვილებშიც, სიძეებშიც, რომლებსაც შვილებისგან ვერ გამოვარჩევ და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილებში, მაგრამ არ გამიმართლა ბიოლოგიურ დედაში, რომელმაც მხოლოდ ერთხელ კი არა, ბევრჯერ უარმყო...
ამ გადაცემის ეთერში გასვლიდან ცოტა ხანში დამირეკეს, ქუთაისში ცხოვრობს ერთი კანონიერი ქურდი, რომელმაც ვიღაც მარინა შეაცდინა და იქნებ მათი შვილი ხართო. თბილისში მოვძებნე ამ კაცის გერები, შვილები... თურმე, 5 ცოლი ჰყოლია გამოცვლილი. ერთმა მისმა ნათესავმა მითხრა: არ გეწყინოს, მაგრამ ამდენი შვილი ჰყავს ამ კაცს, ყველა არის დაბალი, ქერა, ცისფერთვალება და არ არსებობს, მისი შვილი იყოო. ამ კაცზე ისეთები გავიგე, ნამდვილად არ მინდოდა, მამაჩემი ყოფილიყო - ამას ახლა იოლად გიყვებით, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემს გულში...
მოვდივარ იქიდან და ვიღაც მირეკავს: დედაშენი არის მარინა ჯანიაშვილი, ამჟამად გათხოვილია ამა და ამ რაიონში, შვილი არ ეყოლა და უვლის სამ გერსო. მუხლები ლამის მომეკვეთა. ეგრევე დავურეკე ლაშას და ვუამბე, რაც მითხრეს. როცა მოვახერხებ, წავალო, დამპირდა. მეორე დღეს მირეკავს, ერთი ქალი უნდა დაგალაპარაკოო. იქიდან ვიღაც მეუბნება: გამარჯობა, მარინა დეიდა გენაცვალოს. იცი, მე შვილი არ გამიჩენია, მაგრამ თუ გინდა, გიშვილებო. ცუდად გავხდი. ხომ არ მინახავს, ვინ მელაპარაკებოდა, მაგრამ იმწუთას ვიგრძენი, დედაჩემია-მეთქი. ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა საკუთარი თავი შევაგულიანე და იმ ქალს ვუპასუხე: გამარჯობა, ქალბატონო მარინა. იცით, მე უკვე ნაშვილები ვარ, ძალიან მაგარი მშობლები მყავს, უბრალოდ, ვეძებ ბიოლოგიურ დედ-მამას, და-ძმებს, ჩემს სისხლსა და ხორცს... ერთხელ უკვე გამაშვილეს და არ მინდა, კიდევ ვინმემ მიშვილოს-მეთქი. - ჰო, რა ვიცი, მაინც, თუ გინდა, გიშვილებო და ლაშას მიაწოდა ტელეფონი. მოგვიანებით, როცა მისი სურათები ვნახე, კიდევ უფრო ცუდად გავხდი: ეს ქალი ჩემი ასლი იყო.
რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ შევეხმიანე, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ხელი ჩავიქნიე. სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა მულმა: ახლა დეიდაშენი უნდა გალაპარაკოო. ტელეფონიდან მესმის: "გამარჯობა, დეიდა მოგიკვდეს შენ. მე შენი ნამდვილი დეიდა ვარ! ნუ გეშინია, დედობასაც და დეიდობასაც გაგიწევ..." ავტირდი, ავყვირდი: მყავს კიდევ ვინმე-მეთქი? - ყველა გყავს! აუცილებლად ჩამოვალ და გნახავო (ტირის).
იხილეთ სრულად