საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დააანონსა. ნაწილი უკვე მოიხსნა, ნაწილი კი ეტაპობრივად შემსუბუქდება. როგორც იცით, 1-ლი მარტიდან კერძო და საჯარო ბაღებიც აახლებენ მუშაობას. ამ ფონზე, მშობლებს გაუჩნდათ შეკითხვა, როდისთვის აღდგება ბავშვთა გასართობი და დაბადების დღის ცენტრები, ატრაქციონები. გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზს მივმართეთ:
"322-ე დადგენილების მე-6 მუხლის ბ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ გასართობი დაწესებულებების საქმიანობა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება ისევ აკრძალულია. თუმცა, 10 მარტამდე პერიოდში შესაძლებელია დადგენილებაში კონკრეტული ცვლილებები შევიდეს. თუ ამ მიმართულებით იქნება ინფორმაცია, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება."- გვითხრეს ცხელ ხაზზე.
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს. ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ შაბათ-კვირას საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვისაც დასაშვები იქნება გადაადგილება.
არასასურსათო საცალო ვაჭრობა, მათ შორის, მოლები და ბაზრობები, 8 მარტიდან განაახლებენ მუშაობას და შაბათ-კვირის შეზღუდვა მოიხსნება.
შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვა რჩება რესტორნებისთვის. რესტორნებში შიდა სივრცეები პირველი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში იფუნქციონირებს.
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ჯერჯერობით უცნობია, როდიდან მოიხსნება.
თამარ იაკობაშვილი
შაბათ-კვირას მოლებიც იმუშავებს და ტრანსპორტიც - პასუხი მოქალაქეთა კითხვებზე