არ არსებობს ოჯახი, სადაც მიცვალებულთა ხსოვნას არ აფასებენ. ქართველები საფლავებსაც მოწიწებით ვუვლით და გარდაცვლილთა ხსენების დღეებიც წესების დაცვით გვინდა აღვნიშნოთ. თუმცა ყველამ არ იცის, როგორ მიაგოს პატივი გარდაცვლილს და როგორ აღნიშნოს მიცვალებულთა დღე, როდის მოამზადოს კორკოტი და როგორი უნდა იყოს საკურთხი? ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში რამდენჯერმე აღნიშნავს მიცვალებულთა ხსენების დღეს. ეს დღეები უმეტესად მოძრავია და აღდგომის თარიღს ემთხვევა.
2021 წელს მიცვალებულთა მოსახსენიებლად ეს თარიღებია დაწესებული:
6 მარტი, 27 მარტი, 3 აპრილი, 10 აპრილი, 11 მაისი, 19 ივნისი. ხოლო როგორ უნდა აღვნიშნოთ მიცვალებულთა დღეები, ამის შესახებ გთავაზობთ მამა ანდრია სარიას რჩევებს, რომელიც მან ჩვენი საიტის მკითხველს ერთ-ერთ ინტერვიუში გაუზიარა:
- მიცვალებულთათვის ტრადიციულად ხორბლისგან ვამზადებთ კორკოტს ან წანდილს. ერთი მარილიანია, მეორე - ტკბილი. აქვს მნიშვნელობა, როდის რომელს მოვამზადებთ?
- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ სურვილისამებრ ორივე მოამზადოთ. კორკოტი ერთგვარი მსხვერპლია და ამასთანავე ხორბალი განასახიერებს ნაყოფს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ლპება და ახალ თავთავს იღებს. ჩვენც გამოვხატავთ ნდობას ღვთისადმი, რომ ჩვენს სულებს მსგავსად აღადგენს სასუფევლისთვის.
- რატომ ამზადებენ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში საკურთხს და რისგან უნდა შედგებოდეს იგი?
- ქრისტიანებს ადრე მიჰქონდათ ეკლესიაში ძღვენი, მოიხსენიებდა სასულიერო პირი და შემდგომ გაჭირვებულებს ურიგებდნენ ოჯახის წევრები. საკურთხში აუცილებლად უნდა შედიოდეს მარილი, ზეთი, ღვინო, ხორბალი. ხოლო დანარჩენი ისაა, რაც გინდათ, რომ ძღვნად მიართვათ ქრისტიანს მოწყალების სახით.
- საკურთხი ეკლესიაში უნდა იკურთხოს. შემდეგ უნდა წამოვიღოთ თუ იქვე დავტოვოთ გაჭირვებულთათვის?
- თუ თავად იცნობთ გაჭირვებულებს, შეგიძლიათ წაღება და მათთვის განაწილება. შეგიძლიათ ეკლესიაშიც დატოვოთ.
- გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში რომელი ფსალმუნები უნდა უკითხონ ახლობლებმა და რა მნიშვნელობა აქვს მის წაკითხავს?
- ოცივე კანონი უნდა ვიკითხოთ ახლობლებმა, კარგი იქნება, თუ ჯგუფს შევქმნით და თითო კანონად გადავინაწილებთ. ვიცით, რომ მე-40 დღე განსაკუთრებულია. მოსე 40 დღე ელოდებოდა სჯულის მიღებას, ეგვიპტელებმა 40 წელიწადი იხეტიალეს აღთქმულ მიწამდე მისასვლელად, ქრისტემ 40 დღე იმარხულა. მიცვალებულის სული მეორედ თაყვანისცემის შემდგომ მოიხილავს ჯოჯოხეთის ჯურღმულებს და ნახავს, თუ როგორ იტანჯებიან ცოდვილთა სულები, რის შემდეგაც მესამედ მიიყვანენ ანგელოზები უფალთან მუხლდრეკისთვის, სადაც განეჩინება ადგილსამყოფელი ქვეყნად ჩადენილი საქმისამებრ. ჩვენი მხრიდან ფსალმუნების კითხვა, ლოცვა, წირვა ხელს შეუწყოფს მისი სულის ხვედრი შეამსუბუქოს ღმერთმა. უფლის მოწყალებაზე ვართ ყველანი დამოკიდებულნი.
- ვიცით, რომ ყველა მიცვალებულის მოხსენიება არ შეიძლება... რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი სულების საოხად?
- თვითმკვლელნი, ლოთობაში აღსრულებულნი, ერეტიკოსები (მწვალებლები), სხვა აღმსარებლობის ადამიანნი, მოუნათლავნი, ნარკოტიკში გაპარულნი, ღვთის მგმობელნი, ათეისტნი, რომელთაც არ მიაჩნდათ ქრისტე მხსნელად.
მოწყალება გავცეთ მათ სახელზე, რათა უფალმა შეუმსუბუქოს ხვედრი.
- რამდენი ხანი უნდა ატაროს გარდაცვლილის ახლობელმა შავი ტანსაცმელი?
- გლოვა სასოწარკვეთის გარეშე და ლოცვაში 40 დღე შავებით საკმარისია.
- მიცვალებულთა საფლავის მოწყობისთვის ბევრი რამ არის საჭირო?
- ჯვრის ნიშნით გამოთლილი ქვა. სრა-სასახლეები არ სჭირდება მიცვალებულის სულს.
იხილეთ ინტერვიუ სრულად
კორკოტი რძითა და ფაფუკი სტრუქტურით - თინა ბებოს რეცეპტი