"ძალიან ემოციური და ფეთქებადი ვარ და მერე ამაზე ვფიქრობ და განვიცდი. გადაწყვეტილებებს კი პრაგმატულად და რაციონალურად ვიღებ, არ მინდა ემოციებმა დამძლიოს ხოლმე. არ მინდა, სახელმწიფოს და ჩემი პარტიის ინტერესი ერთმანეთს შევაჯიბრო და ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფოზე წინ გამექცეს", - გვეუბნება "მოქალაქეების" ლიდერი და აპოლიტიკურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს იმაზე, რაზეც აქამდე არავისთან უთქვამს. გზა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა გამოიარა და ახლაც გადის, არ არის მარტივი, თუმცა, რაც მთავარია, სჯერა იმის, რასაც აკეთებს და სწორედ ეს აძლიერებს.
ორი წლით ჩემზე უფროსი ექიმი და მყავს და მოხდა ისე, რომ სტუდენტობისას სამტრედიაში გათხოვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და წინააღმდეგი ვიყავი, თბილისიდან სამტრედიაში რომ უნდა წასულიყო. სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი და ბედნიერია, ძალიან მაგარი სიძე და დისშვილები მყავს, კმაყოფილი ვარ ჩემი დის არჩევანით. ჩემი სიძე იმერელია და წარმოიდგინეთ, ალუდა ჰქვია. მგონი, ის ერთადერთი ალუდაა დასავლეთ საქართველოში. ალუდა სახელს ამართლებს და ლუდზე ჭკუა ეკეტება. მე, მაგალითად, ლუდი მძულდა და 18 წლის ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე. მას მერე ისე შემიყვარდა, ლამის მე დავირქვა ალუდა.
მადლიერიც ვარ ჩემი მშობლების, ამ სპორტზე რომ მატარეს და ამდენი შრომა და ენერგია რომ დავხარჯე. ფიზიკურადაც ვგრძნობ, რომ დღემდე გამომყვა ეს სპორტი - სალტოებსაც ვაკეთებ და ხელებზეც დავდივარ. როცა დრო მაქვს, ბატუტზეც ვხტუნაობ, ხანდახან მივდივარ და ვვარჯიშობ. ფიზიკურად ძალიან გამომადგა, მაგარი მწვრთნელი მყავდა, ლუკა მესხია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ზაფხულობით, "ზბორებზე" რომ გვატარებდნენ, ეს ადამიანი მამასავით მივლიდა.
ახლა პოლიტიკურ ომში ჩართვამ მომიწია. სამწუხაროდ, მალევე დამთავრდა ჩვენი ბავშვობა, უცებ გავიზარდეთ, რადგან დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ხელისუფლების ცვლილება... ეს ყველაფერი აღტაცებას კი იწვევდა, მაგრამ ახალი ხილი იყო, ახალგაზრდებს სისხლი გვიდუღდა, მაშინ გავიგეთ, ქაქუცა რომ გვყოლია, პრეზიდენტი ჟორდანია. თავიდან ჩემთვის უცნაური იყო სამფეროვანი დროშა რომ გამოჰქონდათ, ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა. მერე დიდი შოკი მივიღეთ და ყველანი ვტიროდით, როცა მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. მასთან რამდენჯერმე ვარ პირისპირ შეხვედრილი, ისე, შემთხვევით... ძალიან მალე დამთავრდა ბავშვობა და მერე შავ-თეთრი რეალობა დაიწყო - "მხედრიონი", სამეგრელოს აოხრება, აფხაზეთის მარცხი, პურის რიგები... უცბად დაგვატყდა შავ-თეთრი რეალობა და უცბად დამთავრდა ფერადი, კამფეტებიანი და ბუშტებიანი ბავშვობა. მერე ყველა ერთად შევეჯახეთ იმ ჯოჯოხეთს, უგაზობა, უშუქობა, უწყლობა, უპურობა რომ მოგვიტანა.
ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. მამაჩემს "ვოლგა" ჰყავდა, ტაქსაობდა და ამით გვარჩენდა. მერე, 90-იანებში ხუდადოვზე დააყაჩაღეს, რაც კატასტროფა იყო ჩვენი ოჯახისთვის. მერე, ვალები, პროცენტები და ათასი ჯანდაბა გვქონდა. სამხედრო აკადემიაში რომ ჩამებარებინა, 4 წელი ჩემი ოჯახის შესანახი უნდა ვყოფილიყავი და ვერაფრით დავაწვებოდი კისერზე, ამიტომ ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე.
აღმოჩნდა ისე, რომ მამაჩემი და ირინეს დედა კლასელები ყოფილან და მათაც ძალიან გაუხარდათ. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა... არ მიყვარს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ ირინე რომ არ იყოს ჩემთან ერთად, ბევრ რამეს ვერაფრით გავუძლებდი. ვიღაცეებს უთქვამთ, ელისაშვილს ამის ზურგი აქვს, იმის ზურგი აქვსო - ადრე, როცა სააკაშვილის გუნდს ვუპირისპირდებოდი, უთქვამთ, მერაბიშვილის ზურგი აქვსო, ახლა თქვეს, ბიძინას ზურგი აქვსო, სინამდვილეში, ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც. სახლში მაქვს სრული სამოთხე... ჩემი შვილებიც მაგარი ადამიანები არიან, ჩემი ვაჟკაცები მამხნევებენ. ჩემი სპანიელი, ჩემი პატარა "რემბოც" ერთი წელია, რაც მამხნევებს. წარმოიდგინეთ, სპანიელს "რემბო" რომ ჰქვია, ბავშვებმა დაარქვს, მაგრამ მაგარი გულიანია, ეტყობა. თავის ზომა-წონას ვერ ხვდება და ყველას და ყველაფერს ერჩის. ავი არ არის, მაგრამ მაგარი გაბედულია. მამაჩემიც მაგას მეუბნება, ხასიათებით შენ დაგემსგავსაო.
უფროს ვაჟს ერეკლე ჰქვია, 15 წლისაა, მას ჩემი უსაყვარლესი მეფის სახელი დავარქვი. სანდროსთვის მინდოდა ქაიხოსრო დამერქმია, ქაქუცას გამო, მასზეც ჭკუა მეკეტება... ძალიან ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ ცოლთან ბრძოლაში დავმარცხდი და სანდროს ქაიხოსრო არ ჰქვია.
არასდროს მქონია შვილებთან უწი-პუწი ურთიერთობა, ჩვეულებრივ კაცებად აღვიქვამდი და ბავშვობიდან თანატოლებივით ვექცეოდი. თუ რამე კითხვა ჰქონდათ, ყველაფერზე პასუხს ვცემდი. ჯერჯერობით არ ვნანობ ამ მიდგომით. მშობლებს მაინც სხვანაირი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს შვილებზე და ვცდილობ, მრავალმხრივად დავინახოთ ისინი, ამიტომ ძალიან მიყვარს მათთან და მათ მეგობრებთან ერთად ტყე-ღრეში ხეტიალი, სადაც უფრო გულახდილები არიან, უფრო იხსნებიან...
არ მიყვარს ჩემი შვილების ქება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მათით უკმაყოფილო არ ვარ. სანდრო უფრო აქტიურია, ვიდრე ერეკლე. ერეკლე შედარებით კომფორტის მოყვარულია და უფრო კარგი იუმორი აქვს, ვიდრე - სანდროს. ორივენი კალათბურთზე გიჟდებიან. შაბათ-კვირას ჩემს მშობლებთან გამყავს ისინი და ერთი სული აქვთ, როდის წავლენ, რადგან იქ კალათბურთის მოედანია და თამაშობენ. შეუძლიათ არც ჭამონ, არც სვან და მთელი დღე კალათბურთი ითამაშონ. ერეკლე უკვე ჩემზე მაღალია, ყველა ჩემი ქურთუკი და შარვალი ჩაიცვა. იხილეთ სრულად