კოვიდ19-ის გამოჩენის საწყის ეტაპზე ფიქრობდნენ, რომ ბავშვებში ვირუსი ნაკლებად გვხვდება და არც გადამტანები არიან. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდ 19 ისევე მოქმედებს ბავშვებში, როგორც უფროსებში და ხშირად საკმაოდ სერიოზულ გართულებებსაც იწვევს.
მაგალითად, მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში იმუნოლოგიური და ბიოლოგიური კვლევების დირექტორი და ამ საკითხზე ერთ-ერთი უახლესი კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ალესიო ფასანო ამბობს, რომ უახლესი კვლევების მიხედვით ბავშვები კოვიდ-19-ის ვირუსს ავრცელებენ მაშინაც კი, როცა თვითონ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
კოვიდ 19-ით ბავშვთა ავადობა საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დარგში, პედიატრი ყარამან ფაღავა აღნიშნავს, რომ მასთან ხშირად მიჰყავთ თვეების ბავშვები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი და აღენიშნებათ სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება. კოვიდ 19–ზე ბავშვებში და მის შესაძლო გართულებებზე, ასევე მკურნალობის გზებზე თავად ყარამან ფაღავა გვესაუბრება.
გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა ისევე ხდება ბავშვებში, როგორც უფროსებში. ცოტა ხნის წინ კი ესპანელებმა აღმოაჩინეს, რომ საწყის ეტაპზე კოვიდ19–ის სიმპტომია ქავილის შეგრძნება ცხვირში, რაც, ზოგადად, ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშანია.
შეიძლება ეს სასარგებლოც იყოს, რომ დროზე მივაქციოთ ყურადღება და საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს.
ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით აქვეითებს იმუნიტეტს. ეს ეხება არა მხოლოდ კოვიდ 19-ს, არამედ ჩეულებრივ გრიპსაც. იმუნიტეტის დასუსტების დროს კი ხშირია ბაქტერიული ინფექციების თანდართვა. დასაწყისში გვქონდა ვირუსული დაავადება, შემდეგ ამას შეიძლება დაემატოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია.
ამ დროს აუცილებელია, რომ ზუსტად განისაზღვროს ინფექციის ტიპი და შესაბამისად, დაინიშნოს მკურნალობა. კოვიდ 19-ს, რომელიც ვირუსული ინფექციაა, ანტიბაქტერიული თერაპია არ სჭირდება და შესაბამისად, მკურნალობაში, ანტიბიოტიკი ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალება ნაჩვენები არაა. მაგრამ თუ მინიმალური ეჭვი მაინც გვაქვს ბაქტერიულ ინფექციაზე, დროულად და აქტიურად უნდა დავიწყოთ სათანადო მკურნალობა, რადგან ორგანიზმი ისედაც დასუსტებულია.
ამ დროს მკურნალობის სამი გზა არსებობს: სულფამიდები, რომელიც შედარებით სუსტია და მრავალი გვერდითი მოქმედება აქვს, ანტიბიოტიკები, რომელიც ძლიერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს და ბაქტერიოფაგოთერაპია, რომელსაც მე უმეტეს შემთხვევაში ფართოდ ვიყენებ.
ბაქტერიოფაგის მოქმედების პრინციპს რომ დავუბრუნდეთ, ის ძალიან სპეციფიკურია. მოქმედებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებზე. მთელ ორგანიზმში მოძრაობს, ეძებს მავნე ბაქტერიას და "ჭამს" მას. როდესაც დარწმუნდება, რომ ორგანიზმში ბაქტერია აღარაა, თვითონვე გამოდის.
როდესაც მკურნალობა საჩქაროდ უნდა დავიწყოთ, ვნიშნავთ ფაგების კოქტეილებს, რომელიც არსებული პათოგენური, დაავადების ბაქტერიების დიდ უმრავლესობას ანადგურებს და საკმაოდ ეფექტურია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ვნიშნავთ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, იგი მოქმედებს სხვადასხვა ბაქტერიაზე, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება განვითარდესა. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ანადგურებს არა მხოლოდ მავნე ბაქტერიას, არამედ ის ებრძვის სასარგებლო, ე.წ. "მეგობარ" ბაქტერიასაც. სასარგებლო ბაქტერიების განადგურება კი ორგანიზმისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ფაგების კოქტეილის დანიშვნის შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაგები მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ. სწორედ ეს არის ბაქტერიოფაგის მთავარი უპირატესობა, რომ ნულოვანი გვერდითი მოვლენებით ვიღებთ ეფექტურ შედეგს.
მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს კი მათი (ანტიბიოტიკებისა და ფაგების) ერთდროულად დანიშვნაც მიღებული პრაქტიკაა.
რომ შეამოწმოთ, ჩართულია თუ არა ფილტვები დაავადებაში, შეიმოწმეთ სუნთქვის შეკავების უნარი. 30 წამი მაინც თუ შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება, შეიძლება მწვავე რესპირატორული დაავადების ბევრი სიმპტომი გქონდეთ, მაგრამ ფილტვები ჩართული არაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ სუნთქვის შეკავების დრო არ უნდა მცირდებოდეს. ბავშვებში 4 წლიდან შეგიძლიათ ამ მეთოდის გამოყენება.
ზოგადად, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფეცქიებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა არის ორგანიზმის გაკაჟება. გაკაჟებისთვის კი ცივი შხაპის ყოველდღიური მიღება იდეალურია. არ შეგეშინდეთ გაციების და ეს წესი დაიწყეთ ბავშვობიდანვე, შეაჩვიეთ პატარები ცივი შხაპის მიღებას.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, კარგი იმუნიტეტი, გაკაჟებული ორგანიზმი და დროული და ეფექტური სამედიცინო ჩარევა – სწორედ ამ კრიტერიუმების ერთობლიობა დაგიცავთ არა მხოლოდ ბაქტერიული გართულებებისგან, არამედ ნებისმიერი დაავადებისგან.