დიზაინერი ლელი შევჩენკო 8 მარტთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელსაც ჩვენს მკითხველებსაც ვთავაზობთ:
"8 მარტი ხშირად არის დღე, როცა კიდევ ერთხელ სწყინთ, თუ რატომ არ აგრძნობინეს თავი ქალებად საკუთარმა (და არასაკუთარმაც) მამაკაცებმა.
არადა, 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.
რეალურად, 8 მარტი ერთერთი ფემინისტური დღეა და ამ დღის აღნიშვნა კლარა ცეტკინის (გერმანელი კომუნისტის) სახელს უკავშირდება.
8 მარტი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ აღსანიშნავი და გასანაზებელ-გასაპრანჭი დღე სულაც არაა.
ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ მახსენებს რომ ქალები მიუხედავად იმისა, სუსტი სქესი შეგვარქვეს, ვართ მორალურად ძალიან ძლიერები. ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მყარად ვიდგეთ მიწაზე და ამავე დროს ვიყოთ ფარფატა და მეოცნებე პეპლებიც.
ქალს შეუძლია ფერფლიდან აღდგეს ძალიან ბევრჯერ, გადაიტანოს ბევრი ტკივილი, შვილი გააჩინოს ჯანმრთელობის ფასად და ნაწილებად დაშლილმა ისევ შეძლოს კეკლუცობა და ლამაზი იყოს...
ქალს შეუძლია, ეშინოდეს და სხვას მისცეს ძალა, სტიმული....
აღარ გავაგრძელებ - ქალს ძალიან ბევრი რამ შეუძლია.
8 მარტს კი არ გილოცავთ, მინდა, საკუთარი თავის რწმენა, დამოუკიდებლობა, შინაგანი ბედნიერების განცდა ყველა გოგოს და ქალს ჰქონდეს და არ შესჩერებოდნენ მომლოდინე თვალებით მამაკაცებს - მამებს, შვილებს, მეუღლეებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იმ იმედით, რომ კონკრეტულად ამ დღეს, 8 მარტს მაინც აგრძნობინებენ თავს ქალად, რადგან ეს ხომ ქალთა დღეა?!
ქალი ყოველთვის თვითკმარი უნდა იყოს, ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის შეეძლოს ჭრელი კაბის ფრიალი და გულიანი სიცილი. საკუთარ თავში ატარებდეს ბედნიერების განცდას."