"ჯობს, ერთ-ერთი ბრილიანტი იყო ბევრ ბრილიანტს შორის, ვიდრე ერთადერთი - ბევრ ნაგავში"
"მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა და საოცარი ბრძოლის უნარი. შეუძლია, ნებისმიერი ფიასკოსა და კრახის შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს. საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ მისგან განსაკუთრებულ რომანტიკას ნუ ელით. ზოგჯერ ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემის წარმოქმნის მიზეზი ხდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი ექიმისა და ტელეწამყვანის, ნინო ნადირაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, თუმცა ამ სფეროს მიმართ ინტერესი მეტ-ნაკლებად მაქვს. ასტროლოგიურ პროგნოზსაც პერიოდულად ვეცნობი. ოპტიმისტი ვარ, ყურების ჩამოყრა არ მახასიათებს. ახლა ჩემი წელია, იმედიანად ვარ განწყობილი, თუმცა ისიც ვიცი, რომ არც სიხარულს, არც ბედნიერებას ისე არავინ მაჩუქებს, ამაზე თავად თუ არ ვიზრუნე.
- შრომისმოყვარე ხართ?
- შრომას დაბადებიდან მიმაჩვიეს. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ რაღაც დავალებებს ვასრულებ.
- "დაუშრეტელი ენერგია, გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობა და უჩვეულო ოპტიმიზმი ახასიათებს".
- დიახ, ეს სამივე თვისება ჩემია.
- თქვენი ენერგიის წყარო რა არის?
- ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამამ მითხრა, დიდი ხარო. მას შემდეგ მთელი ცხოვრება სულ მქონდა ჩემს ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის გრძნობა, სულ სხვაზე ვზრუნავდი. ადამიანს სხვაზე ზრუნვის მომენტი გაიძულებს, არ მოდუნდე, ძლიერი იყო, რომ გქონდეს ძალა და საშუალება, ვისზეც პასუხისმგებლობას იღებ, მათთვის ბრძოლა შეგეძლოს.
- "მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბავშვური გულწრფელობა, გულუბრყვილობა და ბრძოლისუნარიანობა".
- დიახ, ჩემი მოტყუება ადვილია. ჩემს თავში ვერაგული გეგმები არასდროს მწიფდება და სხვის მზაკვრულ ჩანაფიქრსაც ვერ ვიგებ, მაგრამ როცა ის გეგმის განხორციელებას იწყებს, სწრაფად და ხისტად ვრეაგირებ, ამ დროს დაუნდობელიც კი ვარ. ვინც ჩემი ხასიათი იცის, ცდილობს, ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით არ ისარგებლოს. ამ დროს, ჩემში გაღვიძებული დაუნდობლობა არ მომწონს, პატიებაც მიჭირს.
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფთათვის საკუთარი ძალებისა და უპირატესობის დამტკიცება".
- არც უმაგისობაა, უფრო სწორად, ეს ახალგაზრდა ვერძის თვისებაა. სასიამოვნოა, როცა რაღაცები კარგად გამოგდის, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ბოლო დროს ვცდილობ, სხვებს გამოუვიდეთ ყველაფერი უკეთესად და მე თავი დამანებონ. სულ უფრო ვცდილობ, ჩრდილში ვიყო და საქმე ჩუმად ვაკეთო.
- "თავგამოდებით იცავს სამართალს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".
- დიახ, სამართალს ყოველთვის ვიცავ. ზოგჯერ დაჩაგრული ჩემს დაცვას სულ არ იმსახურებს, მაგრამ მაინც ვიცავ. ხანდახან თავს რომ მოიმკვდარუნებენ, მეცოდება, ამ დროს ჭკუაში მატყუებენ.
- ფიცხი ხასიათი გაქვთ?
- საკმაოდ, მაგრამ ვამჩნევ, ასაკის მატებასთან ერთად, ჩემი სიფიცხე იკლებს. ყველაფერზე აღარ ვბრაზდები. ამბავი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უნდა ეხებოდეს, რომ გადავფსიხდე. ვცდილობ, ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე წონასწორობიდან არ გამოვიდე.
- როგორ ფიქრობთ, ადამიანების კეთილგანწყობასა და სიმპათიას ადვილად იმსახურებთ?
- ადამიანებთან საერთო ენის პოვნა და ურთიერთობის დამყარება იოლად გამომდის. ის, რომ არასდროს ვიტყუები, ყველასთვის საგრძნობია, გულწრფელობა კი ყოველთვის მისასალმებელია. მოვწონვარ თუ არა, ჩემი გულწრფელობა ბევრს განაიარაღებს ხოლმე.
- მოუსვენარი ხართ?
- ძალიან. გაკვეთილზე 45 წუთი გაჩერება ჩემთვის წამება იყო.
- "მისთვის უმთავრესი ოჯახია".
- მართალია, ჩემთვის ოჯახი ყველაზე ფასეულია.
- "საიმედო, სტაბილური და მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ განსაკუთრებულ რომანტიკას მისგან ნუ ელით".
- რომანტიკას რატომაც არა?! მუდმივად რომანტიკულ განწყობაზე ყოფნა შეუძლებელია. საიმედო ნამდვილად ვარ, მაგრამ მგონი, ჩემი მეუღლე ჩემზე მზრუნველია. ჩემი მზრუნველობა ის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქმისა თუ ადამიანების მიმართ მაქვს, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე ნათესავები, მეგობრები.
იხილეთ სრულად