ყველა ზღაპრული პრინცესის ზურგს უკან ყოველთვის დგას რაიმე უსიამოვნება. მთელ მსოფლიოს ახსოვს ულამაზესი პატარძლები ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან - კეიტ მიდლტონი და მეგან მარკლი. ორივეს საქორწილო კაბა მომაჯადოვებელი იყო, რომლებზეც მსოფლიო დიდხანს საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა, კეიტისა და მეგანის კაბების დამზადებაში ერთი და იგივე მკერავი, ქლოე სევერჯი მონაწილეობდა. სწორედ მისი ოქროს ხელების დამსახურებაა კაბების ნაქარგები და სხვა ხელნაკეთი დეტალები, რამაც ასე აღარფთოვანა საზოგადოება.
აღმოჩნდა რომ დღეს 43 წლის მკერავი, სამი შვილის დედა, ქლოე სევერჯი შიმშილის ზღვარზეა. ძლივს აუდის გადასახადებს და შეიძლება უსახლკაროდაც დარჩეს.
ქლოე ჭრა-კერვის სამეფო კოლეჯში მუშაობდა, მრავალი მოსწავლე ჰყავდა და ბევრი შეკვეთა ჰქონდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მას შემოსავალი მოუსპო. თანხა შვილების გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნის. „საშინელი დროა, პრაქტიკულად, აღარ ვმუშაობ. ჩემი 14 წლის გოგო უარს ამბობს ზოგიერთ საკვებზე, რათა პროდუქტები დავზოგოთ“ - ამბობს ქლოე, რომელსაც არცერთი მოსწავლე აღარ ჰყავს. ერთ დროს ცნობილი მკერავი და მქარგავი ახლა თავს საქარგავი მოწყობილობების გაყიდვით ირჩენს.
ხელისუფლებამ მას მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სუბსიდიიდან გარკვეული თანხა მისცა, თუმცა ის მთლიანად ელექტროენერგიისა და წყლის დავალიანებას მოხმარდა. ქლოე დღეს ძველ ავტოფარეხში საქმიანობს და ყველაფერს აკეთებს, რომ წყლისა და დენის გარეშე არ დარჩეს.
არადა, კორონამდელ პერიოდში ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა - თანამშრომლობდა როგორც სამეფო ოჯახთან, ასევე მოდის სახლებთან და ცნობილ მოდელიერებთან. მისი ნამუშევრები არაერთ ცნობილ ფილმშიც მოხვდა. ბრიტანელებს იმედი აქვთ, რომ ქეით მიდლტონი მას შემწეობის გარეშე არ დატოვებს.