სინოპტიკოსები დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდის შენარჩუნებას ვარაუდობენ. უფრო კონკრეტულად, როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი და როდიდან გამოიდარებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც გვითხრეს:
- მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქნება წვიმა და თოვლჭყაპი, მთასა და მაღალ მთაში თოვლი. ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა ჯერჯერობით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ღამის საათებში ყინვის გაძლიერებას ვვარაუდობთ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შესაძლებელია -4 -7 გრადუსამდე დაეცეს ღამის მინიმალური ტემპერატურა. 16 მარტიდან ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით მოიმატებს, მაგრამ 17 მარტიდან კვლავ ველოდებით ნალექიან ამინდს, თუმცა სითბოს ფონზე. დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0 +5 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში დღეს +1 +6, ხოლო ხვალ +4 +9 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით, როგორც გითხარით, ჯერჯერობით ყინვა შენარჩუნდება. თბილისში -3 -5 გრადუსის ფარგლებში იქნება ამაღამ, ხვალ და ზეგ ღამით ტემპერატურა, ხოლო ხვალ დღისით +3 +5 გრადუსია ნავარაუდევი.
თამარ იაკობაშვილი