მომღერალ სალომე ბაკურაძეს შემოსავლის საკუთარი წყარო პატარა ასაკიდანვე გაუჩნდა. სამსახურის მოძებნა არასოდეს დასჭირვებია. მართალია, პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ძალიან დააზარალა და გამონაკლისი არც სალომე ყოფილა, მაგრამ მომღერალმა მოახერხა, საზოგადოებისთვის ახალი, ხალისიანი მუსიკალური კლიპი - "აღარ გიცდი" წარედგინა...
- კლიპი 2020 წელს, სექტემბერში, რეგულაციების დაცვით გადავიღეთ. ეს სიმღერა - "აღარ გიცდი" უკვე არსებობდა. ვიდეორგოლის გადაღება ძალიან მინდოდა. ჩემი მეუღლე, ნოდიკო ტატიშვილი, თაკო დოლაბერიძე და ნესტან სინჯიკაშვილი დამეხმარნენ, - ახლა დრო გვაქვს, კონცერტები არ არის, წინ და უკან სირბილი არ გიწევს და მოდი, კლიპი გადავიღოთო... ერთ დღეში შევიკრიბეთ. კლიპის მონაწილეებიც ისეთ დროს დავიბარეთ, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ, უხერხული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიტუაცია არ შექმნილიყო. ამიტომ დილის 9 საათზე დაწყებული გადაღება ღამის 3-ზე ძლივს დავასრულეთ... შემდეგ არჩევნები, არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო... მერე ახალი წელი დადგა: ამ დროს ხალხი საახალწლო პროგრამებს უფრო უყურებს... პრემიერისთვის ხელსაყრელ პერიოდს ველოდი. თან, კლიპის მონტაჟს გარკვეული დრო სჭირდებოდა... საბოლოოდ, კლიპის პრემიერა 2021-ში გაიმართა და ამ უმოქმედობის დროს, კიდევ უფრო თვალში საცემი გახდა... ფერადი, უპრეტენზიო ვიდეორგოლია - მომწონს. თითქოს მასში სათქმელიც არის: სხვადასხვა გარეგნობის, ინტერესების, ხასიათის მქონე, შემდგარი, დამოუკიდებელი ქალები მონაწილეობენ... საინტერესოა. თან, საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი, ვინც ვიდეორგოლის შექმნაში მონაწილეობდა და ვინც კლიპი ნახა, რა თქმა უნდა (იღიმის).
- პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა ფინანსურად ძალიან დაგაზარალა?
- დიახ და ერთადერთი ნამდვილად არ ვარ - საერთოდ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ძალიან დავზარალდით. ჩემი შემოსავლებიც უკვე დიდი ხანია, ნულს არ აღემატება. ოჯახის სხვა წევრების დახმარებით, რთულ პერიოდს ვუმკლავდებით, მაგრამ არსებობენ ჩემი კოლეგები, რომლებიც ოჯახის ერთადერთი მარჩენლები თავად არიან... ნამდვილად ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩემი წუხილი ვერაფერს შველის, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მიჭირს... ყველაზე მეტად, წუწუნი და რთულ სიტუაციებზე მსჯელობა არ მიყვარს, რადგან ამ დროს ფიქრი და კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს ჩემს ძალებს აღემატება.
- პანდემიამდე ფინანსური კრიზისი შეგქმნია?
- არა. მთელი ცხოვრება საქმე სტაბილურად მიჩნდებოდა: ღონისძიება, კონცერტი, სტაბილური სამუშაო ადგილი, სადაც კვირაში ერთხელ ვმღეროდი... პანდემიამდე ფინანსური კრიზისი ნამდვილად არ მიგრძნია. შემოსავალი ხან მეტი მქონდა, ხან - ნაკლები, მაგრამ "რაღაც ციფრები" ყოველთვის იყო.
- ცოლ-ქმარი ოჯახურ ბიუჯეტს როგორ განაგებთ?
- ერთადერთი, რაც მახსენდება, დიდი ყულაბა-ყუთია, რომელიც ჩემს მეუღლეს აჩუქეს. ჩავიფიქრეთ, რომ ამ ყუთში მხოლოდ 1 და 2-ლარიან მონეტებს ჩავყრით. წესით, რომ გაივსება, საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გამოვიდეს. შეგროვებული ფულით ჩვენს შვილს უცხოეთში, კონკრეტულად - იტალიაში სამოგზაუროდ წავიყვანთ. მოკლედ, ეს ყუთი "სანტას ყულაბაა" (
იღიმის).
- შენს 4 წლის ბიჭუნას ფულზე როგორი წარმოდგენა აქვს და თუ იცის ყულაბასთან დაკავშირებული ჩანაფიქრის შესახებ?
- კი, იცის, რომ ეს ყულაბა მისია და ფული იტალიაში მის მოგზაურობას მოხმარდება. იცის, რომ მაღაზიაში რაღაცას თუ აიღებს, ჯერ სალაროსთან უნდა "გავატაროთ". ასეთ კითხვებსაც მისვამს ხოლმე: - ძალიან ძვირი ხომ არ არის? მგონი, დღეში 3 სათამაშო ძალიან ბევრია, დედა, არაო?.. თუ კონკრეტულ სიტუაციაში ფინანსურად გამართული არ ვარ, შემიძლია, შვილს ამის შესახებ ვუთხრა და გაიგებს, - შეთანხმებას ვაღწევთ ხოლმე (
იღიმის).
- სიმღერის გარდა, ოდესმე სხვა საქმით თუ გიშოვია ფული?
- ჩემი მეუღლის ოჯახს სამედიცინო კლინიკა აქვს, რომლის საქმიანობაშიც ჩართული ვარ (საგარეო საქმეებში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში).
იხილეთ სრულად