1989 წელს, 2 ივლისს, თბილისის მე-5 სამშობიაროში ბიჭი დაიბადა, 4 კილო და 200 გრამი. დედას უთხრეს, რომ ბავშვი დაბადებისას გარდაიცვალა, თუმცა ქალი იხსენებს, რომ მისი შვილის ტირილის ხმა ესმოდა და ხედავდა, ხელებს როგორ ამოძრავებდა ჰაერში. ცეცილია დუბროვა-ბაბუნაშვილი უკვე დიდი ხანია შვილს ეძებს, მაგრამ, ამ დრომდე, მის კვალს ვერსად მიაკვლია. მას 3 გოგონა ჰყავს, ბიჭი 23 წლის ასაკში გააჩინა. მისი ვარაუდით, ბავშვი სამშობიაროში გაყიდეს. ცეცილია დუბროვა-ბაბუნაშვილი საკუთარ ისტორიას გვიყვება:
- ამ ამბავს დიდი ხანია ვიკვლევ, მაგრამ ჩემი შვილის კვალს ვერ მივაგენი. რომ არ გამეგონა ბავშვის ხმა და არ შემეხედა ხელებზე, რომელსაც ჰაერში აქნევდა, ალბათ დავიჯერებდი იმას, რაც სამშობიაროში მითხრეს. 9 თვე ყველაფერი ნორმალურად მიდოდა, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, ექოსკოპიაზე ბავშვის სუნთქვა და გულისცემა მოვისმინე. მის მოძრაობასაც ვგრძნობდი მუცელში, მაგრამ ერთი საათის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ბავშვი მკვდარი იყო. ექიმების ოჯახიდან ვარ, ჩემი ბებიები ექიმები იყვნენ. იმდენად დიდ პატივს სცემდნენ მათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. 4 კილო და 200 გრამი გაჩნდა ჩემი შვილი, თავად 58 კილო ვიყავი. ძალიან გამიჭირდა მაშინ, ფიზიკურად დაღლილი ვიყავი, საათების განმავლობაში მქონდა საშინელი ტკივილი. სამშობიაროში რომ მივედი, ბავშვი ჯდომით იყო. მშობიარობა რომ დამეწყო, შემოტრიალდა. თუ გარდაცვლილი იყო, როგორ შემოტრიალდებოდა? ასევე, შემიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც სამშობიარო ბლოკი არ იყო. ეს იყო ბოლო ოთახი, სადაც სამედიცინო ინსტრუმენტები იყო დალაგებული. ფანჯარაც არ ჰქონდა. მეორე დღეს, პალატაში რომ დამაწვინეს, ერთმა გოგომ მითხრა, თქვენ რომ იმ ოთახში შეგიყვანეს, არავინ გაგვაჩერეს კორიდორში, ყველა პალატაში შეგვიყვანესო. საკუთარი თვალით დავინახე, ატირებულ ბავშვს როგორ მოარბენინებდნენო. ექთანი მშობიარობის შემდეგ მეკითხებოდა, წითელა თუ მქონდა მოხდილი, რაიმე დეფექტი ხომ არ ჰქონდათ ჩემს შვილებს და ასე შემდეგ. მაშინვე დამაინტერესა, თუ ბავშვი გარდაცვლილი იყო, რატომ მეკითხებოდნენ ასეთ რაღაცებს. კიდევ ერთი ექთანი მახსოვს, ტიროდა და მითხრა, რომ თეთრი, ძალიან ლამაზი ბიჭი გავაჩინე... რამდენიმე დღე ვიღაც ბავშვი მოჰყავდათ ჩემთან და ძუძუს ვაჭმევდი, იქნებ ჩემი შვილი იყო ის ძალიან ლამაზი პატარა... დედას რძე არა აქვს და შენ აჭამეო. დღეში რამდენიმეჯერ მოჰყავდათ ჩემთან... სახლში ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში ვიყავი, თვალებიდან არ ამომდიოდა ჩემი შვილი. წავედი ისევ იმ საავადმყოფოში, ვიკითხე ექთანი, რომელიც ხშირად მადგა თავზე და მშობიარობასაც დაესწრო. ფანჯარა რომ გამოაღო, დამინახა და მკითხა, რა გინდაო. ვუთხარი, თუ მიცვალებულია ჩემი შვილი, გამატანეთ და სიმართლე მითხარით-თქო. ისეთი შეშინებული თვალები ჰქონდა, მიყურა და მერე მიყვირა, სახლში წადიო. მკვდარია და ნუ კითხულობო. მენაგვეებს გავატანეთ გვამიო.
ვნახეთ კიდეც მანქანა, რომელიც დადიოდა და ნაგავი გაჰქონდა, ის ხალხი გაგიჟდა, ასეთი რამ არ ხდებაო. ვფიქრობ, ჩემი შვილი გაყიდეს. პალატაში ძალიან მაქცევდნენ ყურადღებას. რომ ვიწექი, ვიღაც ორი, მაღალი ქალი მოვიდა, მნახველებს ჰგვანდნენ. წარმოსადეგი ხალხი იყო. მე მათვალიერებდნენ და ექთანმაც თითით ანიშნა ჩემზე, ეს არისო. მაკვირდებოდნენ და თითქოს რაღაცას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. მინდა ასევე ერთი დეტალი გავიხსენო, იქ ერთმა გოგონამ იმშობიარა, 6 თვის იყო, როცა შემოიყვანეს, ბავშვი მუცელში დიდი ხნის მკვდარი ჰყავდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ძლივს გადაარჩინეს. მე რომ კლინიკაში მივედი, ამ გოგონას უკვე გაჩენილი ჰყავდა მკვდარი ბავშვი. ახალგაზრდა იყო, ტიროდნენ, ძალიან წარმოსადეგი ხალხი იყო. ამ გოგონას ყველაფერი ამოაჭრეს, საშვილოსნო, საკვერცხეები, ხელს ვერ დავადებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, მისთვის მიეცათ ჩემი შვილი... ულამაზესი ცოლ-ქმარი იყო, არ მგონია, ბავშვის გარეშე გაეშვათ. გიჟი დედა ვარ, ჩემს შვილებს პატარა რაღაც რომ აწუხებთ, მაშინვე ვგრძნობ. ჩემი ბიჭი ცოცხალია, მე ამას ვგრძნობ. მინდა, ყველა იმ დედას, რომელსაც აყვანილი ჰყავთ ბავშვები, ვუთხრა, რომ ნუ დაუმალავენ თავიანთ შვილებს სიმართლეს. გოგონები მყავს, ხომ შეიძლება ჩემი ბიჭი ჩემი გოგონების ცხოვრებაში გადაიკვეთოს, ან ნათესავს შეხვდეს ვინმეს. მივმართავ ყველა დედას, რომ იცოდნენ მათმა შვილებმა თავისი ჯიში, გენები და იცნობდენენ თავიანთ დედმამიშვილს. არანაირი აგრესია არ მექნება, მოიპარა, მოაპარინეს, იცოდა თუ არ იცოდა, ახლა არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. იმ ქალმა ჩემი ბიჭი ჩაიხუტა და გაზარდა. ერთხელ მაინც მინდა შევხედო. თითქოს ჰაერის უკმარისობას ვგრძნობთ, ამ სამყაროში ჩემი შვილი დადის და მე მას ვერ ვხედავ. ამის აღწერა ძალიან რთულია.
თამარ იაკობაშვილი