ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".
საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.
ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იცავს". ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავა გრძელდება.
გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილისადმი ემოციურ მიმართვას მისი ყოფილი მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმურა:
"ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - დაწერა ანა აბაშიძემ.
ადვოკატის პოსტს გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაიაც:
"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო? პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
მას ბაია პატარაიამ ასე უპასუხა:
"და რა თანხას იღებდა? არაფერს, ნულს! ქონებაც კი არ გაუყო ნახევარი, რაის ნახევარი? ერთი 100 000 ძლივს მიაშავა მთელი ამხელა ქონებიდან ცოლს. შვილს კიდევ სახლს ართმევს. ასევე ალიმენტი ბავშვისაა და არა ცოლის, იქნებ ოდესმე შეიგნოთ ეგ ქართველმა კაცებმა".
თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასევე ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ანა თავხელიძე:
"ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
1. პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.
2. შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოაკტებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.
3. შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.
4. შემაკავებელი ორდერების განხილვისას დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.
5. ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა "ჩვეულებრივ" საქმეებში იყენებს.
6. სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა, მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.