იტალიელი მარია მონტესორი ცნობილი პედაგოგი და ფსიქოლოგი იყო, რომელმაც მსოფლიოს რამდენიმე წამყვან პედაგოგთან ერთად ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეოცე საუკუნეში ბავშვების პედაგოგიურ აღზრდაში. მარია მონტესორის აღზრდის მეთოდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ საბავშვო ბაღსა თუ ბავშვთა აღზრდის ცენტრში გამოიყენება, მისი აღზრდის მეთოდი ყველაზე მოდურია დღეს ევროპაში და არა მხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრები იყენებენ, არამედ ჩვეულებრივი მშობლებიც, ოჯახებში.
1988 წელს, იუნესკომ მეოცე საუკუნის 4 უდიდეს პედაგოგს შორის, ერთადერთი ქალი - მარია დაასახელა. მონტესორის პედაგოგიური სისტემის შექმნიდან საუკუნის გასვლის შემდეგაც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით საგანმანათლებლო დაწესებულება მისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს.
რომის უნივერსიტეტის ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობისას მარია მონტესორი ბავშვებთან მოპყრობისა და ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა და რამდენიმე წელიწადი მათ შესწავლაში გაატარა.
1907 წელს მარია მონტესორის სთხოვეს, პასუხისმგებლობა აეღო უსახლკარო ბავშვებზე, რასაც შედეგად რომის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვთა სახლის დაარსება მოჰყვა. „ბავშვის სახლში” მან შეიფარა ღარიბი, უსახლკარო და პედაგოგიურად ხელმიშვებული ბავშვები, რომლებსაც თავისი მეთოდით მალე შეასწავლა წერა-კითხვა და სამაგალითო მოწაფეებად აქცია.
„დამეხმარე, რომ გავაკეთო თვითონ“ - ეს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზია. მონტესორის სისტემაში თითოეული ბავშვი უნიკალური პიროვნებაა და მთავარი ადგილი მის ინტერესებს და სურვილებს უჭირავს. მასწავლებელი არ წარმოადგენს მკაცრ მენტორს. ის ბავშვის მეგობარი და პარტნიორია.
ბავშვი ვითარდება დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით, უფროსების ჩარევის გარეშე. ბავშვთა სახლში დიდები ზრუნავდნენ პატარებზე, პატარები კი აკვირდებოდნენ და ყველაფერს უფროსებისგან სწავლობდნენ. აღმზრდელები აქ მხოლოდ დამხმარეს როლს ასრულებდნენ. ისინი არ მიუთითებდნენ ბავშვებს, როდის და რამდენი უნდა ემეცადინათ. თუ ბავშვი დახმარებას ითხოვდა, აღმზრდელი იმ შემთხვევაში ეხმარებოდა.
ოთახში ყველა ნივთს საკუთარი ადგილი ჰქონდა და ყველამ იცოდა, რომ ის ნივთი იქ უნდა დაედოთ. ბავშვებმა იცოდნენ, რომ თამაშის შემდეგ ოთახი უნდა დაელაგებინათ.
სასწავლო მასალები არის სახლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გადებული ხიდი, სამყაროს მცირე მოდელი, რომლის მეშვეობითაც ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, უვითარდება სივრცეში კოორდინაციისა და წონასწორობის დაცვის მექანიზმები. სწავლება აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით – მხედველობით, სმენით, ყნოსვით, შეხებით.
მონტესორის განათლების სისტემა, უკვე 100 წელიწადზე მეტია, წარმატებით იყენებს ენის სწავლების საკმაოდ ეფექტურ მეთოდს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მყარ ზედაპირზე დამაგრებული ზუმფარის ქაღალდისგან გამოჭრილი ასოებით ვარჯიში.
მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ (რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებშია ჩატარებული) აჩვენა, რომ მონტესორის ბაღებისა და სკოლების მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს, სადაც მონტესორის ბაღები მოქმედებს, დიდი პედაგოგის უნიკალური მეთოდებით, საქართველოც შეუერთდა და სულ მალე თბილისშიც იხსნება მონტესორის ბაღი.
თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს. თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა დაშეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.