დაფიქრდით, რას არქმევთ შვილს - ყველაზე უცნაური სახელები საქართველოში
დაფიქრდით, რას არქმევთ შვილს - ყველაზე უცნაური სახელები საქართველოში
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ დაწესებულებაში სტუმრობისას ასეთ დიალოგს შევესწარი:
- თუ შეიძლება, სხივი ედიშერაშვილი შემოვიდეს.
- ქალბატონი სხივი ახლახან გავიდა, ნახევარ საათში დავბრუნდებიო. შემდეგი მე ვარ და შეიძლება, შემოვიდე? - შესასვლელისკენ გაემართა მამაკაცი...
სახელი "სხივი" თუ არსებობდა, იმ დღეს პირველად გავიგე და მაშინვე გამიჩნდა იდეა, უცნაური სახელების მქონე ადამიანებზე სტატია მომემზადებინა. ამიტომ, ჩემს ახლობელს, რომელიც მახლდა, ვთხოვე, - ცოტა ხანს გავჩერდეთ, სხივის დაველოდოთ, მინდა, გავესაუბრო-მეთქი. - რა გინდა, რა უნდა ჰკითხოო? - გაუკვირდა, მაგრამ ადგილიდან ფეხი მაინც არ მოვიცვალე... მალე
ჩემი ყურადღება ერთმა სანდომიანმა ქალბატონმა მიიქცია, ის კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით ამოვიდა და იმ კაბინეტისკენ გაეშურა, რომლის წინაც ჩვენ ვიდექით. მივხვდი, რომ ის იყო, ვისაც ველოდებოდი (ინტუიციამ არ მიმტყუნა).

სხივი ედიშერაშვილი:
- ეს სახელი მამამ დამარქვა, ჩემს მშობლებს ქორწინებიდან 7 წლის შემდეგ გავუჩნდი.

- რატომ დაგარქვა, არასდროს გიკითხავთ?
- როცა წამოვიზარდე და გავაცნობიერე, ეს სახელი ჩემ გარდა არავის ერქვა, დედას ვუსაყვედურე. მან დამამშვიდა, - შენი სახელი სითბოსა და სინათლესთან ასოცირდება, რატომ არ მოგწონს? შენმა დაბადებამ მზის სხივივით გაგვათბოო. მერე მეც შევეჩვიე...

- როცა უცნობ ადამიანებს სახელით წარუდგებით ხოლმე, რა რეაქცია აქვთ მათ?
- უმეტესად უკვირთ. ზოგს მოსწონს კიდევაც. ახალგაზრდობაში ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობა უნდა დამეწყო და იქ
საბუთების შესატანად მივედი. მდივანმა გოგონამ მითხრა: - უფროსი დაკავებულია, 1 საათში თუ მობრძანდებით, მიგიღებთო. ოთახიდან დერეფანში რომ გავედი, იქვე, ფოიეში რამდენიმე ბიჭი იდგა, რომლებმაც ჩემს დანახვაზე ჩაილაპარაკეს: - ეს მზესავით გოგო ვინ არისო? ერთ-ერთმა უპასუხა: - ამ გოგოს სხივი ჰქვია და მზესავით გაანათებს, აბა, რა იქნებაო? მივბრუნდი და ხელში ჩემი თანაკლასელი არ შემრჩა? მოგვიანებით ის ბიჭი, რომელმაც მზეს შემადარა, ჩემი მეუღლე გახდა. თავს არ ვიქებ, მაგრამ ლამაზი გოგო ვიყავი, თაყვანისმცემლები მეუბნებოდნენ, შენ გვერდით ყველა გოგო იჩრდილებაო (იცინის).
სხივი ედიშერაშვილი მართლაც ლამაზი ქალბატონია, მაგრამ ფოტოს გადაღება რომ ვთხოვე, იუარა. მე კი მასთან დამშვიდობების შემდეგ იმ ადამიანების მოძებნა განვაგრძე, რომლებსაც უცნაური სახელები ჰქვიათ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ინტერვიუს ჩაწერა ნიუტონთან მომიწევდა.

ნიუტონ გიგიბერია:
- ეს სახელი მამაჩემის დეიდაშვილის შვილმა დამარქვა.

- პროფესიით ფიზიკოსი ხომ არ არის?
- არა. მე რომ დავიბადე, მაშინ მოსწავლე იყო. ზუსტად იმ დღეებში სკოლაში ნიუტონის კანონი უსწავლია. როგორც ჩანს, მეცნიერის აღმოჩენამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როცა ჩემთვის სახელის შერჩევის დრო დამდგარა, უთქვამს: - ნიუტონი დავარქვათო. ასე დამერქვა ეს სახელი. როცა წამოვიზარდე, აღარ მომეწონა, მაგრამ რაღას ვიზამდი?

- სახელის შეცვლა არ გიცდიათ?
- როგორ არ ვცადე, მაგრამ უარი მითხრეს. არადა, ვიცი, რომ იმ პერიოდში სახელი ბევრმა ადამიანმა გამოიცვალა.
ჩემი შემდეგი რესპონდენტი - ხუნტული ნაჭყებია გახლავთ. როცა მასთან დაკავშირება ვცადე, მისმა ქალიშვილმა მიპასუხა: - დედა შინ არ არის, საღამოს საათებში დარეკეთო. ავუხსენი, მასთან დალაპარაკება რა მიზნითაც მსურდა, თან ვკითხე, - თუ იცით, ეს სახელი ვინ დაარქვა-მეთქი? - ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ დედას ხშირად ეუბნებიან, - რა კარგი ქალი ხარ და წესიერი სახელი ვერ შეგირჩიესო?! ქალბატონი ხუნტული შინ საღამოს დაბრუნდა. ის პროფესიით ექიმი გახლავთ და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს.

ხუნტული ნაჭყებია:
- ახალდაბადებულს მშობლები მეფერებოდნენ, - ჩვენი ხუნტულა გოგოო და ეს სახელიც ასე დამერქვა. სიმართლე გითხრათ, ხუნტულის რომ მეძახდნენ, არ მომწონდა, მაგრამ რა უნდა მექნა? ახლა რასაც გინდა, იმას დაირქმევ, ადრე სახელის შეცვლა ადვილი არ იყო. ხუნტული საბუთებში მიწერია, ისე კი ყველა ლიას მეძახის. თუმცა სამეგრელოში ბევრს ჩემზე უარესი სახელი ჰქვია.

- "უარესში" რას გულისხმობთ?
- დაზმირი, ავრორა... რა ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო? ისე, ბოლო დროს უცნაურ სახელებს სამეგრელოშიც აღარ არქმევენ.

- მშობლებს ამ სახელის შერჩევის გამო ხომ არ საყვედურობდით?
- არა, ეს სახელი სამეგრელოში ბევრს მოსწონდა. ჩემი სიყვარულით, არაერთ გოგონას ხუნტული დაარქვეს.
კიდევ ერთი უცნაური სახელი სატელეფონო ცნობარში ამოვიკითხე. ლაჟვარდი შევარდნაძეზე რეგისტრირებულ ნომერზე რომ დავრეკე, ქალბატონმა მიპასუხა. ავუხსენი, რომ ვმუშაობდი თემაზე - უცნაური სახელები და ვკითხე:
- ლაჟვარდი შევარდნაძესთან თუ შეიძლება დაკავშირება?
- ლაჟვარდი გარდაიცვალა, - იყო მისი პასუხი. მოვუბოდიშე და ის იყო დამშვიდობებას ვაპირებდი, რომ საუბრის გაგრძელება თავად მოისურვა.
- ჩემ შვილსაც უცნაური სახელი ჰქვია - პრომეთე.

- ეს სახელი თავად შეურჩიეთ?
- დიახ, ჩემს მამამთილს ერქვა პრომეთეოსი და მის პატივსაცემად დავარქვი.

- არ იფიქრეთ იმაზე, რომ მომავალში შესაძლოა, ამის გამო თქვენთვის ესაყვედურა?
- ვფიქრობდი, მაგრამ შევარდნაძეებს ასეთი უცნაურობები გვახასიათებს. ჩვენს ნათესავებს ერქვათ - ეფენდი, ევგრაფი და ჰიპოკრატე.

- თავად რა გქვიათ?
- ნანა.
- ქალბატონო ნანა, პრომეთე შინ არის?
- დიახ, დაელოდეთ.

პრომეთე შევარდნაძე, 29 წლის:

- როცა უცნობ ადამიანებს ეცნობი, როგორია მათი რეაქცია?
- თავიდან უკვირთ, მაგრამ არაფერს მეკითხებიან. სახელის გამო კურიოზები ნამდვილად არ მქონია.

- შვილები გყავს?
- არა, მაგრამ როცა მეყოლება, მათაც აუცილებლად უცნაურ სახელებს დავარქმევ.

- მაგალითად?
- ჯერ მოფიქრებული არ მაქვს. ბიჭი თუ შემეძინება, შეიძლება, მამაჩემის სახელი - ლაჟვარდი დავარქვა, ვნახოთ...

- თავის დროზე მამათქვენს ეს სახელი ვინ დაარქვა?
- ბაბუამისმა. როგორც ვიცი, ლაჟვარდი ბერძნული სახელია.
ახლა კეკლუცა ლომსაძეს გაგაცნობთ, მისთვის სახელი უფროს დას დაურქმევია, რის გამოც მას თურმე მთელი ცხოვრება საყვედურობს... ქალბატონი კეკლუცა მხიარული რესპონდენტი აღმოჩნდა:
- ბავშვობის წლები რაიონში გავატარე, 4-5 წლიდან გავაცნობიერე, რომ უცნაური სახელი მერქვა. მაგრამ ამაზე მაშინ დიდად არ მიფიქრია. რომ წამოვიზარდე, მეზობელი ქალების ლაპარაკს მოვკარი ყური, მეზობლის გოგოზე ჭორაობდნენ, - ყველა ბიჭს ეკეკლუცებაო. მასზე სხვა ცუდი რაღაცებიც თქვეს. მაშინ კი შემოვიკარი თავში ხელი, დედასთან გულგახეთქილი მივვარდი და ტირილით ვუთხარი, - კეკლუცი ცუდი სიტყვა ყოფილა-მეთქი. დედა მამშვიდებდა, მაგრამ მაინც დაჟინებით ვთხოვდი, - სასწრაფოდ სახელი გადამარქვით-მეთქი. ერთი პერიოდი ნუცას მეძახდნენ. სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ჯგუფელებმა ისევ კეკლუცად გამიცნეს (როგორც საბუთებში მეწერა), მაგრამ აღარ ვდარდობდი.
- კეკლუცი გოგო იყავით?
- (იცინის) ყველა გოგო კეკლუცია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ახალგაზრდობაში ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, ერთ-ერთის დედამ უნახავად, სახელის გამო დამიწუნა. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. ქმრის ახლობლებს კეკლუცი ჩემი მეტსახელი ეგონათ და მეუბნებოდნენ, - ნამდვილი სახელი გვითხარიო.
გაგრძელება
5900
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
MONIკა
0
ამ სახეეეეელების სჰემდეგ ვაფასებ ცჰემს სახელს)
12:21 / 09-12-2014
sara
0
კიდევ ერთ სახელს მოგაწვდით, კახეთში ერთ კაცს ლენსტალბერი ჰქვია ანუ ლენინისტალინიბერიას შემოკლებულ გაერთიანებული ვარიანტი დაარქვეს. რადგან დასაძახებლად რთული იყო შემდეგ შეუმოკლეს და სტალბერის ეძახიან.
07:13 / 09-12-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი