ნიკოლოზ ცისკარიძემ ბალეტის სამყაროში ადგილი დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა. მას ყოველთვის ასახელებენ ლეგენდარული მოცეკვავავეების გვერდით. თუმცა დღეს ამბობს, რომ პროფესიამ იმედები გაუცრუა. ნიკოლაიმ მიატოვა ბალეტი და მშობლიური თეტრი.
„ძალიან დიდი ხანია, გული ავიცრუე ჩემს პროფესიაზე“ - განაცხადა მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. ბალეტზე უარის თქმის მიზეზი სკანდალების სერია იყო, რომელიც მას პირდაპირ ან ირიბად შეეხო. ერთ-ერთი კი ნორჩ ბალერინას ანჟელინა ვორონცოვას უკავშირდება.
ანჯელინა დიდ თეატრში 2008 წელს მოხვდა. 16 წლის გოგონას ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ყველა დარწმუნებული იყო, რომ გოგონას დიდი მომავალი ელოდა, მითუმეტეს, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, როცა მის პედაგოგად ნიკოლოზ ცისკარიძე დაინიშნა.
ექსპერტები მოხიბლულები იყვნენ ვორონცოვას არტისტულობით, ნახტომებით, გრაციოზულობით. მოკლედ, ყველა თვისება ჰქონდა, რომ არა მარტო რუსეთის, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი გამხდარიყო. მან კი დასში ჩარიცხვიდან 4 წელიწადში ყველაფერი მიატოვა, უარი თქვა ბალეტსა და ბრწყინვალე კარიერაზე.
„ამ თაობაში ის მხოლოდ რუსეთში კი არა, მთელ დედამიწაზე არსებულ მოცეკვავეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან კი მიატოვა ყველაფერი და წავიდა. ვერ გაუძლო იმ სიბინძურეს, რაც თავს დაატყდა. ულამაზესი იყო და ნამდვილი ტალანტი ჰქონდა, ამიტომ უღალატა ყველამ. გარდა იმისა, რომ მის წინააღმდეგ ნამდვილი დევნა ხორციელდებოდა, გვერდით არავინ დაუდგა, მხარი არავინ დაუჭირა. 15 წლიდან სექსუალური შევიწროვების და დამცირების მსხვერპლი იყო“ - ამბობს ცისკარიძე.
მისი თქმით, გოგონას დიდი თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი სერგეი ფილინი ავიწროვებდა. ის ცისკარიძის მეგობარი იყო, ხშირად ურთიერთობდნენ თეატრის გარეთაც. ერთხელ კი ფილინმა ცისკარიძეს თავის ახალგაზრდა მოწაფესთან, ანჟელინა ვორონცოვასთან შუამავლობა სთხოვა. ფილინი ანჟელინას სექსუალური ხასიათის ქმედებებს აიძულებდა, სამაგიეროდ კი ჯილდოს და კარიერაში ხელშეწყობას ჰპირდებოდა. „ფილინმა პირში მითხრა: „ჭკვიანი ბიჭი ხარ, ურჩიე მას, დამთანხმდეს გარკვეულ შეთავაზებებზე და ყველაფერი მის სასარგებლოს აეწყობაო“. მე ვუთხარი, დღეიდან შენთან ლაპარაკიც კი გულს მირევს-მეთქი და წამოვედი“ - იხსენებს ცისკარიძე.
რუსეთის ბალეტის აკადემიის რექტორმაც აღიარა, რომ ანჟელინას ფილინი ავიწროვებდა. ამბობდა, რომ ახალგაზრდა გოგონას ძალიან დიდ სიბინძურესთან მოუხდა გამკლავება. ნიკოლაი კი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ არცერთმა მოცეკვავემ ახალგაზრდა კოლეგას მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ბევრი რამ ჰქონდათ გადატანილი. ნიკოლაის თქმით, დიდი თეატრის ძალიან ბევრ მსახიობს, როგორც გოგონებს ასევე ახალგაზრდა ვაჟებს, სცენაზე გამოჩენის გამო, დიდი ზეწოლის გაძლება უწევდათ. ერთმა ისიც კი თქვა, რომ „კინაღამ მოკლეს“. ამის მიუხედავად, არავინ დახმარებია. ამიტომაც ცისკარიძემ გული აიცრუა დიდ თეატრზე, ასევე კოლეგებზე, რომლებმაც იცოდნენ, რა პრობლემების წინაშე იდგა ახალგაზრდა მოცეკვავე და გვერდით არ დაუდგნენ ვორონცოვას. ნიკლაის თქმით, ანჯელინას ცრემლები არასოდეს დაავიწყდება. ცისკარიძის თქმით, წარმოდგენაც უჭირს, რის ფასად დაუჯდა ამომავალ ვარსკვლავს კარიერაზე უარის თქმა.
2013 წელს ფილინს თავს დაესხნენ და სახეში მჟავა შეასხეს. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დიდი თეატრის სოლისტმა პაველ დმიტრიჩენკომ აიღო. ამბობენ, რომ ეს ანჯელინასთვის გააკეთა. ტრავმის შედეგად ფილინმა ნაწილობრივ მხედველობა დაკარგა.
ნიკოლაი ამბობს, რომ მსახიობებზე ზეწოლა დიდ თეტრში დღესაც გრძელდება, რომ ბევრი გოგონა და ვაჟი, ვისაც ვარსკვლავობა სურს, ამის მსხვერპლი ხდება და ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს.