გია ჯაჯანიძემ ახლახან მორიგი იუბილე აღნიშნა. ახლობელთა მილოცვების პასუხად მან საინტერესო პოსტიც გამოაქვეყნა:
"ბაბუას მოსახელე ვარ, რომ დავბადებულვარ, უთქვამს, თოფი არ მქონდა, რომ გამესროლა და სანამ ცოცხალი ვიქნები, პატარა გიორგის სახელზე, ყოველ მის დაბადების დღეს ხეს დავრგავო.
6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა და ეს ტრადიცია მამაჩემმა გააგრძელა, ყოველ ჩემს დაბადების დღეს ხეს რგავდა. რომ გავიზარდე, მერე შეუდექი ბაბუაჩემის დაწყებულ საქმეს.
დღეს 59-ე ხე დაირგო ჩემს სახელზე.
მშვიდი ვარ, არასოდეს არ ვიბრძვი ბედნიერებისთვის.
მე ბედნიერი დავიბადე.
თუ გულში დიდი სიყვარული გაქვს, მაშინ ბედნიერება თავად გპოულობს.
მე დიდი სიყვარულით დავიბადე.
თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ღმერთი და კანონი აგებინებს პასუხს. მე არასდროს არ მქონია შემთხვევა, ვინმე დამნაშავედ გამომეცხადებინოს და პასუხი მომეთხოვოს.
ერთმა ბრძენმა ადამიანმა მასწავლა და მერე სხვისმა მაგალითებმა მაჩვენა, რომ თუ ადამიანს გულს ატკენ მიზანმიმართულად, სატკივარი არ გამოგელევა, სულიერი თუ ფიზიკური.
თუ დაგიშავა, შენ ნუ გადაუხდი სამაგიეროს, სამაგიეროს გადახდის დროს, უარეს ტრამვას იღებ. მიანდე ბედი განგებას.
რასაც ელოდები - ის მოვა, მთავარია მზად იყო.
ნუ იზეიმებ სხვის მარცხს.
თუ სიყვარულით ხარ სავსე, მაშინ შენში ვეღარ შემოიჭრება აგრესია, ეჭვი, ბოღმა, შური.
ნუ იქნები სხვის ჯიბრზე და გულის გასახეთქად ბედნიერი. გზაზე თუ ვინმე გადაგეღობება დაელოდე, თავისით წავა.
მე მიყვარს ლოდინი, ლოდინი აწრთობს სულს.
მადლობა სიყვარულისთვის.
მიყვარხართ..
გიორგი ჯაჯანიძე"