საქართველოში ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ყოველდღიურად იზრდება ფასები სხვადასხვა საჭირო პროდუქტსა და მომსახურებაზე, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის სოციალურ ფონზე. საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია გვესაუბრება, რამ გამოიწვია ეს პროცესი და რა მოლოდინი არსებობს:
- 3 ძირითადი მიზეზი არსებობს: პირველი, ეკონომიკა საკმაოდ შემცირდა. რაც განპირობებულია იმით, რომ ტურიზმიდან და, ზოგადად, იმ საწარმოებიდან, ფირმებიდან თუ ბიზნესებიდან, რომელთა საქმიანობის შედეგი უცხოური ვალუტის შემოტანა იყო, შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. იქიდან გამომდინარე, რომ დაგვაკლდა შემოსავალი, აღარ შეგვიძლია იმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რასაც ადრე ვახერხებდით. ამიტომაც, ლარმა დაიწყო გაუფასურება. ლარი რომ უფასურდება, ცხადია, იმპორტირებულ საქონელზე ფასების დონე იმატებს იმიტომ, რომ იმპორტიორებს ხარჯები უძვირდებათ. შესაბამისად, მწარმოებლების გარკვეული ნაწილი პროდუქციის იაფად გაყიდვას ვეღარ ახერებს და საერთოდ გადის ბაზრიდან. რადგან მწარმოებლების ნაწილი ბაზრიდან გადის, მიწოდება მცირდება, შესაბამისად, უფრო ნაკლები რაოდენობის ფირმა რჩება, რომლებიც შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქციას უკვე მაღალ ფასად ჰყიდიან. სწორედ ამას უკავშირდება ფასების ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე.
მეორე მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტს უკავშირდება. სახელმწიფომ დიდი საგარეო ვალი აიღო, რომელიც ლარში დააკონვერტირა და ხარჯავს. მთავრობა რომ აღნიშნულ ფულს ხარჯავს, საკმაოდ დიდ მოთხოვნას ქმნის იმპორტზე. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორს უცხოური ვალუტა ვერ შემოაქვს, იმ მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრე, ეს ისევ ლარის კურსს აზიანებს, კიდევ უფრო უფასურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი მწარმოებლების რაღაც ნაწილი ვეღარ გაუძლებს პროცესს, გავლენ ბაზრიდან და ფასების დონე კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.
მესამე საკითხი სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. მაგალითად, თურქული ლირა რომ უფასურდება, ადამიანებს, რომლებიც თურქეთიდან საქონლის იმპორტირებაში არიან ჩართულნი, მოლოდინი აქთ, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და ამერიკულ დოლარს ყიდულობენ. როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, ძალიან რთული სათქმელია.
თამარ იაკობაშვილი