მომღერალი მარიკა თხელიძე შვილთან და დედასთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს. სახლმა განახლებული დიზაინი მას შემდეგ შეიძინა, რაც მომღერალი დედა გახდა და ქვეყანას პატარა ნიკოლოზი მოევლინა. მარიკასთან სტუმრად მისულებს "სპაიდერმენის" ფორმაში გამოწყობილი ნიკოლოზი შემოგვეგება და მთელი ინტერვიუს განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია, ბოლოს კი სპეციალურად "შინისთვის" კამერის წინაც იპოზიორა.
ერთი თვალის მოვლებითაც იგრძნობა, რომ სახლის ბინადართ სისადავე უყვართ. ინტერიერი კრემისფერშია გადაწყვეტილი, სტილი კი თანამედროვე და მინიმალისტურია.
- ადრე ჩვენი ინტერიერი ცოტა უფრო სხვანაირი იყო. 2016 წელს გავაკეთეთ რემონტი და შევცვალეთ ოთახების განლაგებაც. ნიკოლოზზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინ გადავწყვიტეთ, სიახლეები შეგვეტანა. კოსმეტიკურ რემონტს ვაპირებდით, მაგრამ გამოვიდა, რომ გარკვეულწილად პროექტი შევცვალეთ. საძინებელი, რომელიც ახლა უკვე ჩემია, უცვლელი დარჩა, გავაკეთეთ ნიკოლოზის და დედას საძინებლები, აბაზანას შესასვლელი სხვა მხრიდან გავუკეთეთ, გავაერთიანეთ მისაღები და სამზარეულო და უფრო დიდი სივრცე გამოჩნდა. მართალია, დიზაინისა და რემონტის საკითხში დედა უფრო იყო ჩართული, მაგრამ ფერები ერთობლივად შევარჩიეთ.
მარიკას განკარგულებაში უზარმაზარი თეთრი საძინებელია, სადაც შეაღებ თუ არა კარს, სიქათქათე გჭრის თვალს.
- ეს ჩემი უზარმაზარი საძინებელია, რომელიც დედამ დამითმო, მას შემდეგ, რაც ისევ აქ გადმოვედი საცხოვრებლად.
მარიკას ოთახის გვერდით მისი შვილის საძინებელია, რომლის კედლები ნიკოლოზს აქვს მოხატული.
- მივეცი უფლება, რომ დახატოს კედლებზე. მთელ სახლს ემუქრებოდა იგივე, ამიტომ გადავწყვიტე, ერთ ოთახში მიმეცა ამის გაკეთების უფლება. ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, რომ ბავშვს მივცეთ სივრცე საკუთარი სურვილებისა და თვითგამოხატვისთვის, ჰოდა, გავითვალისწინე ესეც და არა მარტო ნიკოლოზს, მის მეგობრებსაც აქვთ უფლება, ამ ოთახში დახატონ კედლებზე და ითამაშონ.
ინტერვიუ სრულად და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, გაზაფხულის ნომერში.
მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს