აშშ-მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც დღემდე სჯერა შეთქმულების თეორიების, რომ კოვიდი გამოგონილი პრობლემაა, რომ ამ დიაგნოზით გარდაცვლილი დამიანების სტატისტიკა ყალბია და რომ ეს ადამიანები სხვა მიზეზებით დაიღუპნენ.
"ყოველ ჯერზე, როცა ვაწყდები ადამიანებს, ვინც პანდემიაში შეთქმულების თეორიებს ეძებენ, ამტკიცებენ, რომ კოვიდი გამოგონილი პრობლემაა, ის არ არსებობს, სტატისტიკა გაყალბებულია და ეს ადამიანები რეალურად არ გარდაცვლილან, ჩემი გონება წამებში აღადგენს ხოლმე ასეულობით თვალიდან მომზირალ სიკვდილს, ჩამქრალ თვალებს, ქაღალდზე დატანილ სიკვდილის დროს, კარდიოგრამაზე დაფიქსირებულ სწორ ხაზებს და მინდა ამ ადამიანებს სათითაოდ მოვუყვე ეს ისტორიები...
ყველა მათგანს ერთი საერთო თვისება აერთიანებს, ასეულობით ათასი სიკვდილი არგუმენტად არ ჰყოფნით, დაუზარებლად ამტკიცებენ კედელ-კედელ, ეთერ-ეთერ, ადამიანი ხომ ისედაც მოკვდავი არსებაა და სხვა ვირუსული დაავადებებიც კლავენ, მაინც და მაინც კოვიდი რატომ უნდა გახდეს მნიშვნელოვანიო?.. მათ რწმენას კიდევ ბევრი სიკვდილი სჭირდება... ასე ამბობენ თვითონ... გრიპის და კოვიდის „სიკვდილებს“ ადარებენ და არ გამოსდით საკმარისი გარდაცვლილი, რომ უბედურების მაშტაბებში დარწმუნდნენ.
დღეს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა სტატია „Learning From Excess Pandemic Deaths“.
სტატიაში გაციფროვნებულია ჩვენ რომ ვერ ავამუშავეთ, ის გაჩერებული გულები...
=> ერთი წლის განმავლობაში 538.244 კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ამერიკაში, 2.727.837 - მსოფლიოში...
=> H1N1 ინფლუენზა 2009-2010 წლები 12.469 გარდაცვლილი ამერიკაში, 151.700-575.400 - მსოფლიოს მასშტაბით...
=> 1968 წელი H3N2 ინფლუენზა პანდემია 40.000 სიკვდილი ამერიკაში, 1.000.000 გარდაცვლილი მსოფლიოში...
=> 1957 – 1958 წლები H2N2 ინფლუენზას პანდემია, 60.000 გარდაცვლილი ამერიკაში, 2.000.000 გარდაცვლილი მთლიანად მსოფლიოში...
=> 1918-1919 წლების ესპანური გრიპით გამოწვეული პანდემია, 675.000 სიკვდილი ამერიკაში, 50.000.000 გარდაცვლილი მსოფლიოს მაშტაბით.
მხოლოდ ამერიკაში, კოვიდ-19-ით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი აღემატება მეორე მსოფლიო ომში, ვიეტნამის და კორეის ომებში დაღუპული ადამიანების რიცხვს...
კიდევ რამდენი სიკვდილი აკლია თქვენს რწმენას?... - წერს ნანა გეგეჭკორი და კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებთან მუშაობის უმძიმეს პერიოდს იხსენებს:
"ამერიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია, უმეტესი პროცედურები, ოპერაციებიც კი ამბულატორიულად კეთდება და ჰოსპიტალში მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები ხვდებიან (ასეა არა-კოვიდ პერიოდშიც). კოვიდ-ღამეები წარმოუდგენელი გამოდგა. საშუალოდ 12-15 უმძიმესი პაციენტის მიღება მიწევდა ერთ ინტერნთან ერთად. მეორე კვირისთვის, ჰოსპიტალში, თითქმის აღარ იყო კოვიდ ავადმყოფის გარდა სხვა არავინ.
ლამის ყოველ საათში ჩერდებოდა გული ან სუნთქვა, ან ორივე ერთად ჰოსპიტლის რომელიმე პალატაში... ასეთი პაციენტის რეანიმაცია კი არც ისე ხშირად იყო წარმატებული. ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დამარცხებულს და განადგურებულს უნდა გეპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ სხვა პაციენტებისთვის მიგეხედა. პრობლემა მარტივ რამეში იყო. გულს კი ავამუშავებდით, მაგრამ ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანებისას, ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ჟანგბადს ვერაფრით ჩაასუნთქებდი პაციენტს, ვენტილაციის იდეალური პარამეტრებით მართვის პირობებშიც კი. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს ფილტვების დაუზიანებელი ქსოვილი თითქმის არ ჰქონდათ.
მითუმეტეს, ამ პერიოდში გადავსებულ ჰოსპიტალში მხოლოდ უკიდურესად მძიმე, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები ხვდებოდნენ. სხვებისთვის ფიზიკურად ადგილი არ იყო და მათ ტელემედიცინით სახლში მართავდა ამბულატორიული ჯგუფი. სწორედ ამ პაციენტთაგან უმძიმესებში გვიწევდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, შესაბამისად გადარჩენის შანსებიც პრაქტიკულად ნულთან იყო მიახლოებული. მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკის ამ ნაწილის, „ეკმოს“ ცენტრიცაა, ამიტომ ერთდროულად ბევრი პაციენტის „ეკმოზე“ ყოლის საშუალება გვაქვს. ეს შესაძლებლობაც პირველ რამდენიმე დღეში ამოიწურა. არასდროს მანამდე არ ყოფილა შემთხვევა ყველა შესაძლო ადგილი ერთდროულად ყოფილიყო დაკავებული. ორი-სამი კვირის თავზე მთელი ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიის პალატებად იქცა და მართლა უმძიმესი პაციენტებით გადაივსო. თვეების განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთ ჰოსპიტალს, ერთდროულად 400-ზე მეტი პაციენტი ჰყავდა მართვით სუნთქვაზე. ეს იმაზე მეტია რაც პიკის დღეებში, მთელს საქართველოში ერთად. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ლამის ომის მოგების ტოლფასი გახდა, იმდენად რთული ამოცანა იყო იმ პირობებში, როცა დაავადებაზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე თითქმის არანაირი სანდო ლიტერატურა არ არსებობდა. შეიძლება პათეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა მქონდა განცდა, რომ სიკვდილი მიყურებდა ასეულობით თვალიდან... ამ შეგრძენებას ისიც ამძაფრებდა, რომ ლამის ყველა პაციენტი მართვით სუნთქვაზე ან სხვა და სხვა ტიპის ჟანგბადის წყაროზე იყო მიერთებული და პრაქტიკულად მხოლოდ მათ თვალებს ვხედავდი. ისინიც მხოლოდ თვალებს ხედავდნენ ჩემსას, ისიც დამცავი სათვალიდან, რადგან სპეციალურ ანტივირუსულ კამუფლიაჟში ვიყავი შეყუჟული...
მალე მეც კოვიდ-პაციენტი აღმოვჩნდი და სიკვდილის შიში უკვე ჩემი ნაწილი გახდა...
ჩემს ოთახში, იზოლაციაში მყოფი, ასეულობით, შეშინებული ადამიანის წერილს ვპასუხობდი და ასე ვცდილობდი ფხიზლად ყოფნას. დაძინების მეშინოდა, ზუსტად არ ვიცოდი კიდევ ერთხელ გათენდებოდა თუ არა ჩემთვის. შიშზე ხმამაღლა საუბარს ვერ გავბედავდი, ასე მხოლოდ შევაშინებდი ადამიანებს, ვისაც ჩემზე დარდი ისედაც არ ასვენებდათ.
გრძელი ისტორიაა... ჯერ-ჯერობით ამაზე ფიქრიც კი მიჭირს..."- წერს ექიმი.