"ვიცი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები "ცხელ გულზე" არ უნდა მივიღო, ამას ყოველთვის ვახერხებ", - ამბობს მსახიობი ანა მჭედლიძე. რისი ეშინია ყველაზე მეტად, ვინ ენატრება, რას უფრთხილდება, რის გამო იღებს საყვედურებს და რას უწოდებს ის "ბედისწერას"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1992 წლის 27 აგვისტო.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი და ფოსტალიონი. ფოსტალიონობა იმიტომ მინდოდა, რომ სახლების დათვალიერება მიყვარს და ვფიქრობდი, ეს პროფესია ამის შესაძლებლობას მომცემდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...(ფიქრობს) რას ამბობენ? არც დავკვირვებივარ, ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხოლმე ხაზგასმას. უმეტეს შემთხვევაში, მესმის, რომ მეგობრული ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...დიდად არც არაფერს შევცვლიდი, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. ფოსტალიონობის შემდეგ (იცინის) მომინდა, მსახიობი გავმხდარიყავი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ოჯახის წევრები და მეგობრები კარგად მყავს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვუყურო ფილმებს, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ფილმი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა...
- ...არის რეჟისორ ჯუზეპე ტორნატორეს "ახალი კინოთეატრი პარადიზო". დღემდე უძვირფასეს ფილმად რჩება, მისი ნახვისას, მთელი საათი ვტიროდი. ემოციურად ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმებზე ტირილი მჩვევია.
- ფილმი, რომელშიც სიამოვნებით ვითამაშებდი...
- ...არაერთია, იმდენად ბევრი ფილმი მომწონს და მიყვარს, ახლა ერთ-ერთის დასახელება მიჭირს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...პასუხისმგებლობის გრძნობაა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ბევრი გამოსასწორებელი თვისება მაქვს, მაგრამ ამ თვისებებთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიე. არ მომწონს, რომ დეტალებზე ორიენტირებული ვარ, ეს მაწვალებს, დამღლელიც არის. ხშირად ისეთ წვრილმანებზე ვფიქრობ, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა, ეს ფიქრები მაგიჟებს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვნანობ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ის შეცდომა უკვე წარსულია, განვლილი ეტაპია, მან რაღაც მასწავლა. უკვე დაშვებული შეცდომების გამეორებასაც არ გამოვრიცხავ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ შეცდომას ყველა უშვებს. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს ეს დაშვებული შეცდომები ვაპატიოთ.
- პატიება შემიძლია...
- ...ადვილად არ ვბრაზდები, ადვილად არ მწყინს ადამიანებისგან, ბევრი რამ გულთან ახლოს არ მიმაქვს. ძალიან ცუდი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ჩემზე იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში, პატიება მიჭირს, დავიწყებას ვერ ვახერხებ. განაგრძეთ კითხვა