„პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს
„პირით სუნთქვა სრულფასოვანი სუნთქვა არაა“ - ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე გართულებებზე, რომელსაც ცხვირით სუნთქვის შეზღუდვა იწვევს
ცხვირით სუნთქვის გაძნელება, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული, ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ყურების დაგუბება, ძილის დარღვევა, ხვრინვა, დაღლილობა და მოთენთილობა, თავის ტკივილი - თუ ამ სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, რომელიც ცხვირის ძგიდეს შეამოწმებს და ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტირების საფუძველზე გეტყვით, გაქვთ თუ არა ცხვირის გამრუდება და საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. კვლევებით დადასტურებულია, რომ თეთრი რასის წარმომადგენლების 99%-ს გამრუდებული ძგიდე აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა საოპერაციოა. ძგიდის გამრუდება ცხვირის ნიჟარების დეფორმაციასაც იწვევს.
უფრო
დეტალურად ცხვირით სუნთქვის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და გამოსავალზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბერდია ბერიძე გვესაუბრება.
„ზოგადად, ცხვირის ღრუ ძალიან სპეციფიკური ორგანოა და მისი გამართული ფუნქციონირება მეტად მნიშვნელოვანია. ორგანიზმის ჟანგბადით სრულფასოვნად გასაჯერებლად ცხვირით სუნთქვა აუცილებელია. შესნუთქული ჰაერი უნდა გათბეს, დატენიანდეს, მსხვილი ნაწილაკები მოშორდეს და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს ქვედა სასუნთქ ორგანოში ანუ ფილტვებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ორგანიზმის ჟანგბადით სრულად გაჯერება. პირით სუნთქვის შემთხვევაში ჟანგბადით გაჯერება არასრულფასოვნია და ამიტომ, მათ, ვინც პირით სუნთქავს, ხშირად აწუხებს თავბრუსხვევა, უძილობა, მოთენთილობა. ცხვირით სუნთქვას კი, როგორც წესი, ორი პრობლემა - ძგიდის გამრუდება და ნიჟარების დეფორმაცია უშლის ხელს,“ - განმარტავს ბერდია ბერიძე.

- რა იწვევს ძგიდის გამრუდებას?

- ძგიდის გამრუდება თეთრი რასის წარმომადგენლების
დიდი პრობლემაა. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი ძგიდის გამრუდება. როდესაც ადამიანი გამრუდებული ძგიდით იბადება, მისი ორგანიზმი დეფორმაციასთან ადაპტირებულია. პრობლების კომპენსაცია მეორე ნესტოთი ხდება და ფილტვები საჭირო რაოდენობით გამთბარ, დატენიანებულ ჰაერს იღებს. ამ შემთხვევაში დეფორმაცია სამშობიარო გზების გავლის დროს ხდება ხოლმე, რაც ზოგადად, სახის ძვლებისთვის უდიდესი ტრავმაა. თუმცა, როგორც გითხარით, ორგანიზმი აღნიშნულს ეჩვევა და ქირურგიული ჩარევა ყოვლეთვის აუცილებელი არაა.
რაც შეეხება შეძენილ ძგიდის გამრუდებას, ეს უმეტესად პატარა ასაკში თამაშის ან წაქცევის, დიდობაში კი - ჩხუბისა და ავარიების დროს ხდება ხოლმე. სპორტსმენების შემთხვევაში მას პროფესიულ დაავადებას უწოდებენ.

- როდის არის ძგიდის გამრუდება საოპერაციო და როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა?

- როცა ძგიდის გამრუდება თანდაყოლილია, ორგანიზმი მასთან ადაპტირდება და ხშირ შემთხვევაში ოპერაცია საჭირო არაა. თუმცა გარკვეულ ეტაპზე ორგანიზმი დახმარებას ითხოვს, რაც ცხვირის გაჭედვით და სუნთქვის გაძნელებით გამოვლინდება. ამ დროს პაციენტს ფიბროსკოპიას ვუკეთებთ. ეს ცხვირის ღრუს ღრმა დათვალიერებაა, რომლის შედეგადაც ისმება დიაგნოზი - ძგიდის გამრუდება. თუმცა ოპერაციის დასანიშნად კიდევ ერთი კვლევაა საჭირო. ეს არის ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა, რომელიც დიაგნოზს მაქსიმალურად ობიექტურად სვამს, რადგან გვაჩვენებს კონკრეტულად რომელ ადგილზე აქვს ძგიდეს პრობლემა, რამდენი მმ-ით არის გამრუდებული. ამავე კვლევით ვიგებთ, რამდენი ლიტრი ჰაერი შედის ნესტოში დროის კონკრეტულ მომენტში და მას სტანდარტს ვადარებთ. ამ კვლევის გარეშე ძგიდის გამრუდების ოპერაცია არ იგეგმება, რადგან მის გარდა არაერთი პრობლემა არსებობს, რაც ადამიანს სუნთქვაში ხელს უშლის. მაგალითად, ასეთია რინიტი, რომლის სხვადასხა სახეობის გაჩენასა და განვითარებას დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა უწყობს ხელს.

- რა პრობლემაა რინიტი და რა იწვევს მას?

- რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის 200-ზე მეტი სახეობის არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად ალერგიული და ქრონიკული რინიტი გვხვდება. როგორც წესი, მას მტვერი, ბუმბული, მატყლი, ბეწვი იწვევს. ზოგადად, სასურველია, ბუმბულისა და მატყლის ლოგინი ხმარებიდან ყველამ ამოიღოს. შეიძლება ტესტით მტვერზე ალერგია არ უდასტურდებოდეს ადამიანს, მაგრამ მტვრის ტკიპა, რომელიც მატყლსა და ბუმბულში ბინადრობს, მას მაინც უქმნის პრობლემებს. ის ღამით ცხვირის ლორწოვანს აღიზიანებს და ცხვირის გაჭედვას იწვევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი იყენებენ გამხსნელებს, რომლის ხშირი გამოყენებაც თავის მხრივ დიდ გართულებებს იწვევს.
ანალოგიურად ცხვირის ლორწოს გაღიზიანებას იწვევს მშრალი ჰაერიც. პრობლემა განსაკუთრებით აქტიურდება ზამთარში, როდესაც დახურულ სივრცეებში გამათბობელია ჩართული. ამიტომ სასურველია, რომ ღამით ძილის დროს ოთახში ჩართული იყოს ჰაერის დამატენიანებელი. ტენიანობა დაახლოებით 55%-65% უნდა იყოს.

- ცხვირის გამხსნელების ხანგრძლივად გამოყენება რატომ არის საშიში?

- ცხვირის გამხსნელების ხანგრძლივად გამოყენება მედიკამენტოზურ რინიტს იწვევს. მყოლია პაციენტები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში სისტემატიურად იყენებენ გამხსნელებს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. თითოეულ პრეპარატს ანოტაციაში უწერია, რომ მისი გამოყენება შეიძლება 5, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში. 7 დღის შემდეგ კი მიდის უკურეაქცია და გახსნის ნაცვლად, უარესად გაჭედვა ხდება. ამ დროს ჩნდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. გამხსნელებზე უარის თქმა გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ასეთ პაციენტებს ვუნიშნავთ ჩანაცვლებით თერაპიას - პრეპარატებს, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში მიჩვევას და გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ერთთვიანი კურსის შემდეგ თუ ჩვენთვის და პაციენტისთვის სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, მაშინ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ეს არის გადაგვარებული ნიჟარების პლასტიკური ოპერაცია გაჭრის გარეშე.
გარდა აღნიშნულისა, ადამიანები, ვინც გამხსნელებს ხანგრძლივად იყენებენ, ინფარქტისა და ინსულტის რისკის ქვეშ არიან. გამხსნელი პრეპარატები სისხლძარღვებს ავიწროებს და ეს შევიწროება ხდება ყველგან, მათ შორის, გულშიც. სწორედ ეს განაპირობებს გულის დაავადებების გაჩენის საფრთხეს.
გამხსნელების ძალიან ხანგრძლივმა გამოყენებამ ცხვირის ძგიდის გახვრეტაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

- რას გულისხმობს ნიჟარების ოპერაცია?

- ნიჟარების ოპერაციის დროს არ შეიძლება მათი მოჭრა. მოჭრის დროს ძალიან პარადოქსულ სურათს ვიღებთ, რადგან ცხვირში არის გამოთავისუფლებული ადგილი და ადამიანი წესით კარგად უნდა სუნთქავდეს, მაგრამ ვერ სუნთქავს, რადგან შესუნთქული ჰაერის ნაკადის მიმართულება იცვლება. მისი 90% ცხვირში რჩება და ტრიალებს, მხოლოდ 10% - გადადის ფილტვებში. შედეგად კი ადამიანი პირით სუნთქვას იწყებს. მოკვეთილი ნიჟარების ქირურგიულად გამოსწორება ბევრად რთულია, ვიდრე გამხსნელების ხანგრძლივი შესხურებით მიღებული პრობლემების.
ადრე ნიჟარების ოპერაციის დროს მას წვავდნენ ხოლმე, რაც ასევე არ შეიძლება.

- ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ერთმანეთთან რა კავშირშია? ერთი გართულება მეორეს იწვევს თუ დამოუკიდებელი პრობლემებია?

- ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ცხვირის თითოეულ ნესტოში 3-3 ნიჟარა გვაქვს, რომელთაგან ქვედა ნიჟარა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის სუნთქვაში იღებს მონაწილეობას. როცა ერთი ნიჟარა გაბერილია, მეორე - დაპატარავებულია. გამრუდებული ძგიდე ნიჟარას ჭყლიტავს და ის გაბერვა-დაპატარავებას ვეღარ ახერხებს. ამ დროს მეორე ნიჟარა იზრდება ზომაში და აღარ პატარავდება. სწორედ ამიტომ ცხვირის ძგიდისა და ნიჟარების პრობლემები უმეტესად ერთმანეთთან პლასტიკის გაკეთების გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ქირურგი საოპერაციო მაგიდასთან ძგიდის გასწორების დროს იღებს. ამ დროს ის ნახულობს, რა ვითარებაშია ნიჟარები, ითვალისწინებს ფიბროსკოპიისა და ცხვირის ფუნქციური კვლევის შედეგებსაც და ასე იღებს გადაწყვეტილებას.

- რამდენად რთულია ძგიდის ოპერაცია?

- საშუალო სირთულის ოპერაციად ითვლება. ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია. კეთდება შიგნიდან, ცხვირის ღრუში. პაციენტს გარედან არაფერი ეტყობა, არც თვალები ულურჯდება და არც ფიქსატორი სჭირდება. ოპერაცია ნარკოზით კეთდება და პაციენტს მეორე დღეს სახლში ვუშვებთ.
როგორია პოსტოპერაციული პერიოდი? რეალურად 70 სმ სიგრძის ტამპონი თავსდება ცხვირის ღრუში?
ოპერაციის შემდეგ ცხვირის ღრუში თავსდება 10 სმ სიგრძის და 1,5 სმ სისქის მარლის ტამპონები. ადრე მართლაც უდებდნენ 70 სმ სიგრძის ტამპონებს, რომლის გამოღებაც ძალიან მტკივნეული იყო. ტამპონები, რომელსაც დღეს ვუდებთ, მარტივი ამოსაღებია და არც დიდ ტკივილთან არაა დაკავშირებული. მესამე დღეს მოდის პაციენტი მის ამოსაღებად. ხშირად ჩვენთან მოსვლამდე დაცემინების დროს ნაწილობრივ თავისითაც ვარდება ხოლმე. ოპერაციის შემდგომი მთავარი დისკომფორტი ის სამი დღეა, როდესაც პაციენტს ტამპონები აქვს ცხვირში და პირით სუნთქვა უწევს.
ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა სილიკონის ტამპონები, თუმცა ის ამოსაღებად ბევრად რთულია. მარლის ტამპონი გამოვიყენოთ თუ სილიკონის, თავად პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა რეალურად მარლის უკეთესია.
ოპერაციიდან 1-1,5 თვის შემდეგ პაციენტი პოსტოპერაციული შეზღუდვებისგან სრულად თავისუფლდება.

- რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო, რომ ცხვირით სუნთქვის პრობლემები არ შეგვექმნას?

- ცხვირის ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც კბილების გახეხვა არის ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი, ისევე უნდა გავხადოთ ცხვირის გამორეცხვაც. დღეს აფთიაქებში ფართოდ ხელმისაწვდომია ცხვირის გამოსარეცხი მოწყობილობები, რომლებიც პროცედურის ჩატარებაში დაგეხმარებათ. ცხვირის სისტემატიური გამორეცხვით დაცული იქნებით ბაქტერიების, მტვრის, ალერგენებისა და ვირუსების სასუნთქ სისტემაში მოხვედრისგან.
და კიდევ ერთი აუცილებელი რჩევა. მოერიდეთ ცხვირის გამხსნელი წვეთების ხანგრძლივ გამოყენებას. ეს არის მოწოდება, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

ბერდია ბერიძესთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

429
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები