ორიოდე დღის წინ გარდაიცვალა ყველასთვის საყვარელი მწერალი გურამ დოჩანაშვილი, რომლის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დაწყვიტა გული. სამწუხაროდ, ძალიან კეთილი ნაწარმოებების მუდამ ღიმილიან ავტორს არც ისე უღრუბლო ცხოვრება ჰქონდა და დიდი ტრაგედიაც გადაიტანა.
მომავალი მწერალი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა თბილისში. მისი მამა, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა, გულნარა ემხვარი - აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი.
ბავშვობაში თბილისის სხვადასხვა უბანში იზრდებოდა. სკოლაში სწავლასთან ერთად, სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ახალგაზრდობისას აქტიურად იყო ჩართული პატრიოტულ საქმიანობაში. 17 წლისა შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“ და სკოლის მეგობრებთან ერთად დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით. სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
მისი პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „მთის გადაღმა“ 1966 წელს გამოიცა. ამავე წელს, მას და მის მეუღლეს — ნათელა სეფიაშვილს — პირველი შვილი შეეძინათ - ქალიშვილი ქეთო. დოჩანაშვილის მეორე შვილი — ირაკლი — 1968 წელს დაიბადა.
სამწუხაროდ, 1990 წელს, მწერლის ვაჟი ირაკლი 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა - აივნიდან გადავარდა...
ირაკლი ბევრს ახსოვს ფილმ-ზღაპრიდან "ჯადოსნური ღამე".
მწერლის ქალიშვილი ქეთევანი პედაგოგი გახდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ( „სარკე“, 27 მაისი, 2009 წელი) ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აირჩია ეს პროფესია და რატომ არ დაიწყო წერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"როგორც თითქმის ყველა ბავშვს, მეც მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. სტუდენტობის დროს პრაქტიკაზე რომ წაგვიყვანეს, მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე მასწავლებლობა. იმ სკოლის პედაგოგმა გვითხრა, იმ ბავშვებს, უკან რომ სხედან, კითხვები არ დაუსვათ, მაინც ვერაფერს სწავლობენო. ამას ვერაფრით დავეთანხმე და მათ თვალწინ ჩემი ახსნილი გაკვეთილი სწორედ იმ ბავშვებს გამოვკითხე. ყველამ მიპასუხა. ჩემი ღრმა რწმენით, თუ მოინდომებ, ნებისმიერ ბავშვს ყოველთვის ყველაფერს გააგებინებ. მთავარია, ბავშვს შეუქმნა რწმენა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია, ოღონდ – ცოდნის საფუძველზე. თითქმის 20 წელია ვმუშაობ და არ შემხვედრია ბავშვი, რომელმაც სწავლა ვერ შეძლო. როცა რამე არ გამომდიოდა ბავშვთან, ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი და ვცდილობდი, სხვა გზით მიმეწოდებინა.
– როგორც ყველა ქართულ ოჯახში, ჩვენთანაც ასე იყო – დედაც ერეოდა და მამაც. მამა სწავლას არანაირად გვაძალებდა, არც – დედა, მაგრამ ის უფრო გვაკონტროლებდა. მეც და ჩემი ძმაც ბევრს ვკითხულობდით და მამა ამით კმაყოფილდებოდა. სულ გვატარებდა აქეთ–იქით და ასე ეწეოდნენ ჩვენს აღმზრდელობით სამუშაოებს. ზაფხულში ქვიშხეთში, მწერალთა სახლში ვისვენებდით, ბიჭვინთაში, გაგრაში დავყავდით და ყველგან საინტერესო გარემო იყო.
– სანამ პატარები ვიყავით, დილით ადრე, 4–5 საათზე დგებოდა და წერდა. ჩვენ რომ გავიღვიძებდით, მერე – ვეღარ. რაც მე ცალკე, ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ისევ ადრე იღვიძებს, მაგრამ მერეც აგრძელებს. 12–1 საათზე რომ მივალ და მაგიდასთან ზის, მიკვირს, რადგან ჩვენს ბავშვობაში მხოლოდ გამთენიისას მუშაობდა. ნებისმიერი ხმაური, ჩურჩულიც კი ძალიან აღიზიანებს და ვეღარ მუშაობს. ცუდ ხასიათზე დგება. გამორიცხულია, დაჯდეს და დაწეროს. შეიძლება რამე ჩანიშვნა გააკეთოს. როცა ვერ მუშაობს, სულ ცუდ ხასიათზეა. როცა მუშაობას დააცდიან, მშვენიერ ხასიათზე დგება. ამაზეა დამოკიდებული მთელი მისი განწყობა. ამბობს ხოლმე, გადამწერი ვარო. ეტყობა, იმ დროს იმდენად სხვაგან არის, რომ, თუ იქიდან ჩამოაბრუნე, საოცრება ემართება.
– მე – არა, რადგან დედა მუდამ გვეუბნებოდა, რომ არ უნდა გვეწერა. არც მომდომებია, მაგრამ რომც მომდომებოდა, ზუსტად ვიცოდი, ეს არ უნდა მექნა.
– ალბათ იმიტომ, რომ დედას ეშინოდა. ხშირად დიდი ადამიანების შვილები მშობელივით დიდები ვეღარ ხდებიან და მერე ამან შეიძლება მათ ცხოვრებას დაღი დაასვას, დააკომპლექსოს და ამას არასწორი რეალიზება მოჰყვეს. ამიტომ ჯობია, განსხვავებული გზა მოძებნონ ცხოვრებაში. ბავშვებს დღიურები რომ აქვთ, მე ვიცოდი, რომ ის დღიურიც კი არ უნდა დამეწერა. ვინმე გენიოსი იცით, რომელსაც გენიოსი შვილი ჰყავდა? რაც ეს ყველაფერი გავიაზრე, აღარც მე მქონია სურვილი. მამაჩემი წარწერასაც რომ აკეთებს წიგნზე, ისე ღელავს... მისთვის ყველა სიტყვა საპასუხისმგებლოა. ბავშვობაში სულ მეუბნებოდნენ, მამაშენი მწერალია და თემის დაწერაში დაგეხმარებაო. მე კი ვერ ვხვდებოდი, მამაჩემი და ქართულის თემა რა შუაში იყო.
– არა. ასე მგონია, ჯადოსნური სახელი და გვარი მაქვს. ჩვენ გარდა, არავის ვიცნობ ამ გვარით. როგორც ვიცი, სადღაც ქართლში ყოფილა დოჩანაშვილების ერთადერთი ოჯახი. მე, მამაჩემი და მამიდაჩემი ვართ მხოლოდ დოჩანაშვილები. ძველად ახლანდელი დიდუბის ადგილას უცხოვრიათ დოჩანაშვილებს და მამაჩემიც იმ შტოს წარმომადგენელია. მამაჩემის მამას ერთი ძმა ჰყავდა, რომელსაც შვილი არ ჰყოლია.
– უბედური შემთხვევა მოხდა – ჩემი ძმა, ირაკლი, მეორე სართულის აივნიდან გადმოვარდა. მაშინ 22 წლის იყო. ეს ალბათ ღვთის ნება იყო. ძალიან დაბალი მეორე სართული იყო. გასულ ზაფხულს იმავე სიმაღლიდან 5 წლის გოგო გადმოვარდნილა, მაგრამ წამომხტარა და გაქცეულა. ჩემი ძმა უბრალოდ ცუდად დაეცა. ეს 1990 წელს მოხდა. ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა, ოჯახი ფაქტობრივად დაგვეშალა. პატრიარქი დაგვეხმარა ძალიან და მისი წყალობით გადავრჩით ცოცხლები. რაც თავი მახსოვს, მამა სულ მარხულობდა, მაგრამ ჩემი ძმის დაღუპვის მერე საოცრად მორწმუნე გახდა. ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა დროებით ვართ ამქვეყნად და ამით ვუძლებ ამ ტრაგედიას. მამას ნაწარმოებებშიც აისახა ეს ყველაფერი. მერე ჩემი შვილი დაიბადა – ახლა 10 წლისაა თინათინი. მამა მას რომ ხედავს, საოცრად ბედნიერია.
- პირველ კურსზე იყო დედა, მამა – მეოთხეზე, ერთმანეთი რომ გაიცნეს. დედა ამბობს, პირველად წიგნებით ხელში დამინახა და ამის მერე გადაწყვიტა, წერა დაეწყოო. მამა ამაზე იცინის. არ ეთანხმება, მაგრამ წერა მართლა მაგ დროს დაიწყო. გაცნობიდან ოთხი წლის მერე დაქორწინდნენ. მამა ვიოლინოზე უკრავს კარგად. უნივერსიტეტის ორკესტრშიც უკრავდა. დედას უნდა შეხვედროდა თურმე. დედას დაუგვიანია. მამა ვეღარ დალოდებია, რადგან სცენაზე უნდა გამოსულიყო. დედა რომ შესულა და ვიოლინოთი ხელში სცენაზე დაუნახავს, გაოგნებულა. ეტყობა, ტიპაჟი ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. დედა ამბობს, მაშინ შევატყვე, რომ ეს კაცი რამე სერიოზულს იზამდა ცხოვრებაშიო. მას მერე სულ ხელს უწყობს ყველაფერში. დედა ეუბნება, წერა მე გასწავლეო. მამა კი აშაყირებს, ა და ბ როგორ იწერება, დამავიწყდა და გამახსენეო".