„ფილმში ''ჯადოსნური ღამე'', გურამ დოჩანაშვილის ვაჟი - ირაკლი 20 წლის იყო“...
არცთუ ისე ვრცელია ჩამონათვალი ქართული ფილმი-ზღაპრებისა, რომლებზეც რამდენიმე თაობა აღიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი შავ-თეთრი ზღაპარი ''ცისკარაა'', მას მოსდევს ფილმები: ''ჩიტის რძე'', ''სამი ალიყური'', ''ჯადოსნური ღამე'', ''უკვდავების თეთრი ვარდი''... ამ ფილმებში მონაწილე მსახიობების დიდი ნაწილი შემდგომ წლებში სხვადასხვა მიზეზით არც ეკრანზე გამოჩენილა, არც პრესითა თუ ტელევიზიით. ზოგიერთი დღემდე აგრძელებს სამსახიობო კარიერას, ბევრმა საქმიანობა შეიცვალა, სამწუხაროდ, მათ შორის არიან ადრეულ ასაკში გარდაცვლილებიც. გადავავლოთ თვალი ამ ფილმებს...
''ცისკარა'' ქართული ზღაპრების მოტივებზე რეჟისორ სერგო ჭელიძის ნამუშევარია, ხოლო სცენარი კოტე მიქაბერიძეს ეკუთვნის. სხვადასხვა წელს ჭელიძე მუშაობდა: რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობად. ასევე ამავე და მოზარდ მაყურებელთა თეატრების რეჟისორად. იყო სოხუმის დრამატული თეატრის დირექტორი და ხელმძღვანელი. ''ცისკარაზე'' მუშაობდნენ იმ პერიოდის ცნობილი მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი და იოსებ სუმბათაშვილი, ხოლო ზღაპრისთვის მუსიკა რევაზ ლაღიძემ შექმნა.
''ცისკარას'' გადაღებებზე დოდო ჭიჭინაძე 30 წლის ლამაზი ქალი იყო. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ფილმებში: ''დავით გურამიშვილი'', ''ბედნიერი შეხვედრა'', ''ჭრიჭინა'', ხოლო ''ბაში-აჩუკში'' ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - ნინოს როლი, ''ცისკარას'' შემდეგ შექმნა. ''ცისკარაში'' გიორგი შავგულიძემ გრძნეული განასახიერა, კოტე დაუშვილმა დევის როლი მოირგო.
სიუჟეტის მიხედვით, ბოროტი დევი სოფელს უწყლობით ტანჯავს და სწორედ მასთან მებრძოლად გვევლინება ცისკარა - თამაზ ტოგონიძე. ის მიწისქვეშა სამფლობელოში ჩააღწევს, ყველა ბოროტ ძალას დაამარცხებს და სოფელს ძველებურ მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნებს.
1955 წელს ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცზე ნახევარი თბილისი იყო შეყვარებული. სამწუხაროდ, თამაზ ტოგონიძის პიროვნების გარშემო ვრცელი ინფორმაცია არ მოიპოვება. ''ცისკარას'' გარდა, ის არც სხვა რომელიმე ფილმის ტიტრებშია მოხსენიებული. ერთადერთი ცნობის მიხედვით ვიგებთ, რომ თამაზ ტოგონიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში, მოულოდნელად, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ამავე ფილმში რეჟისორმა სერგო ჭელიძემ დააკავა კიდევ ერთი სიმპათიური ახალგაზრდა - გოჩა აბაშიძე. მსახიობმა სულ რვა ფილმში მოასწრო მონაწილეობა და 24 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საზოგადოება წლების განმავლობაში მსჯელობდა და დღესაც სინანულით იხსენებს ამ ტრაგიკული ბედის და გამორჩეული გარეგნობის მსახიობს, რომლის ნაადრევი გარდაცვალება რომ არა, ალბათ, კიდევ არაერთ ფილმში შექმნიდა დასამახსოვრებელ სახეს.
რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმებს შორისაა სატელევიზიო მხატვრული ფილმი-ზღაპარი ''ჩიტის რძე'', რომლის გადაღების თარიღად 1975 წელი სახელდება. სცენარზე ანზორ სალუქვაძემ იმუშავა, ხოლო ფილმისათვის მუსიკა სულხან ცინცაძემ დაწერა. ეს ფილმი ქართული ხალხური ზღაპრის მოტივებზე შეიქმნა და ასახავს ერთი პატარა ბიჭის ცხოვრებას, რომელმაც ბედნიერება ადამიანების უანგარო სამსახურში იპოვა. აღსანიშნავია, რომ გურამ ფირცხალავას, სესილია თაყაიშვილისა და კოტე დაუშვილის გვერდით, ფილმში მთავარ როლს გეგა კობახიძე ასრულებს.
მანამდე რეჟისორ მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ვაჟის, გერმანეს (გეგას), კინოდებიუტი შედგა ნანა მჭედლიძის ფილმში ''ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება'', ამას მოჰყვა ქართლოს და ბუბა ხოტივარების ფილმი ''ლაზარეს თა-ვგადასავალი'', ხოლო ზღაპარში ''ჩიტის რძე'' გეგა მხოლოდ 14 წლის იყო. შემდგომში თვითმფრინავის გატაცების საქმეში მონაწილე შვიდი ახალგაზრდიდან ერთ-ერთი გეგა აღმოჩნდა და 1983 წელს ''თვითმფრინავის ბიჭების'' ცნობილი ტრაგედიაც დატრიალდა. აღსანიშნავია, რომ გეგა კობახიძე თენგიზ აბულაძემ თავის ცნობილ ფილმ "მონანიებაში" გადასაღებად შეარჩია და მისი მონაწილეობით ეპიზოდები უკვე მზად იყო, როდესაც გეგა მეგობრებთან ერთად თვითმფრინავის გატაცებას შეეცადა და დააკავეს. ამის შემდეგ "მონანიებაში" გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა. გეგამ თავის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, აღნიშნული ფილმების გარდა, მონაწილეობა კიდევ სამ ფილმში მიიღო.
''სამი ალიყური'' ელგუჯა ჟღენტის ფილმია, რომელშიც სიუჟეტის მიხედვით, გლეხის გოგონაზე შეყვარებულ ხელმწიფეს მჭედლობის შესწავლა უწევს, რომ ქალის მამას თავი მოაწონოს და დაწუნებულ სასიძოდ არ იქცეს. ფილმი ეკრანზე 1982 წელს გამოვიდა და რეჟისორმა მთავარ როლებზე მსახიობები: ია ფარულავა და სოსო ჯაჭვლიანი დააკავა. ამავე ფილმში მონაწილეობენ ბუბა კიკაბიძე, რამაზ ჩხიკვაძე, კუკური ლაფერაძე და სხვანი. ფილმის მთავარი მოქმედი გმირების ბედი ყველამ ვიცით: იამ მსახიობობა გააგრძელა, სოსო მსახიობი, რეჟისორი და პარლამენტის წევრი გახდა.
თემურ ფალავანდიშვილის 1983 წელს გადაღებული ზღაპრის ''ჯადოსნური ღამის'' სიუჟეტი ასეთია: სამ ძმას შორის მამისეული სახლის მფლობელი ის გახდება, ვინც ხელობას უკეთ დაეუფლება, ამიტომ სამივე სხვადასხვა საქმიანობის შესწავლას გადაწყვეტს და წლების შემდეგ დურგალი, თერძი და მკურნალი ერთმანეთს ხვდებიან. ღამის გათევა ტყეში უწევთ და ამიტომ მორიგეობით ძილს გადაწყვეტენ. ჯერ დურგალი ფხიზლობს და იმ პერიოდში ხისგან ქალის ფიგურას გამოთლის, შემდეგ თერძი იღვიძებს და ქანდაკებას შემოსავს, ხოლო მკურნალი გაღვიძებისას ბალახეული ნაყენის დახმარებით ქალს სულს ჩაუდგამს და გააცოცხლებს. ძმების როლებში ვიხილეთ: თამაზ თოლორაია, რევაზ იმნაიშვილი და ვახტანგ ფანჩულიძე. ეკა ვიბლიანია ის გოგონა, რომელიც ბოლოს ხეში ''ცოცხლდება''. ამავე ფილმში თამაშობენ: ლევან უჩანეიშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, მაკა მახარაძე, ნინელი ჭანკვეტაძე და გურამ დოჩანაშვილის ვაჟი, ირაკლი. სამწუხაროდ, ბევრისათვის საყვარელი მწერლისა და თანამედროვე კლასიკოსის შვილი 1990 წელს 22 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ფილმში ''ჯადოსნური ღამე'' ირაკლი 20 წლის იყო...
1984 წელს კიდევ ერთი ზღაპარი გამოდის ეკრანზე, რეჟისორ ნანა მჭედლიძის ნამუშევარი - ''უკვდავების თეთრი ვარდი''. ზღაპარი გოგონაზე, რომელსაც თეონა ჰქვია. მას ბოროტი დედინაცვლის ვერაგი ზრახვების გამო სახლში არ დაედგომება და ფათერაკებით სავსე თავგადა-სავლები გადახდება. ფილმის მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი უკვე ''ნაცნობი სახეა'' - ეკა ვიბლიანი, რომელიც ფილმში დედინაცვლისგან დაჩაგრული გოგონას როლში გვევლინება. თეონას გარდა მზეჭაბუკის გულშემატკივრობაც გვიწევს. უშიშარი ჭაბუკი არაერთ დაბრკოლებას გადალახავს და ზღაპარსაც, როგორც ამ ჟანრის ნაწარმოების უმეტესობას, ბედნიერი დასასრული აქვს. სხვადასხვა წელს ეკა ვიბლიანი და მამუკა ქადაგიშვილი, ამ ფილმის გარდა, კიდევ რამდენიმე მხატვრულ ფილმში დააკავეს, მაგრამ მას შემდეგ არც ერთი არ გამოჩენილა ფართო საზოგადოების წინაშე.
ამავე ფილმს კიდევ ერთი პერსონაჟი, ანჩხლი მეფის ასული ჰყავს. ''ოქროს თევზები მინდააა!'' - ალბათ, ყველას ახსოვს სპეციფიკური ხმის ტემბრის ჟღალთმიანი უზნეო გოგონა, რომელიც იატაკზე წვება და ისე ითხოვს სურვილის შესრულებას. რეჟისორმა ეს როლი ნანა ქვათელაძეს ანდო. მანამდე ის ნანა მჭედლიძის ''იმერულ ესკიზებში'' გამოჩნდა და ''უკვდავების თეთრი ვარდი'' მისი მეორე ფილმი გახლდათ. ნანამ ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და 2006 წელს სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.
ანა კალანდაძე