მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთი ექიმი ვიოლეტა ინასარიძეა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგის "ადრენალინის" შემცველი ნემსი მაშინვე გაუკეთა, როგორც კი ბენეფიციარის მდგომარეობა გართულდა.
გამოძიება ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემაში სდებს ბრალს. პროკურატურის ინფორმაციით, ექიმს მეგი ბაქრაძისთვის არნაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევია. მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, მოწმეებმა ჩვენებები სამჯერ შეცვალეს. მისი ინფორმაციით, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თავად ვიოლეტა ინასარიძე აღაირებს, რომ იცრუა და სინამდვილეში კლინიკაში იმ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა.
"ჩვენებების პირველ ნაკადში საქმის ყველა მოწმემ ერთნაირი ინფრომაცია მიაწოდა გამოძიებას. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ ექიმი ვიოლეტა ინსარიძემ მეგი ბაქრაძეს მყისიერი დახმარება აღმოუჩინა და გაუკეთა ადრენალინი. მეორე ნაკადში მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ ვიოლეტა შემთხვევის ადგილზე არ მყოფებოდა... ხოლო მესამე ნაკადის ჩვენებებში დაემატა ისიც, რომ მეგისთვის ადრენალინი არ გაუკეთებიათ.
საქმეში დევს ვიოლეტა ინასარიძს აღიარება. მას არავინ აიძულებდა ეს ეღიარებინა და ეთქვა, რომ არანაირი დახმარება არ აღმოუჩენიათ მაშინვე, რადგან მოგვიანებით მაინც გაუკეთებდნენ ადრენალინს და სისხლის ანალიზში მაინც აღმოჩნდებოდა ამ მედიკამენტის შემცველობა. ვერ გეტყვით რატომ მისცა ასეთი აღიარება ექიმმა გამოძიებას. ახლა შემიძლია ის ვთქვა, ეს ბრალის წარდგენა არის გამოძიების მიერ წინგადადგმული ნაბიჯი" - ეუბნება ადვოკარი Ambebi.ge -ს..
"გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩვენებებაში, რომელიც მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა გაასაჯაროვეს, რამდენიმე გარემოებაზეა საუბარი. მათ შორის იმაზე, ნამდვილად ბაქრაძის სისხლის ანალიზები მიიტანეს თუ არა ლაბორატორიაში ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა. სწორედ ამ ანალიზებით ლაბრატორიას უნდა დაეგინა, იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი მედდის გარდაცვალების მიზეზი.
"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, რომელსაც იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი იძლევა ირკვევა, რომ მათთან ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მივიდა და მიიტანა ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები. თუმცა როგორც ჩვენებაში ის ჰყვება, ეკუთვნოდა თუ არა სისხლის შრატი ნამდვილად მეგი ბაქრაძეს, ეს დადასტურებულ ფაქტს არ წარმოადგენდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჩვენებიდან, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს:
"პირველი, რითაც დავინტერესდი იყოს ის, რომ ხომ არ იყო გასული 3 საათი, რაზეც მიპასუხა, რომ 3 საათი არ იყო გასული. ამასთან ავუხსენი, რომ საჭირო იყო სისხლის შრატი მოწოდებული ყოფილიყო ცივი ყუთით. აღნიშნული საუბარი შედგა დაახლოებით 14:30 საათზე.
აღნიშნული საუბრის შემდეგ ჩვენს ცენტრში გამოცხადდა ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე თემურ ზარქოშვილი, რომელმაც წარმოადგინა მეგი ბაქრაძის სისხლის შრატის სინჯები ცივი ყუთით, ისე რომ სისხლის შრატი ეკუთვნოდა თუ არა მეგი ბაქრაძეს, არ წარმოადგენდა დადასტურებულ ფაქტს".
როგორც გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა აღნიშნა, იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომელი თავის ოქმში განმარტავს ასევე, რომ პასუხისმგბელობას იხსნის იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ მიწოდებული ნამდვილად ბაქრაძის სისხლი.
ამაღლობელი აცხადებს, რომ ოჯახს და ადვოკატებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.
"ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2 - დღიან შუალედში არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი. ამით საგამოძიებო უწყებამ პრაქტიკულად ჩრდილში მიმალა რეალობა, სხვა პირებზე გადაიტანა ისრები. ჩვენ არცერთ კითხვაზე, თუ რა მოხდა 2021 წლის 18 მარტს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ოჯახს და ადვოკატებს პასუხი არ გვაქვს.
აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც გადამწყვეტი იქნება სიმართლის დასადგენად. ის, რომ შეცვლილი ჩვენების გამო, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, კონკრეტული პირების მიმართ დაიწყეს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ პირებმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ იმსახურებენ. დანარჩენ ნაწილში, უშუალოდ გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით, ვინც უშუალოდ არის ბრალეული პირი, მისი არსებობის შემთხვევაში, ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს ნინო ამაღლობელი.