38 წლის მელისა სურჯეკოფი დედობაზე საერთოდ არ ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ის და თავის შეყვარებული ქორწინების გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ერთმა დილამ კი მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ამ გადამწყვეტ დღემდე რამდენიმე თვით ადრე მენსტრუალური ციკლი შეუწყდა. ციკლის დარღვევა მას მთელი ცხოვრება აწუხებდა, ამიტომ განსაკუთრებული ზომები არ მიუღია. ხოლო როცა მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილები დაეწყო, იფიქრა, რომ რამდენიმე თვით დაკარგული ციკლი აღდგენას იწყებდა.
დღის განმავლობაში ტკივილმა არათუ უკლო, პირიქით, გაძლიერდა და შეტევითი სახე მიიღო. შეშინებულმა მელისამ დედას დაურეკა და ექიმთან გაყოლა სთხოვა.
„აბაზანაში შევედი, რომ საავადმყოფოში წასასვლელად მოვმზადებულიყავი. სისხლი წამომივიდა, ვიფიქრე, რომ ეს კარგია, რადგან მენსტრუაციის დაწყებად ჩავთვალე“ - იხსენებს მელისა. დამშვიდებულმა, რომ ეს ყველაფერი მენსტრუაციის ბრალი იყო, ქალმა დედას გადაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა და ექიმი არ სჭირდება. თუმცა ცოტა ხანში ტკივილი ისევ აუტანელი გახდა.
„ვიფიქრე, რომ თირკმელში კენჭის გავლა მქონდა და სასწრაფო გამოვიძახე“ - ამბობს მელისა. ამასობაში შეყვარებულმა მოაკითხა, რომ კლინიკაში წაეყვანა. მელისა გრძნობდა, რომ სხეულში რაღაც ქვემოთ ექაჩებოდა, „თითქოს, სხეულის ნაწილი ჩემგან ცალკე გამოყოფას ცდილობდაო“ - იხსენებდა მოგვიანებით. ის და მისი შეყვარებული შეშინებული უყურებდნენ მუცელს, რომელსაც რაღაც საშინელება დაბლა ექაჩებოდა. ცოტა ხანში კი ბავშვის თავი დაინახეს. კიდევ ერთი შეტევა და პატარა უკვე მამის ხელში აღმოჩნდა.
„საერთოდ არ სუნთქავდა. 911-ის გადაცემაში ნანახი მქონდა ახალშობილის დაბადება და როგორც მახსოვდა, ვცადე მისი ლორწოს ნარჩენებისგან გათავისუფლება. 10-15 წამის შემდეგ სუნთქვა დაიწყო. მალე სასწრაფო დახმარებაც მოვიდა და ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს“ - ამბობს ახალგამომცხვარი ბედნიერი მამა, რომელმაც საკუთარი შვილი პირველმა დაიკავა ხელში. ახალშობილი ვაჟი აღმოჩნდა და წყვილმა მას ლიამი დაარქვა.
„ახლა რომ ვუფიქრდები, ორსულობის ყველა ნიშანი მქონდა. ფეხებიც დამისივდა, გავსუქდი, გულძმარვისგან ვიტანჯებოდი. რას არ მივაწერე ეს სიმპტომები, მაგრამ ორსულობა აზრადაც არ მომსვლია“ - ამბობს მელისა სურჯეკოფი.