როგორ შეიძლება წარიმართოს იმ ადამიანის ცხოვრება, რომლის დაწვა, ჯერ კიდევ ბავშვობაში, საკუთარმა მამამ სცადა? ბიჭმა, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა. თუმცა, მსოფლიოში უამრავი კეთილი ადამიანია, რომლებსაც სხვისი ტრაგედიის შემსუბუქება შეუძლიათ.
დევიდ როტენბერგს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მან სხეულის 90%-იანი დამწვრობა "მშობლების დაუდევრობის" გამო მიიღო.
1983 წელს ბიჭი 6 წლის იყო, როდესაც მამამისმა დისნეილენდში წაიყვანა. დევიდის მშობლები ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ და განქორწინებაზე საუბრობდნენ. მორიგი ჩხუბის შემდეგ, როტენბერგის მამამ ბავშვს საძილე აბები დაალევინა, ბენზინი გადაასხა, სასტუმროს საწოლს ცეცხლი წაუკიდა და თვითონ ადგილიდან გაიქცა...
დევიდმა უამრავი ოპერაცია გაიკეთა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, თუმცა, მისი სახე და სხეული მთლიანად შეიცვალა. ნაიარევი მთელი ცხოვრება ახსენებდა იმ საშინელებას, რაც მამამ დამართა.
მაშინ დევიდ როტენბერგის ტრაგედიამ მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. მასზე ძალიან ბევრი გამოცემა წერდა. ინფორმაცია მაიკლ ჯექსონამდეც მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა ბიჭს პირადად შეხვედროდა.
"პოპის მეფე" სიკეთითა და ქველმოქმედებით სახელგანთქმული იყო. ვიდრე დევიდს შეხვდებოდა, უამრავ მძიმედ დაავადებულ ბავშვს ეხმარებოდა. დევიდის შემთხვევაში, ყველა ოპერაციის ხარჯი სრულად გაიღო.
ბიჭმა ასობით ოპერაცია გადაიტანა და ერთ-ერთის დროს ტვინი დაუზიანდა, რამაც ახალი გართულებები გამოიწვია. ჯექსონმა გადაწყვიტა, რომ კვლავ დახმარებოდა. მას შემდეგ მაიკლი და დევიდი დამეგობრდნენ. ის ხშირად სტუმრობდა ჯექსონის სახლს და მამასაც კი ეძახდა. გარდა ამისა, ბიჭს მხატვრობა და ფოტოგრაფია აინტერესებდა, მაიკლ ჯექსონიც მიხვდა, რომ ხელოვნება იყო ის, რასაც დევიდისთვის ტრაგედიის დავიწყება შეეძლო, ცოტა ხნით მაინც.
დევიდი ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა და მაიკლ ჯექსონმა ის საკუთარ გუნდშიც კი აიყვანა. როტენბერგმა მუსიკის წერა დაიწყო, დეივ დეივის ფსევდონიმით. ის მომღერლის იმ უახლოესი მეგობრების რიცხვში იყო, რომლებიც 2009 წელს "პოპის მეფის" დაკრძალვას დაესწრნენ.
ცნობილია, რომ დევიდის მამას 25-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, შვილის მკვლელობის მცდელობისთვის და ასევე, სხვა კანონდარღვევისთვისაც. მაიკლ ჯექსონის წარმომადგენელი ერთხელ მას ციხეში ესტუმრა. კაცმა აღიარა, რომ იგი არა მარტო საკუთარი შვილის, არამედ თავის მოკვლასაც აპირებდა. დევიდმა მას ვერასდროს აპატია მსგავსი საქციელი. გარდა ამისა, გადაწყვიტა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფსევდონიმი გამოეყენებინა. ამ გზით ის ყოფილ ნათესავებთან ურთიერთობას გაურბოდა.
2018 წლის ივნისში დევიდი პნევმონიის რთული ფორმით, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.