ლევან ყოჩიაშვილის 10-წლიანი "ორმაგი ცხოვრება"
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ, მეჩვიდმეტე სეზონში ლევან ყოჩიაშვილის პერსონაჟი - დათო გოცირიძე განსხვავებულ ამპლუაშია: ოჯახში ცოლის გარეშე დარჩენილი ცდილობს, 5 ბავშვის მოვლას გაუმკლავდეს... მუშაობის აქტიურ რიტმს დაბრუნებულ მსახიობთან ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ.
- რას ნიშნავს თქვენთვის "ჩემი ცოლის დაქალები"?
- მეათე წელია, ეს სერიალი ტელეეთერში გადის. ჩემთვის ორმაგი ცხოვრებასავითაა, რადგან გადაღებებზე, პავილიონებში, პარტნიორებთან ერთად იმდენი დრო მაქვს გატარებული, რომ სერიალის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. სულ ვამბობ, რომ ეს დიდი გამართლებაა: ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება (ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ) - მოვხვდი პროექტში, რომელიც სახალხოა, 10 წელია, მაყურებელსაც უყვარს, რეიტინგულია და გადაღების პირველი წამიდან მთავარ როლს ვთამაშობ. ეს ძალიან მსიამოვნებს და ბედნიერი ვარ.
- გიფიქრიათ, რომ ერთხელაც სერიალის გადაღება აღარ გაგრძელდება? ასეთ შემთხვევაში, თქვენი ცხოვრება როგორი იქნება?
- ყველაფერი იწყება და ოდესმე მთავრდება, მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო, რადგან ეს სერიალი ნაწილია ჩემი ცხოვრების, სხეულის, ტვინის... ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი მთავრდება, მაგრამ არ ვიცი, ასეთ დროს ჩემი ცხოვრება როგორი იქნება. ალბათ, სერიალიდან გამოცდილებას "წამოვიღებ". ამ პროექტმა დიდი პოპულარობა, მაყურებლების სიყვარული მომიტანა... სხვა რაღაცებზე ვიფიქრებ, მაგრამ მინდა, "ჩემი ცოლის დაქალები" ჯერ ისევ იყოს (
იცინის).
- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ადამიანს, რომელთანაც უამრავი შენიშვნა მაქვს, როგორც მეგობართან, შვილთან, მამასთან, მეუღლესთან, ადამიანთან (
იღიმის)... მასთან ბევრი კითხვაც მაქვს...
- საკუთარი პიროვნული თვისებებიდან, ყველაზე მეტად, რა გეამაყებათ?
- პასუხისმგებლიანი და მზრუნველი ვარ. შემიძლია, რაღაცებს თვალი არ ავარიდო, არ გადავაბიჯო და გულთან ახლოს მივიტანო. ეს თვისებები მაქვს და ვამაყობ.
- ეკრანულ შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- უფროსები, სერიალის დასაწყისში, ძალიან პატარა ასაკის იყვნენ. ერთად გავიზარდეთ. ახლა მათთან ისეთი დამოკიდებულება მაქვს, როგორიც უფროს შვილთან გექნება ადამიანს. სერიალის სცენების გადაღებაც სხვაგვარად მიმდინარეობს: მცირეწლოვანი ბავშვი უფრო იღლება, ცელქობს... უფროსები საქმეს უკვე სხვაგვარად, დიდი მსახიობების მსგავსად უდგებიან... მათთან ურთიერთობა გულთბილი, ტკბილი და სასიამოვნოა. ძალიან საყვარლები არიან. ერთად იმდენი დრო გვაქვს გატარებული, რომ სხვაგვარად როგორ იქნებოდა? კი, მამობრივი გრძნობაც "ჩართულია": სულ მაინტერესებს, როგორ არიან, როგორ სწავლობენ, როგორ მიდის მათი საქმეები...
განაგრძეთ კითხვა