შენობაში შესასვლელ კარს შეაღებ თუ არა, თოჯინები გეგებებიან, მერე კიბე-კიბე თეთრ ღრუბლებზე იწყებ სიარულს და ამ ფარფატით მინიატიურულ სამყაროში ხვდები. მარცხნივ ჭრელი ქალაქია, მარჯვნივ დერეფნის ბოლოს კი ის სივრცე, სადაც პატარებს და არა მარტო მათ, მასპინძლები თეატრის მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობას ჰპირდებიან. სანამ წითელი სავარძლებით აღჭურვილ დარბაზს მაყურებელი დაიკავებს, მოსაცდელად შეგიძლია ლამპიონებით განათებულ ოთახში ჩამოჯდე, კედლებზე გამოფენილი ნახატები, ქანდაკებები და ის ნივთები დაათვალიერო, რომლებიც ახალი თაობისთვის ვინტაჟია, ხოლო ზრდასრულებს ბავშვობაში აბრუნებს...
თბილისის თოჯინების თეატრი, სადაც თაობები გაიზარდა, დავით აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროცესში შენობის გარეშე დარჩა. ბოლო წლების განმავლობაში, საკუთარი კედლების არქონის გამო, თოჯინების თეატრს სხვადასხვა სივრცეში უწევდა ფართის ქირაობა და სპექტაკლების წარმოდგენა. მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი გახდა, სპექტაკლებს "აბრეშუმის თეატრში" წარმოადგენდნენ. დავით აღმაშენებლის 136-ში, რომელიც მანამდე ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეის მისამართი იყო, 2 წლის წინ თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა დაიდო ბინა. ამ ეტაპზე სწორედ ქუჩის წინა მხარეს არსებული სამი სართულია თოჯინების თეატრის მიერ ათვისებული, ხოლო მის უკან ეზოს სივრცეში მშენებლობის დასრულების შემდეგ, თეატრს გაცილებით დიდი შენობა ექნება. სანამ ეს მოხდება, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მოეწყო დარბაზი, რომელშიც მაყურებელს უმასპინძლებენ.
ნიკოლოზ საბაშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
- თითქმის საუკუნოვანი თოჯინების თეატრი თავის ახალ ათვლას იწყებს. სეზონს 7 ახალი სპექტაკლით საკუთარ ბინაში ვხსნით. პანდემიის პერიოდში, სახლების მაგივრად, ჩვენ თეატრში ჩავიკეტეთ და ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ - ინტერიერით დაწყებული, რეკვიზიტით დამთავრებული. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი გივი სარჩიმელიძის სახელობის ექსპერიმენტულ დარბაზში წარმოვადგენთ დღისა და საღამოს სპექტაკლებს, რაც გულისხმობს, რომ რეპერტუარი იქნება როგორც მხოლოდ საბავშვო სპექტაკლებით დატვირთული, ისე უფროსი ასაკის მაყურებელზე გათვლილი +18. გარდა ამისა, მინდა მხატვრული ფორმით ეს თეატრი იყოს ის ადგილი, სადაც წარმოდგენილი იქნება ისეთი სპექტაკლებიც, რომლის სანახავად ადამიანები ოჯახებით ივლიან და ყველა თაობის მაყურებელი ისიამოვნებს. რადგან ჩვენი დარბაზი მცირე რაოდენობის მაყურებელს იტევს, როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს, ბავშვებს შენობის წინ არსებულ ეზოში, ღია სივრცეში ვუმასპინძლებთ. მოვაწყობთ ამფითეატრის მსგავს სცენას და ეს იქნება როგორც ჩვენი სტუმრებისთვის განსხვავებული გარემო, ისე თეატრისთვის საინტერესო გამოწვევა.
რაც შეეხება მეექვსე და მეშვიდე სპექტაკლებს, ვმუშაობ ახალ წარმოდგენაზე მსახიობთა ვარსკვლავური შემადგენლობით, დეტალებს ჯერჯერობით არ გავთქვამ და სიურპრიზად შემოვუნახავ მაყურებელს (იღიმის). სეზონს ვხსნით ჩემი საავტორო სპექტაკლით "მე". ეს ჩემთვის საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც როგორც ნაწარმოები და რეჟისურა, ისე მხატვრობა და მუსიკაც მე მეკუთვნის. განაგრძეთ კითხვა