რუსთავში 13 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. იმ სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სადაც მოზარდი სწავლობს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ.
"ინფორუსთავის"ინფორმაციით, მას შემდეგ რაც არასრულწლოვნის გადმოვარდნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მის სამეზობლოში გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მომხდარი ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპთან" იყოს კავშირში.
"ეჭვის საფუძველს იძლევა სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა", - წერს გამოცემა.
სკოლის დირექტორმა ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოზარდის მშობლები "ლურჯი ვეშაპის" ვერსიას გამორიცხავენ. მისი ინფორმაციით, ორივე მოსწავლის ტელეფონებისა და კომპიუტერების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ვარაუდის საფუძველი არ არსებობს.
"ბავშვმა თქვა, რომ არანაირი ინტერნეტთამაშის დავალებებს არ ასრულებდა. ვერ ვიძინებდი, ცხელოდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექიო... მოწესრიგებული და კარგი მოსწავლეა, ოჯახიც ასეთივე ჰყავს. რაც შეეხება მის მეგობარს, რომელიც ასევე მესამე სართულიდან გადმოვარდა ამ ცოტა ხნის წინ, ისიც გამორიცხავს კავშირს ინტერნეტთამაშთან. ალბათ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ვესაუბრე მათ დამრიგებლებს და საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ მოსწავლეების ქცევაში. ჩემთან საუბარში ამ ვერსიას გამორიცხავენ ორივე მოზარდის მშობლებიც", - გვითხრა დირექტორმა. განაგრძეთ კითხვა