ცხელება ბავშვებში – ორგანიზმის ბრძოლა იმუნიტეტისთვის
ცხელება ბავშვებში – ორგანიზმის ბრძოლა იმუნიტეტისთვის
თუ თქვენი პატარა სკოლაში ან საბავშვო ბაღში დაგყავთ, გაზაფხულის ამინდები, ალბათ, თქვენც განერვიულებთ. კორონა ვირუსს თუ გავითვალისწინებთ და გაციებას ისე შევხედავთ, როგორც პანდემიამდე ვუყურებდით, ამაში საგანგაშო არაფერია. მთავარია დროული ყურადღება და მუდმივი კონტროლი ყველა იმ სიმპტომისა, რომელიც ამა თუ იმ ვირუსს ახასიათებს. როგორც წესი, ეს სიმპტომები ცხელებასა და ხველაში ვლინდება, მათთან საბრძოლველად კი ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ სწორად შერჩეული მედიკამენტი რჩება.

თუმცა, სანამ მედიკამენტის საჭიროებაზე გადავალთ, ჯერ ვირუსის საწყისებს მივუბრუნდეთ. ზოგადად, ცხელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ბავშვები და
მათი მშობლები ექიმს მიმართავენ. უმეტეს შემთხვევაში, ცხელებად ითვლება ტემპერატურა, რომელიც არის 38.0° ან მეტი. ამიტომაც ამბობენ ხოლმე, რომ წამლის დალევა მხოლოდ ამ ნიშნულის შემდეგ შეიძლება. თუმცა, თუ პატარა დაბალ ტემპერატურაზეც შეწუხებულია და თავს ცუდად გრძნობს, მედიკამენტის სწორი დოზით მიღება 38.0°-მდეც სრულიად ნორმალურია.

როცა დავრწმუნდებით, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, უნდა გავარკვიოთ ცხელების მიზეზი. იგი უმეტესად, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. ამ დროს გამოვლენილი ტემპერატურა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა – ის ცდილობს, იმუნური სისტემა საგანგებო რეჟიმზე გადართოს და ნორმალური ტემპერატურა რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს. სწორედ ამ ძალისხმევას გამოხატავს თერმომეტრზე ასახული რიცხვებიც. ამიტომ, ყურადღებას დროულად თუ მივაქცევთ, ცხელება მხოლოდ დამცველობით რეაქციად დარჩება. მაშინ კი, თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღეზე მეტ
ხანს გაგრძელდება, აუცილებელი გახდება დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც ჯერ სისხლის საერთო ანალიზს გულისხმობს, შემდეგ კი შესაბამის მკურნალობას, რომელიც, რასაკვირველია, ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს.

ცხელებისას უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი არ არის ზედმეტად ჩამთბარი და ოთახშიც ზომაზე მეტად არ ცხელა. გარდა ამისა, უნდა ვეცადოთ, რომ პატარამ ნაკლები იმოძრაოს, თავი კომფორტულად იგრძნოს, ბევრი სითხე მიიღოს და მაქსიმალურად დაისვენოს. მნიშვნელოვანია, წოლის სწორი პოზიციაც – იმისათვის, რომ სასუნთქი გზები კარგად იყოს გახსნილი, უმჯობესია გვერდულად ან გულზე წოლა. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მკურნალობის შედეგებს ბევრად უფრო აჩქარებს და აუმჯობესებს.
მშობლებს ხშირად ანერვიულებთ ხოლმე გულყრაც, რომელიც 6 თვიდან 6 წლამდე ბავშვებში განსაკუთრებულად ხშირი და დამთრგუნველია. მსგავსი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, როცა ცხელების მაჩვენებელი მაღალია და სხეულის ტემპერატურა ძალიან სწრაფად იმატებს ან პირიქით,იკლებს. აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ გულყრა ცენტრალურ ნერვულ სისტემას არ აზიანებს, ამიტომ პანიკის საფუძველი არ გაქვთ – მთავარია, მობილიზდეთ, ცივი გონება ჩართოთ და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოთ. სასურველია, პატარა გვერდულად დააწვინოთ და თავი ერთ ადგილას დაუფიქსიროთ, შემდეგ კი მეტი ჟანგბადისთვის ფანჯარა გამოაღოთ და ბავშვს სიცხის დამწევი მისცეთ. ზოგადად, პროფესიონალები მედიკამენტების გამოყენებას იმიტომ გვირჩევენ, რომ გულყრამდე საერთოდ არ მივიდეთ და სხეულის ტემპერატურა თავიდანვე ისე დავარეგულიროთ, რომ მაინცდამაინც 39 გრადუსს არ მიაღწიოს.

და ბოლოს, მთავარია გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა ვერაფერს შველის და მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალება სწორად შერჩეული მედიკამენტი, დადებითი ენერგეტიკა, სიმშვიდე და სიყვარულია. პროფესიონალებს თუ დავუჯერებთ, პანიკის საფუძველი მაშინაც კი არ გვაქვს, როცა ბავშვი ცივ სეზონზე 10-ჯერ ან 12-ჯერ ავადმყოფობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას ორგანიზმი იმუნიტეტის გაუმჯობესებაზე მუშაობს და ვირუსებთან ბრძოლას საკუთარი ძალებით სწავლობს, რაც ცუდი სულაც არ არის. ერთადერთი, რაც უნდა აკონტროლოთ, სწორი კვება, ძილის რეჟიმის შემუშავება, ვაქცინაცია და პირადი ჰიგიენის დაცვაა. სხვა დანარჩენზე დროული ყურადღება და სწორად შერჩეული მედიკამენტი იზრუნებს.
R
167
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი