რადიოთავისუფლება ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონზე წერს, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და იქ არც სახელმწიფო სოციალური სააგენტოს სოცმუშაკებს და არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს არ უშვებენ.
გამოცემის ინფორმაციით, უარი პირდაპირ სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ „იქ ვერასოდეს შევლენ“ და რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მის გვამზე გადაივლიან“.
როგორც რადიოთავისუფლებას სახალხო დამცველის უწყებაში უთხრეს, არსებობს სოცსააგენტოს ოფიციალური პასუხი, სადაც წერია, რომ მათ სოცმუშაკს პანსიონში მეუფე სპირიდონის მითითებით არ უშვებენ.
15 აპრილს იქ არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი შეუშვეს, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს, შეამოწმოს სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული ეს დაწესებულება და ნახოს, რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, ვისზე მზრუნველობაც ეკლესიას აქვს თავის თავზე აღებული.
ომბუდმსენი ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება, რომ იქ არსებული აღზრდის მკაცრი სტილი და დასჯის მეთოდები მათ უფლებებს არღვევს. მაგრამ სახალხო დამცველის მოადგილი ეკა სხილაძეს ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ის მიაჩნია, რომ პანსიონის მმართველს „შეუძლია გადაწყვიტოს“ და სახელმწიფო სოციალური მუშაკიც კი დაწესებულებაში არ შეუშვას.
ბავშვთა უფლებების დამცველი, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ადვოკატი ანა არგანაშვილი აცხადებს რომ ასეთი თავშესაფრის მიტოვება სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს, რომ სახელმწიფო იგნორირებას ახდენს და უარს ამბობს ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე, ბავშვთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაზე.
„მით უმეტეს, რომ არსებობს სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც ბავშვთა უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებზეა საუბარი - მათ შორის, თავისუფლების, კვების შეზღუდვა, რელიგიური რიტუალების დასჯის მიზნით გამოყენება, ბულინგი და ა.შ. ამის მერე ჯანდაცვის სამინისტროს კი არა, პროკურატურასაც უნდა დაეწყო გამოძიება“ - აცხადებს ანა არგანაშვილი რადიოთავისუფლებასთან საუბრისას.