მთავრობის დადგენილებით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები ცხადდება. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, აღნიშნული უქმე დღეები საჯარო სამსახურისთვისაა განსაზღვრული და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაცია გაეგზავნებათ, შემდეგ კი თავად გადაწყვეტენ, გამოიყენებენ თუ არა.
"წინა პერიოდში, როდესაც უქმე დღეები გამოცხადდა, შემდეგ ორგანიზაციებს არ შეხებია:
პირველადი ჯანდაცვისა და სტაციონალური სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებს. ასევე, სამედიცინო საქმიანობის მომწოდებლებს, ფარმაცევტულ საქმიანობას, სურსათის და ცხოველების საკვების წარმოებას, დისტრიბუციას, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებს, ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებას, წყალმომარაგების საქმიანობებს, ელექტროენერგიის გენერაციას, საფოსტო და საკურიერო მომსახურებას, ასევე კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით მომსახურებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობას, ჟანგბადის მიწოდებას, დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ასე შემდეგ. კერძო სექტორისთვის აღნიშნული უქმე დღეების მოთხოვნა სავალდებულო არ არის. ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ, თუ არა.
ეს ეხება საჯარო სექტორს, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 4 მაისამდე შესაძებელია გარკვეული ცვლილებები შევიდეს, ამიტომ, დეტალური ინფორმაცია, მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე არსებული იფორმაციით, უქმე დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. გასართობი ცენტრებისთვის, რესტორნებისთვის და სხვა კერძო დაწესებულებისთვის რეკომენდაცია გაიცემა, თუმცა, როგორც გითხარით, 4 მაისამდე დაზუსტდება სია, კონკრეტულად ვის შეეხება და ვის არა აღნიშნული უქმე დღეები და გამოქვეყნდება," -გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.
მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში წერია, რომ უქმე დღეები არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე, დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე. ასევე, უქმე დღეები არ გავრცელდება იმ საჯარო სამსახურებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას.
თამარ იაკობაშვილი