ბრიტანეთის სამეფო კარს სკანდალები არც წარსულში აკლდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი, რამაც რეპუტაცია შეულახა როგორც დედა-დედოფალს, ასევე ელისაბედ მეორეს, ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოჩხრიკეს. საქმე შეეხებოდა სენსაციურ ინფორმაციას დედოფლის ნათესავებზე, რომლებიც 40-იან წლებში ფსიქიატრულ დაწესებულებაში მოათავსეს და ჯერ სიცოცხლეშივე მკვდრად გამოაცხადეს.
1987 წელი მართლაც რთული გამოდგა სამეფო ოჯახისთვის. ყვითელმა პრესამ იერიში ჯერ პრინც ჩარლზზე მიიტანა, რომელიც დაუფარავად ღალატობდა პრინცესა დიანას. შემდეგ პრინცესა დიანას შესახებ ჭორებმა მოიცვა მთელი მსოფლიო - მას ჯირითის ინსტრუქტორთან, ჯეიმს ჰიუტთან რომანი გამოუქვეყნეს და საბოლოოდ წითურთმიანი ჰარიც ამ სიყვარულის ნაყოფად გამოაცხადეს.
ეს ერთმანეთზე უფრო ხმაურიანი ამბები მაშინვე მეორეხარისხოვანი გახდა, რაც ჟურნალისტებმა ფსიქიატრულში გამოკეტილი დედოფლის ბიძაშვილების ისტორია ამხილეს.
აღმოჩნდა, რომ ელისაბედ მეორეს ორი იდუმალი ბიძაშვილი ჰყავს, რომლებიც საზოგადოებას თვალით არასდროს უნახავს. ორივემ ქალბატონმა, ნერისა და კეტრინ ბოუზ-ლაიონებმა ცხოვრება სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში გაატარეს. ელისაბედ მეორეს სიყალბეში დასდეს ბრალი - ვითომ ქველმოქმედი დედოფალი, რომელიც მზადაა, გასაჭირში მყოფ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინოს, ივიწყებს სულით ავადმყოფ ბიძაშვილებს და ისინი გარდაცვლილი ნათესავების სიაში შეჰყავს. დიახ, სპეციალურ წიგნში, სადაც დიდგვაროვანთა ოჯახებია აღნუსხული, ცოცხალი ნერისა და კეტრინი გარდაცვლილთა შორის იხსენიებოდნენ.
გენეტიკური დაავადება
ნერისა და კეტრინი დედა-დედოფლის, ელისაბედ ბოუზ-ლაიონის უფროსი ძმის, სერ ჯონ ჰერბერტ ბოუზ-ლაიონის ქალიშვილები იყვნენ. სერ ჯონის მეუღლე ფენელა ლორდ კლინტონის ქალიშვილი გახლდათ. წყვილს სულ 5 შვილი შეეძინა.
პირველი ქალიშვილი ჯერ კიდევ ჩვილობისას დაიღუპა. მომდევნო ქალიშვილი ანა სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას და მომავალში დანიის პრინცს გაყვა ცოლად. ანას შემდეგ ოჯახში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა, ნერისა. მშობლებს მისი დაბადების შესახებ ხმამაღალი განცხადებები არ გაუკეთებიათ, რადგან ექიმებმა მას ”გონებრივად არასრულფასოვანის” დიაგნოზი დაუსვეს.
მომდევნო ქალიშვილი, დიანა, ასევე ჯანმრთელი გახლდა, სამი წლის შემდეგ კი ოჯახში კიდევ ერთი ქალიშვილი, კეტრინი დაიბადა. დიაგნოზი იგივე იყო - ”გონებრივი ჩამორჩენილობა”.
მალე სერ ჯონი გარდაიცვალა და გოგონების გაზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. ნერისა და კეტრინი თავს ვერ უვლიდნენ, არ შეეძლოთ საუბარი, დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, ბანაობა. კოორდინაციაც დარღვული ჰქონდათ და დამოუკიდებად ვერ გადაადგილდებოდნენ.
ნათესავებმა დაარწმუნეს გოგონების დედა, რომ დაავადებული შვილების გვერდით მის ჯანმრთელ ქალიშვილებს კარგი მომავალი არ ელოდათ. არწმუნებდნენ, რომ არცერთი საქმრო არ ისურვებდა ასეთი ოჯახიდან ცოლის მოყვანას. მოკლედ, ჯანმრთელი ქალიშვილები რომ არ დაზარალებულიყვნენ, ავადმყოფი დები ფსიქიატრიულში გამოკეტეს.
იმ დროს ნერისა 20-ის, კეტრინი კი 15 წლის იყო. იმავე პერიოდში ფსიქიატრიულში მოხვდნენ მათი ბიძაშვილებიც დედის მხრიდან - დები. 29 წლის იდონეა, 27 წლის როზმარი და 19 წლის ეთელრედი. როგორც ჩანს, ეს გენი ლორდ კლინტონისა და მის ცოლის შთამომავლობაში გავრცელდა.
დავუბრუნდეთ ისევ ნერისასა და კეტრინს. თავიდან მათ კლინიკაში დედაც აკითხავდათ და დებიც. 1960 წლიდან კი ნელ-ნელა მიივიწყეს. დედაც გაედაეცვალათ, კლინტონებმა კი ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს. მათთვის დახმარების ხელი არასოდეს გაუწოდებია მამიდას, დედა-დედოფალს და მამიდაშვილს, ელისაბედ მეორეს.
1986 წელს ნერისა 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მხოლოდ კლინიკის პერსონალი დაესწრო. საგვარეულო აკლდამის ნაცვლად ნერისა კლინიკის სასაფლაოზე დაკრძალეს და მემორიალის ნაცვლად მის დაფლავზე პლასტიკატის დაფა აღმართეს შესაბამისი ნომრით.
დედა-დედოფალს უფრო ღირსეული საფლავისთვის ფული და ყურადღება არ გამოუჩენია. იგივე მიდგომა გამოიჩინა ელისაბედ მეორემაც. თუმცა, როგორც კი ჟურნალისტებმა ხმაური ატეხეს, ნერისას საფლავზე მემორიალური დაფაც გაჩნდა.
ამ დროს კეტრინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ჟურნალისტებმა მასთან შეხვედრა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მოგვიანებით ამ კლინიკის პერსონალი მოძებნეს და ღია ეთერით ალაპარაკეს. როგორც ზედამხედველები იხსენებდნენ, დები არასდროს გახსენებია არავის. "საკუთარი ტანსაცმელიც არ გააჩნდათ. ნერისა და კეტრინი ყოველთვის აცნობიერებდნენ, თუ ვინ იყვნენ მათი ნათესავები. ლაპარაკი არ შეეძლოთ, მაგრამ გარემოზე რეაგირებდნენ და ბევრი რამ ესმოდათ. იცოდნენ, ვინ იყო მათთვის დედოფალი” - იხსენებდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
2014 წელს 87 წლის ასკში გარდაიცვალა კეტრინი. ვინ დაესწრო მის დაკრძალვას, ეს ჟურნალიტებმა ვერ დაადგინეს.