მომღერალ ნინო ჩხეიძისთვის ბავშვობა იყო ის პერიოდი, როდესაც ყველა წვრილმანი აბედნიერებდა. რა ანიჭებს დიდ სიხარულს დღეს, რითია გატაცებული და რატომ არ ცდილობს ვინმეს შეცვლას? - მომღერალი ამ და სხვა თემებზე გვესაუბრა.
- "როდესაც ირგვლივ ყველაფერი საოცარია და გაოცებას არაფერი იწვევს, ეს არის კიდეც ბავშვობა" (ანტუან დე რივაროლი).
- მართლაც, საოცარი პერიოდია ბავშვობა და ყველას გვენატრება. თუმცა შეგვიძლია, ის საოცარი წუთები და საათები დავაბრუნოთ. ეს დამოკიდებულია ჩვენს ფიქრებსა და ხედვებზე; იმაზე, თუ როგორ შევხედავთ სამყაროს. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ბავშვურად გვიხაროდეს ყველაფერი, ერთი კანფეტის ჩუქებაც კი. მახსოვს, მანდარინი რომ შემოდიოდა და იმ პერიოდში სტუმრად წავიდოდით სადმე, ეს განსაკუთრებულად მიხაროდა, რადგან შემეძლო იქაც მეჭამა. განა სახლში არ გვქონდა, მაგრამ მაინც. ბავშვობა ხომ ის პერიოდია, როდესაც ყველა წვრილმანი გაბედნიერებს. ბევრ სიხარულს ვუსურვებ ყველას.
- "დედობა შესანიშნავი და ჯადოსნურია, მაგრამ ძალიან დამღლელი" (სკარლეტ იოჰანსონი).
- არ ვეთანხმები ამ გამონათქვამს. არა მგონია, ვინმესთვის დამღლელი იყოს დედობა. შეიძლება, ვისაც 6 და 7 ბავშვი ჰყავს, ის გადაღალოს ყოველდღიურმა საქმიანობამ, მე ერთი შვილი მყავს და პირიქით, ვინც მიყვარს, მათზე ზრუნვა დიდ ენერგიასა და ძალას მაძლევს. შეიძლება, ეს რუტინაა, მაგრამ გსიამოვნებს. შვილთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მკაცრი დედა არ ვარ, თუმცა, ამის მიუხედავად, მარიკოს ჩემი დიდი რიდი აქვს.
- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).
- სწორად არის ჩამოყალიბებული - სამართლიანობა, მშვენიერების აღქმა და მუდამ კარგის სურვილი უნდა გახლდეთ ცხოვრების მიზანი. მიზანმიმართული უნდა იყო საქმეზე, წინსვლაზე ორიენტირებული, სხვებს არ უნდა ედრებოდე და ბაძავდე, ინდივიდუალობა უნდა შეინარჩუნო.
- "ერთადერთი გზა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, არის ჭამო ის, რაც არ გიყვარს, დალიო ის, რაც არ მოგწონს და აკეთო ის, რაც არ გინდა" (მარკ ტვენი).
- ნაწილობრივ ვეთანხმები მარკ ტვენს (იცინის). ჩვენი სიძლიერეც იმაშია, რომ საკუთარ თავს მოვერიოთ და ეს ყველაფერი ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ. უკვე აღარ მიყვარს მაწონი, კიტრი და მოხარშული ქათამი, მაგრამ საჭიროა და ვჭამ. სამაგიეროდ, იმ შედეგით ტკბები, რაც სწორ კვებას მოაქვს. ჯანმრთელი და ლამაზი რომ ხარ, ეს ხომ გიხარია. ამიტომაც უნდა ვაჯობოთ სურვილებს და მათზე მაღლა დავდგეთ, მაშინ ასე აღარ დავიტანჯებით დიეტებით.
- "ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).
- ეს ალბათ ინდივიდუალურია. ბევრი ქალი ვიცი, ვისაც მოსწონს სხვაზე ზრუნვა, გადაყოლილები არიან ქმარზე, შვილებზე. პატარაობიდან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა თვითონაც ძალიან ყურადღებიანი ვარ სხვების მიმართ.
- "კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მუდმივად იმედგაცრუებული რჩება" (აინშტაინი).
- მგონი აღარავის აქვს იმის ილუზია, რომ ვინმე შეიცვლება. ხასიათი რაც გაქვს, ასეთივე იქნები მთელი სიცოცხლე და შესაბამისად, არ ვცდილობ ვინმეს გამოსწორებას ან შეცვლას. ყველას ისეთს ვიღებ, როგორებიც არიან.
განაგრძეთ კითხვა