სიახლეებიკალეიდოსკოპი
მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული საბავშვო ბაღები - ტოპ-10
მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული საბავშვო ბაღები - ტოპ-10
ეს საბავშვო ბაღები ყველაზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ არქიტექტურიდან დაწყებული სწავლების ფორმით დამთავრებული, ყველაფერი ბავშვების გართობაზე, შემეცნებაზე, უსაფრთხოებაზე და გახალისებაზეა გათვლილი.

ფუჯის ბაღი, იაპონიაშია, ტოკიოში. შენობის ავტორი ტაკახარუ ტეძუკაა. ბაღს ოვალური ფორმა აქვს და ორი იარუსი. ქვედა სართულზე სასწავლო კლასებია, ზედა სართული კი ამავდროულად კარგად შემოღობილი და დაცული სახურავია და სათამაშო მოედნად გამოიყენება. სასწავლო ოთახებს მხოლოდ სამი მხრიდან აქვს კედლები, მეოთხე მხარე ღიაა, შიდა ეზოში გადის და ბავშვებს როცა უნდათ, ეზოში გადიან. ოვალური ფორმაც ბაღს ტყუილა როდი აქვს _ ბავშვებს
წრეებზე სირბილი უყვართ და არქიტექტორმა ამის შესაძლებლობა მისცა.
mshoblebi

მომავლის ბაღი დუბაიშია, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და მაღალტექნოლოგიური საბავშვო ბაღია. ამ ბაღში ყველაფერია იმისთვის, ბავშვებმა აქტიურადაც ითამაშონ და კომპიუტერული ინოვაციებიც აითვისონ. შენობაში არ არის ბარიერები და ისეთი გარემოა, ბავშვები თავისუფლად გადაადგილდებიან და ერთმანეთთანაც თავისუფლად ურთიერთობენ.
mshoblebi

ტაკა-ტუკა-ლენდი ბერლინშია, გერმანიაში. საბავშვო ბაღის ნაგებობის ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ ბავშვები ძალიან მოძრავი არსებები არიან, ამიტომ პირველ რიგში აქ უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნეს. ყველგან რბილი ზედაპირია (იატაკის გარდა) და არ არსებობს მახვილი კუთხეები. ბაღში ბატუტები, საქანელები და სასრიალოებია და ხშირად ტაკა-ტუკა-ლენდს ჯადოსნურ ქვეყანასაც ამსგავსებენ ხოლმე.
mshoblebi

კაციეს ბაღი გერმანიის ქალაქ ვოლფარსტვეერშია. შენობა თეთრ კატას ჰგავს, რომელიც თითქოს გადმოსახტომად ემზადება. ამ შენობის დანახვისთანავე ბავშვები კარგ ხასიათზე
დგებიან. "კატაბაღის" შექმნის იდეა მწერალსა და ილლუსტრატორ ტომი უნგერერს და არქიტექტორ აილე-სიუზან იონდელს ეკუთვნით. კატა მართლა ნამდვილს ჰგავს _ მისი "ენა" წითელი ხალიჩაა, რომლითაც ბავშვები შიგნით შედიან. კატის "თათები" სათამაშო სივრცეა. "მუცელში" კი სამუშაო ზონები აქვს _ სასწავლო კლასები, სასადილო, გასახდელი. "თავში" სათამაშო სივრცეა, რომელიც კატის "თვალებით" კარგად არის განათებული. კატას აქვს ასევე "ბეწვი" - სახურავზე დარგული ბალახი.
mshoblebi
აადჰარშილა ვატიკა ინდოეთში, ნიუ-დელიში მდებარე ბაღის სახელია. ამ ბაღს ბავშვების ედემის ბაღსაც უწოდებენ ხოლმე. გარეგნულად ნამდვილ თავსატეხს ჰგავს და გარეთაც და შიგნითაც სივრცე მთლიანად ბავშვებზეა მორგებული _ მათ თამაშსა და ცნობისმოყვარეობას უწყობს ხელს. კედლებზე და იატაკზე აღმოაჩენთ რკინიგზის რელსების ნაკვალევს, ბრაილის შრიფტის ანაბეჭდებს და სხვადასხვა გრაფიკულ გამოსახულებას. ნავიგაცია, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევით შექმნეს არქიტექტორებმა, ბავშვებს ეხმარება, სივრცეში ორიენტირება ადვილად შეძლონ, ფერები და უჩვეულო დეტალები, ავეჯი კი თურმე ძალიან ახალისებს მათ და თამაშისა და სწავლის მოტივაციას მატებს.
mshoblebi

საბავშვო ბაღი კობე დანიაშია, კოპენჰაგენში და ხშირად ბავშვთა სოფელს უწოდებენ. ბაღის შენობებს არ აქვს კუთხეები და ქოხებს უფრო ჰგავს მისი სხვადასხვა ნაწილი. შენობები ერთმანეთს ტერასებით უკავშირდება. ეზოში დიდი ქვიშის მოედანი, სასრიალო და მინიატურული გზაა სათამაშო მანქანებისთვის.
mshoblebi

პაჟოლის ბაღი საფრანგეთშია, პარიზში და ბავშვების საყვარელი ადგილია, სადაც თავმოყრილია უამრავი რამ, რაც პატარებს იტაცებთ. აქ არასდროს არავინ იწყენს, მუდამ მხიარულებაა. ყველაფერი ფერადი და სახალისოა.
mshoblebi

ტრომსის ბაღი ნორვეგიაშია. კედლებში ნახვრეტები ისეა გამოჭრილი, ერთდროულად ფანჯრებიცაა და კარებიც. ასეთი განლაგება უადვილებს პატარებს კლასებს შორის გადაადგილებას. ბაღში ბევრი საინტერესო კუთხეა ბავშვებისთვის, საიდუმლო გასასვლელები, გამოქვაბულები, ფერადი სამალავები.
mshoblebi

ლუპის ბაღი ჩინეთის ქალაქ ტიანძინშია. ეს ბაღიც ისეა მოწყობილი, ძალიანაც რომ მოინდომონ, ბავშვს კუთხეში ვერ დააყენებენ _ ბაღს მრგვალი ფორმა აქვს და კუთხეები არ არსებობს. ბავშვებს აქ ბევრი საყვარელი ადგილი აქვთ, თუმცა ყველაზე მეტად მოსწონთ თურმე სახურავზე თამაში, სადაც ხელოვნური გაზონია და რა თქმა უნდა, სივრცე ყველანაირად დაცულია.
mshoblebi

ნუბო ავსტრალიაშია, სიდნეიშია და ისიც ერთ-ერთ საუკეთესო ბაღად მიიჩნევა. ამ სივრცეში ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვი გაერთოს, იცელქოს, იკითხოს და თამაშთან ერთად საინტერესო რამეებიც ისწავლოს. არქიტექტორებმა ისე დაგეგმეს შენობა, რომ იყოს ბევრი სინათლე და თავისუფალი სივრცე. ყველაზე მეტად ბავშვებს შუშის ბურთები მოსწონთ, რომლებშიც შეუძლიათ წაიკითხონ, დაათვალიერონ წიგნები.
mshoblebi

ბეჭდვა