არ მეგულება საქართველოში მეტ-ნაკლებად სპორტში ჩახედული ადამიანი, ნონას ხსენებისას, ვერ მიხვდეს, ვის შესახებაა საუბარი. ნონა გაფრინდაშვილი ქართველი ქალის გამარჯვების სიმბოლოა. 3 მაისს მას 80 წელი შეუსრულდა.
- რა თქმა უნდა, 80 წელი საკმაოდ ბევრია, მაგრამ იცით, ამ დრომ წარმოუდგენლად, ისე სწრაფად გაირბინა, რომ პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, ვერც შევამჩნიე. მე საერთოდ, ზამთარი არ მიყვარს და ზამთარი რომ მიილევა ხოლმე, მერე დანარჩენი დროც უცბად გარბის და უკვე ახალი წელიც მოდის. სულ ვამბობ, რომ ამ ტემპში რაღაცების გაკეთებას ვერ ვასწრებ... რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ვიყო, ოღონდ - მანამდე, ვიდრე აზროვნება და სიარული შემეძლება. დღეისთვის კი მადლიერი ვარ უფლისა იმისთვის, რაც მომცა.
- ამბობდით, თავიდანვე ისეთი აზარტული და ნიჭიერი ვიყავი, ჭადრაკში თუ არა, სპორტის რომელიმე სხვა სახეობაში მაინც მივაღწევდი წარმატებასო. თქვენს შვილს, დათოს თუ გამოჰყვა დედის გენი?
- ნაწილობრივ ალბათ კი. დათო თავიდან ჩოგბურთზე შევიყვანე, მაგრამ ჯანმრთელობის გამო დაანება თავი. მერე ფეხბურთმა გაიტაცა და ეზოში თანატოლებთან ერთად ძალიან კარგადაც თამაშობდა. ჩვენს ეზოში მურთაზ ხურცილავა ცხოვრობს და მის ბიჭსა და დათოს თავ-თავიანთი გუნდები ჰყავდათ. თუმცა, ეს მაინც ჰობი იყო. ყველაზე მეტად კი ცეკვა უყვარდა, სულ მეჩხუბებოდა, ცეკვაზე შემიყვანეო, მაგრამ ყოველთვის ვერ გამოიცნობ, ბავშვის ბუნებრივი ნიჭი რომელი მიმართულებით უნდა წარმართო. ახლა რომ ვუკვირდები, უნდა დამეჯერებინა. ისეთი პლასტიკურია, ნამდვილად კარგი მოცეკვავე დადგებოდა მისგან.
- შვილიშვილები რამდენი გყავთ და როგორი ბებია ხართ?
- შვილიშვილი ორი მყავს, ბიჭები. უფროსი 27 წლისაა, მადრიდში დაამთავრა ინსტიტუტი და ახლა საქართველოშია. რაც შეეხება უმცროსს, ის ჯერ სკოლის მოსწავლეა, მეცხრე კლასშია. ბებიობაზეც გეტყვით - მე საერთოდ, დედაჩემს ვგავარ, კონფლიქტი და ჩხუბი არ მიყვარს. თუ რაღაცა არ მომწონს, შეიძლება რბილად ვუთხრა ვინმეს, საყვედურის მაგივრად.
- რძალთან როგორ ააწყვეთ ურთიერთობა?
- ვიცი, რასაც გულისხმობთ და შემიძლია გითხრათ, რომ ტყუილად დამისვით ეგ კითხვა: უკვე აღვნიშნე, რომ დედაჩემის ხასიათი გამომყვა. იცით, მე ხუთი ძმა მყავდა, შესაბამისად, დედასაც ამდენივე რძალი ჰყავდა და ყველა გიჟდებოდა მასზე, ისე უყვარდათ. თანაც, სულ მოგზაურობაში ვიყავი სხვადასხვა ტურნირზე. ასე რომ, ჩვენს ოჯახში რძალ-დედამთილის პრობლემა არასდროს არ ყოფილა.
- თქვენი მოგზაურობების შესახებაც მინდა გკითხოთ. მატჩები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის დაახლოებით თვე-ნახევარი გრძელდებოდა. მანამდე საჭირო იყო ამ მატჩისთვის მომზადება. ამას ემატებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირებისას, ე.ი. დიდი ხნით ტოვებდით თბილისს. თქვენი მეუღლე, ბატონი ლერი როგორ ეგუებოდა ამას?
- ლერი ძალიან გამგები ადამიანი იყო. თავიდანვე იცოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი მოჰყავდა ცოლად და ზოგჯერ დიდი ხნით არ ვიქნებოდი შინ. როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო, თუნდაც თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, და არასდროს არავითარი პრობლემა არ შემქმნია. ლერი რომ ასეთი მეუღლე არ ყოფილიყო, ეს აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენდა ჩემს სპორტულ შედეგებზე.
განაგრძეთ კითხვა