მსოფლიოს ნომერ პირველ, ფერადკანიან მოდელს, ნაომი კემპბელს 50 წლის ასაკში პირველი შვილი შეეძინა.
ამის შესახებ თავად მოდელი ავრცელებს ინფორმაციას სოციალური ქსელით. ფოტოზე დედის ხელებში მოქცეული ახალშობილის ფეხებია აღბეჭდილი, თავდ ახალბედა დედა კი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პატარა, ლამაზმა არსებამ მე ამირჩია დედად და მისი პაწაწინა სული შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. არ არსებობს სიტყვები, რომელიც აღწერს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს!“
ბავშვის სახელი და სქესი ნაომიმ საიდუმლოდ დატოვა, ასევე უცნობია ვინ არის მამა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს, 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუს ოლიგარქ ვლადისლავ დორონინს დაშორდა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ფართო მასებისთვის ცნობილი რაიმე სიახლე არ გამხდარა, როგორც ჩანს, მოდელი თავს არიდებდა ამ თემაზე საუბარს და საზოგადოებაშიც მარტო ჩნდებოდა ხოლმე.
ცნობისათვის, ნაომი კემპბელ პირველი შავკანიანი გოგონაა, რომელიც ფრანგული და ინგლისური "ვოგისა" და "თაიმის" გარეკანებზე გამოჩნდა. 1970 წლის 22 მაისს ინგლისში დაბადებულმა გოგონამ, აფროამერიკული და ჩინურ-იამაიკური ფესვებით, 15 წლიდან დაიწყო მოდელობა. დედამისი იამაიკელი მოცეკვავე ვალერი მორისი იყო, მამა კი ნაომის არასოდეს უნახავს. მან დედამისი ორსული მიატოვა და დედის თხოვნით, ნაომის არც არასდროს გამოუთქვამს მამის გაცნობის სურვილი. მამინაცვლის გვარი აიღო და ასე გაიცნო საზოგადოებამ.
წარმატების პიკზე, როცა ყველაზე მოთხოვნად მოდელებს შორის იყო, ჰქონდა ბევრი სკანდალი მამაკაცებთან, ნარკოტიკებთან, ასევე ძალადობასთან დაკავშირებით - მოახლეები და ასისტენტები უჩიოდნენ აგრესიული გამოხტომების გამო. მოგვიანებით აღნიშნა, რომ მიატოვა ნარკოტიკებიც, სიგარეტიც და ახალი ცხოვრება დაიწყო... ახლა კი აღმოჩნდა, რომ 51 წლის იუბილემდე საკუთარ თავს ასეთი საოცარი საჩუქარიც გაუკეთა.
თეკლა ჟვანია