ეკონომიური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები დღემდე ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველები ემიგრაციაში მიდიან.
ვინც არასოდეს ყოფილა ემიგრანტი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება.
გთავაზობთ ჩვენი მკითხველის წერილს, რომელმაც თავის თავზე გამოსცადა ემიგრანტობის მძიმე ტვირთი.
„როდესაც ჩემმა 3 წლის შვილმა ქუჩაში ხელი კამფეტისკენ გაიშვირა და მე მისი ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა პირველად მაშინ დავფიქრდი ქვეყნიდან წასვლაზე.
ემიგრაციაში მეგობრისგან ნასესხები ფულით და ნათხოვარი ჩანთით წავედი.
გამთენიისას ბოლოჯერ ვაკოცე შუბლზე ჩემს შვილს და კარი გამოვიხურე.
ვერ აგიღწერთ მაშინდელ ჩემს ემოციებს. მაშინ შინაგანად მოვკვდი.
უცხო ქვეყანაში ყველაზე მეტად მარტოობა გიმძიმს, უფრო მძიმე ტვირთი კი შენი შვილის, შენი სულის ნაწილის გარეშე ყოფნაა.
მისი ხმა, მისი სუნი მელანდებოდა ყველგან. მისი ასაკის ბავშვებს რომ ვხედავდი, ცრემლების შეკავება მიჭირდა.
მეც ის გზა გავიარე, რასაც ემიგრანტთა უმრავლესობა გადის: დამცირება, შეურაცხყოფა, სამსახურიდან სამსახურში კარდაკარ მათხოვრად ყოფნა... მაგრამ, უფალი მოწყალეა, რამდენიმე თვეში, ჩემი მეგობრის დახმარებით, ვიპოვე ძალიან კარგი ოჯახი, სადაც ბავშვების მომვლელი ესაჭიროებოდათ.
ვიფიქრე, 1-2 წელი დავრჩები, ცოტა ფულს დავაგროვებ, რომ მე და ჩემმა შვილმა დაყვედრების გარეშე ვჭამოთ ლუკმა... თუმცა ასე შემომეპარა მე-13 წელი. უცხო ქვეყანაში, სხვის ოჯახში, სხვის შვილებთან 13 წელი ვიმუშავე, ისინი გავზარდე ჩემსას კი დედის სითბო და ალერსი მოვაკელი.
13 წელი ჩემი შვილის გარეშე. ყველაფერი გამოვტოვე... ყველაფერმა უჩემოდ ჩაიარა.
რთული აღმოჩნდა დედა-შვილობა დისტანციურად.
ასაკში შესულ დედაჩემს მძიმე ტვირთი დავაკისრე, ჩემზე და ჩემს შვილზე ჯავრი ჩავაყოლე საფლავში.
დავბრუნდი...
13 წლის შემდეგ, როდესაც პირველად ვნახე ჩემი შვილი და მომეცა საშუალება გულში ჩამეკრა, მეორედ მოვკვდი... ვიგრძენი, სრულიად უცხო ადამიანის, უკვე ჩამოყალიბებული პიროვნების ჩემ მიმართ გამოხატული დისტანცია, რომლის შეფარვას და დამალვას ასე საგულდაგულოდ ცდილობდა.
ყველაზე დიდი ტკივილია დედისთვის შვილის გაუცხოება.
ჩვენს შორის დისტანციამ უფსკრული გააჩინა და თითქოს სხვადასხვა ნაპირებზე აღმოვჩნდით.
ჩემს შვილს შევუქმენი მატერიალური კეთილდღეობა, მაგრამ მასაც და ჩემს თავსაც მოვაკელი მთავარი - ერთად ყოფნის წლები, წლები, რომელსაც უკან ვერ დავიბრუნებ და ვერასდროს ვერ ავანაზღაურებ.
მეც და ჩემი შვილიც თავიდან ვსწავლობთ ერთმანეთს, ერთად თანაცხოვრებას.
ვიცი ახლა ამ გზას ბევრი გადის, ბევრი სასოწარკვეთილი და შეშინებული დედა. ეს გმირობაა. ყველა დედა გმირია, ვისაც შვილი ჰყავს დატოვებული. ეს ტკივილზე უარესია, ვერასოდეს რომ შევეჩვევი, ისეთი.
უფალს შევსთხოვ, ყველა ემიგრანტ დედას მიეცეს ძალა, რომ ამ მტანჯველ ცხოვრებას გაუძლოს.“